ადამიანის გონება სავსეა იდეებით — როგორც ჯერ არ დაბადებულ-განხორციელებულით, ისე უკვე სრულყოფილით. უბრალოდ, თითოეულ მათგანს „პოვნა“ უნდა, რათა ფიქრებში გაჩენილი აზრები რეალობად ვაქციოთ. სწორედ ამას უკავშირდება ალტე უნივერსიტეტის სასკოლო Start-up მარათონი, რომელიც უკვე მეორედ იღებს სტარტს და სკოლის მოსწავლეებს უნიკალურ შანსს აძლევს, რათა ყველაზე დაუჯერებელი იდეები განახორციელონ.
განსაკუთრებული კონცეფციის მქონე მარათონის მიზანია, სკოლის მოსწავლეებს (მე-10, მე-11, მე-12 კლასელებს) მეწარმეობისთვის საჭირო უნარების განვითარებაში დაეხმაროს და დაანახოს, რომ ყველა უნიკალური, ინოვაციური იდეა აუცილებლად უნდა „გაცოცხლდეს“. მარათონის ორგანიზებაში ალტე უნივერსიტეტის ორი სკოლაა ჩართული: ბიზნესის და IT სკოლები.უკვე მეორედ ჩატარება კი იმიტომ გადაწყვიტეს, რომ წინა მარათონმა ნამდვილად დადებითი შედეგები გამოიღო. ინტერესიც დიდი იყო,როგორც თავად სკოლის მოსწავლეების მხრიდან, ისე ალტეს მხრიდან.
გაითვალისწინეთ, პროექტში მონაწილეობა შეგიძლიათ 3-4 მონაწილისგან შემდგარ გუნდებს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან:
I ეტაპი: განცხადების გადარჩევა;
II ეტაპი: ტრენინგები ჰიბრიდულ ფორმატში;
III ეტაპი: იდეების წარდგენა, გამარჯვებულების გამოვლენა, დაჯილდოება.
მარათონის შესახებ უფრო დეტალურად კი ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი, გიორგი აბაშიშვილი გვიყვება.
M: მოდით, პირველ რიგში გაგვიზიარეთ, რატომ უნდა დაინტერესდნენ მოსწავლეები მარათონით, რას მოიცავს ის?

ალტე უნივერსიტეტისთვის სკოლის მოსწავლეებთან მუშაობა სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს. პროექტიც მათზეა ორიენტირებული, რათა სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაში დავეხმაროთ. ზოგადად, სკოლებში სამეწარმეო კულტურის დანერგვა აუცილებელია, რადგან დღევანდელ სამყაროში მეწარმეობა თავისუფლების შესაძლებლობას იძლევა — შეუზღუდავად ავითარებ საკუთარ იდეას. მარათონის ფარგლებშიც გვსურს, მოსწავლეებს დავანახოთ, რომ ყველაფრის რეალიზება შეიძლება და რომ,ეს არის ადგილი, სადაც იდეები რეალობად იქცევა.
იმისათვის, რომ მონაწილეებმა იდეური მხარის სრულყოფა შეძლონ, მარათონი მოიცავს მენტორებთან კომუნიკაციას — იმ პროფესიონალებთან, რომლებიც სწორ სტრატეგიულ მიმართულებას მისცემენ მათ.
გარდა ამისა, საინტერესოა საბოლოო პრიზებიც:
- თიბისი ახალი თაობისთვის, თავის რჩეულ გუნდს გადასცემს 5000 ლარს;
- საინფორმაციო და სარეკლამო მხარდაჭერა Entrepreneur Georgia-ს ელექტრონულ პორტალზე;
- Start-up გარაჟის სერვისების საშუალებით ბიზნეს იდეის განვითარება;
- ალტე უნივერსიტეტის რჩეულ გუნდს სწავლის სრული დაფინანსება;
- GITA-ს მხარდაჭერა რჩეულ გუნდს, პროტოტიპის მომზადებაში.
ვფიქრობ, ამ ასაკში ადამიანები ნაკლებად არიან ჩარჩოებში ჩაკეტილები, ყველაზე კარგად ხედავენ რეალობას და ცოტა თამამად რომ ვთქვა, ყველაზე იდეალისტებიც არიან. ზოგადად, ეს იდეალიზმი აუცილებლად უნდა წავახალისოთ, ხელი უნდა შევუწყოთ და დავანახოთ, რომ ცხოვრებაში დოგმატური მიმართულების დაცვა აუცილებელი არ არის. პირიქით, ინოვაციურობა, განსხვავებული ინტერპრეტაციები და მრავალფეროვანი ხედვა მეტად წახალისებულია.
ჩვენი „მოთხოვნაც“ ასეთია — მთავარია დავინახოთ მონაწილეების დაინტერესება და მოტივაცია. სკოლის მოსწავლეობის პერიოდში ყველა ბევრი იდეით ვართ აღჭურვილი, დროთა განმავლობაში კი რაღაცნაირად „იწმინდება“ გონება. თითქოს ერთ გატკეპნილ გზას ვირჩევთ. სინამდვილეში უნდა ვდისტანცირდეთ მსგავსი აღქმისგან და გავაცნობიეროთ, რომ ერთი კონკრეტული ხაზი კი არ არსებობს, არამედ მას მრავალი განშტოება აქვს.
M: ზოგადად, მეწარმეობის კულტურის დანერგვა რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელ თანამედროვე სამყაროში?
როგორც აღვნიშნე, მეწარმეობა თავისუფლებასთან ასოცირდება. როგორც ინდივიდს, შეგიძლია, მთელი გეგმები სასურველი იდეის ირგვლივ ააგო და შექმნა ზუსტად ის, რაც გინდა და ამ დრომდე არავის გაუკეთებია. მეც არაერთხელ მქონია ისეთი შემთხვევა, სხვები რომ გეუბნებიან, ვინ უნდა გამოხვიდე, რომელი პროფესია უნდა აირჩიო… არადა შეგიძლია, სრულიად განსხვავებული, დამოუკიდებელი მიმართულებით წახვიდე.
ამ თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია, ინდივიდს ნამდვილად უნდოდეს რაღაცის შექმნა — შემოქმედებითობა და სხვა უნარები კი აუცილებლად მოვა. თუნდაც მიხვდე, რომ რაღაც ცადე და არ გამოვიდა, ეს უკვე პროგრესია. ასე სწავლობ, ვითარდები და ზუსტად იცი, რა უნდა გაითვალისწინო სამომავლოდ. ალტე უნივერსიტეტის ახალი კამპანიის სლოგანიც ამას უკავშირდება: „ცდა არ დააკლო“. მეც მირჩევნია, შეხვედრამ საშინლად ჩაიაროს, ვიდრე არაფერი გავაკეთო, უძრავად და უმოქმედოს ვიყო. ის მაინც მეცოდინება, როგორ მოვიქცე შემდგომში.
მთლიანობაში, ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული მარათონი იდეალურ შესაძლებლობას წარმოადგენს მოსწავლეებისთვის, რათა მეწარმეობის კულტურა, მასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები განივითარონ და იდეებსაც მეტი გასაქანი მისცენ…
საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ გუნდს შეუძლია მონაწილეობის მიღება, რეგისტრაცია კი მხოლოდ 16 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი და სარეგისტრაციო ფორმაც ვადის ამოწურვამდე უნდა შეავსოთ.
პროექტის პარტნიორები არიან: TBC for Youth — თიბისი ახალი თაობისთვის, სტარტაპერი — Startuperi, GITA • Tech Park და Entrepreneur Georgia.











