in

ალტე უნივერსიტეტის სასკოლო Start-up მარათონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თბილისში, ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული მასშტაბური სასკოლო Start-up მარათონი დასრულდა. ფინალურ ღონისძიებაზე 500-მდე მოსწავლის მონაწილეობით შექმნილი ინოვაციური იდეები იქნა წარმოდგენილი და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. საკუთარი რჩეული გუნდები დაასახელეს ჟიურის წევრებმა, რომლებიც ღონისძიების მხარდამჭერი კომპანიების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. გაგაცნობთ გამარჯვებულ პროექტებს:

ალტე უნივერსიტეტის რჩეული გახდა გუნდი Polymorph. შემადგენლობა: დემეტრე არდოტელი, გიორგი მიქიაშვილი, ირაკლი მექვაბიშვილი, იაშო გელენიძე.

Entrepreneur-ის რჩეული გუნდებია:

G-AID – თემიკო მაჭავარიანი, ბაგრატ დავითაშვილი, ალექსანდრე თედიაშვილი, საბა მაჭავარიანი.

Astrobrain – თენგო კიტრიაშვილი, ნათია კურტანიძე, დავით ჯაჭვაძე.

სივრცე/Sivrce – ავტორები – გუგა მუჩიაშვილი, ანა ერისთავი.

GITA-მ გამოარჩია შემდეგი ოთხი პროექტი:

G-AID – თემიკო მაჭავარიანი, ბაგრატ დავითაშვილი, ალექსანდრე თედიაშვილი, საბა მაჭავარიანი.

Polymorph – დემეტრე არდოტელი, გიორგი მიქიაშვილი, ირაკლი მექვაბიშვილი, იაშო გელენიძე.

Aquaguard – სანდრო გეგეჭკორი და გიორგი გეგეჭკორი.

სივრცე/Sivrce – გუგა მუჩიაშვილი, ანა ერისთავი. ეს გუნდი, ასევე, TBC-ის რჩეულიც გახდა.

უკვე მესამე წელია, ალტე უნივერსიტეტი ახალგაზრდა ინოვატორებს აძლევს შესაძლებლობას, განავითარონ ანტრეპრენერული აზროვნება და იმუშაონ რეალურ გამოწვევებზე. წლევანდელი მარათონი TBC for Youth, TBC for Business, Entrepreneur Georgia და GITA Tech Park-ის მხარდაჭერით ჩატარდა.

მარათონის დასაწყისში დიდი კონკურენცია გამოვლინდა ინოვაციური და ტექნოლოგიური იდეების მიმართულებით. შერჩეულმა მონაწილეებმა გაიარეს ინტენსიური ტრენინგ სესიები, სადაც მიიღეს მნიშვნელოვანი ცოდნა ბიზნესის მართვის, ფინანსური დაგეგმვის, ინოვაციური პროექტების განვითარებისა და გუნდური მართვის მიმართულებით.

გარდა ამისა, მონაწილეები პროფესიონალი მენტორების დახმარებით მუშაობდნენ საკუთარი პროექტების დახვეწაზე. მენტორინგის ეტაპი მოსწავლეებს საშუალებას აძლევდა, გაეზიარებინათ წარმატებული სტარტაპერების გამოცდილება, დაეხვეწათ ბიზნესმოდელები, გაეუმჯობესებინათ ოპერაციული პროცესები და ჩაეტარებინათ პოტენციური ბაზრის ანალიზი.

გიორგი მიქიაშვილი, Polymorph-ის გუნდის წევრი: „ძალიან ვამაყობთ საკუთარი თავით და მადლიერი ვართ „ალტე უნივერსიტეტის“ და იმ კომპანიების, რომელთა წარმომადგენლებიც იყვნენ ჟიურის შემადგენლობაში. ჩვენი იდეა არის პოლიმორფი, პლასტმასის გადამდნობი დანადგარი, რომლის დახმარებითაც პლასტმასს ვადნობთ და შესაბამის ყალიბებში ვანაწილებთ. ეს გვეხმარება პლასტმასას გასამუშავებით ახალი ნაწარმის მიღებაში და ბუნებასაც ვუწყობთ ამით ხელს“.

ფინალურ ღონისძიებაზე შერჩეულმა გუნდებმა თავიანთი Start-up იდეები ჟიურის წინაშე წარადგინეს. პროექტები ფასდებოდა სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, მათ შორის: პროექტის ინოვაციურობა, იდეის უნიკალურობა, ბაზარზე დანერგვის შესაძლებლობა, სამიზნე ბაზრის ზომა, ზრდის პოტენციალი და პროექტის ბიუჯეტი.

ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა, დავით კიკვიძემ აღნიშნა:სტარტაპ-ეკოსისტემა არის ნებისმიერი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რაზეც დგას თანამედროვე ეკონომიკა. „ალტე უნივერსიტეტი“ და ბიზნესსკოლა ამას კარგად ვაცნობიერებთ და ჩვენი პროგრამებიც მორგებულია, რათა განვავითაროთ სამეწარმეო უნარები ახალგაზრდებსა და სტუდენტებში. სწორედ ამას ემსახურება სტარტაპ-მარათონი, რომ საწყის ეტაპზევე დავნერგოთ მეწარმეული უნარები, ტექნოლოგიებისადმი მიდრეკილება და დღეს, მივიღეთ ის მნიშვნელოვანი შედეგი იმით, რომ უამრავი ახალგაზრდაა დაინტერესებული და აქტიურადაა ჩართული ამ მიმართულებაში. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს წარმოდგენილი იდეების უმრავლესობა ხორცს შეისხამს და რეალურ პროექტებად ჩამოყალიბდება.“

ფინალური შეფასების შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები, რომლებმაც მიიღეს პრიზები:

  • ალტე უნივერსიტეტის რჩეული გუნდი მიიღებს „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის“ მხარდაჭერას, რაც მოიცავს უფასო ბიზნესკონსულტაციას, ინვესტორებთან დაკავშირებასა და სტარტაპის განვითარების მხარდაჭერას.
  • თიბისის რჩეული გუნდი დაჯილდოვდა ფულადი პრიზით, რომელიც მათ იდეის რეალიზაციაში დაეხმარება.
  • Entrepreneur Georgia-ს რჩეული პროექტი მიიღებს მედიამხარდაჭერას, რაც მათ ცნობადობასა და პოტენციური პარტნიორების მოძიებაში დაეხმარება.
  • GITA Tech Park-ის რჩეული გუნდი დახმარებას მიიღებს პროტოტიპის შექმნაში, რაც მათ საშუალებას მისცემს, მოახდინონ საკუთარი იდეების ვალიდაცია და გადადგან აქტიური ნაბიჯები პროდუქტის ბაზარზე გასაშვებად.

აღსანიშნავია, რომ წინა წლების მარათონების გამარჯვებულებს უკვე აქვთ მნიშვნელოვანი წარმატებები. 2022 წლის მარათონის ფინალისტი ზურა წიკლაური მოგვიანებით GITA-ს 150,000-ლარიანი საგრანტო პროგრამის ფინალისტიც გახდა. ასევე აღსანიშნავია გუნდი „Robobook”, რომელმაც 2022 წლის მარათონში TBC-ის გრანტი მოიპოვა და დაიწყო ინტერაქტიული წიგნის შექმნა რობოტიკის სწავლის ინოვაციური მეთოდით.

2023 წლის გამარჯვებული გუნდები “Robofarmia” და „DIDOSTATY” გახდნენ. “Robofarmia”-მ TBC-სგან 5000 ლარი და ალტე უნივერსიტეტისგან დამატებითი ფულადი პრიზი მიიღო. „DIDOSTATY”-ს წევრები კი უნივერსიტეტის სასწავლო გრანტით დაჯილდოვდნენ, ხოლო GITA მათ პროტოტიპის დამუშავებასა და სხვადასხვა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაში დაეხმარა.

ალტე უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელმა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დეკანმა რუსუდან სანაძემ აღნიშნა: „ალტე უნივერსიტეტის START-UP მარათონი სწორედ იმ გარემოს ქმნის, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ, იდეიდან რეალურ პროდუქტამდე განავითარონ საკუთარი პროექტები. ეს არ არის მხოლოდ შეჯიბრი – ეს არის პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც მოსწავლეებს იდეიდან მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტების შექმნის გზის სრულ ციკლს გაატარებს.“

ლევან გობეჯიშვილი, თიბისი: „დღევანდელ კონკურსში მონაწილე მოსწავლეები ძალიან მაგრები არიან, რადგან სწავლის პარალელურად, ფიქრობენ სხვადასხვა ბიზნესიდეაზე, გლობალური თუ ადგილობრივი პრობლემის მოგვარებაზე, ადამიანების ცხოვრების გამარტივებაზე და ეს ჩემი აზრით, ძალიან დასაფასებელია. დღეს, ვხედავთ მოაზროვნე ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ქვეყნის მომავალი. ვფიქრობ, ეს პროექტი მათ ძალიან დიდ მოტივაციას მისცემს და ხელს შეუწყობს შემდგომ განვითარებას“.

ალექსანდრე სირაძე, Entrepreneur: „Entrepreneur-ის გუნდი მოხარული ვართ, რომ აქტიურად ვართ ჩართული ამ ღონისძიებაში. წელს, კიდევ უფრო უკეთესი ნაკადი იყო და ჟიურის წევრებს ძალიან გაგვიჭირდა საუკეთესოების არჩევა. ვფიქრობთ, სკოლის მოსწავლეებს მნიშვნელოვნად გამოადგებათ აქ მიღებული გამოცდილება.“

წლევანდელი მარათონის გამარჯვებულებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, განავითარონ თავიანთი პროექტები და, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, რეალურ ბიზნესად აქციონ ინოვაციური იდეები.

სასკოლო Start-up მარათონი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში ახალგაზრდა მეწარმეების და ინოვატორების მხარდასაჭერად, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებას.

[R]

HR Tech Club – ახალი ეტაპი HR ინდუსტრიის განვითარებაში

AI შეცდომები, რომლებსაც სამსახურის ძიებისას უშვებთ