in

შავი მამბას ეფექტი: ალტერ ეგო თავდაჯერებულობასა და მიზანდასახულობას აძლიერებს

M2
M2

„წლების განმავლობაში, როცა ერთმანეთს რჩევას ვეკითხებოდით, მე და ჩემი შვილები ერთ დასკვნამდე მივდიოდით: როგორ მოიქცეოდა ბაბუა ჰეიდენი? ჩვეულებრივ, პრობლემასაც ასე ვჭრიდით: მამაჩემი რთულ გზას ირჩევდა და არა — მარტივ გამოსავალს“, — აღნიშნავს ჯეფ ჰეიდენი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინფლუენსერი ლინკდინზე.

შეიძლება ითქვას, „როგორ მოიქცეოდა ბაბუა ჰეიდენი“ ოჯახისთვის ერთგვარ სტენოგრამად იქცა, რათა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები რაღაც იდეაზე დაყრდნობით მიეღოთ. სხვისი პერსპექტივიდან ნაბიჯის გადადგმა თვითდისტანცირების საშუალებას იძლევა, რაც ობიექტურობას, ლოგიკურობასა და ემოციების უკეთ გაკონტროლებასაც უწყობს ხელს. „ფაქტობრივად, შევქმენით ალტერ ეგო, როგორიცაა კობი ბრაიანტის შავი მამბა — მეტსახელი, რომელიც მან საკუთარ თავს დაარქვა, რათა პრობლემებს გამკლავებოდა“.

„ჩემი სახელი უბრალოდ ნეგატიურ ემოციას იწვევს. თუ მე ვქმნი ამ ალტერ ეგოს, თამაშისას მხოლოდ ეს ახსენდებათ — შესაბამისად, ჩემს იდენტობასა და მოთამაშეს შორის ზღვარი ჩნდება“, — ამბობდა კობი. შეიძლება, უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ მეცნიერება ამტკიცებს, რომ ეს პრინციპი რეალურად მუშაობს. Advances in Experimental Social Psychology-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, პერსპექტივის მცირე ცვლილებაც კი დაგეხმარებათ სტრესისა და შფოთვის შემცირებაში. უფრო მეტ „თვითეფექტურობას“ მიიღებთ სანაცვლოდ და თავდაჯერებულობასაც იგრძნობთ.

კვლევების მიხედვით, თვითიდენტიფიცირება გვეხმარება, უფრო ფართო მოცემულობაზე ვფოკუსირდეთ; არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ ვგრძნობთ თავს კონკრეტულ მომენტში, არამედ, როგორ ვიქნებით მოგვიანებით. შედეგად, თვითდისტანცირება იწვევს უფრო მეტ თვითკონტროლსა და განსაზღვრულობას. უბრალოდ, ყოველთვის ალტერ ეგოს შექმნა არაა საჭირო. ამის ნაცვლად, ჯეფი „ილიზმზე“ საუბრობს — ეს არის ტექნიკა, როდესაც ინდივიდი თავის თავს მესამე პირში მოიხსენიებს. მსგავსი მიდგომა თვითდისტანცირების ფორმას წარმოადგენს: სიტუაციის სხვა პერსპექტივით დანახვის შესაძლებლობაა.

რა თქმა უნდა, თვითდისტანცირების გარკვეული ფორმის მიღებამ, იქნება ეს ალტერ ეგო თუ „ილიზმი“, შეიძლება მაშინვე არ იმოქმედოს. როგორც ნებისმიერ შემთხვევაში, დრო და პრაქტიკა მნიშვნელოვანია. Psychological Science-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მკვლევრებმა მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს. თითოეული მათგანი ყოველდღიურ დღიურს აწარმოებდა — აღწერდნენ, დღის განმავლობაში რა მოხდა მნიშვნელოვანი. უბრალოდ, ერთ ჯგუფში პირველი პირის ტექნიკას იყენებდნენ, ხოლო მეორეში — მესამე პირის. რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელთა მდგომარეობა გაცილებით კარგი იყო… ბევრად თავდაჯერებულად გრძნობდნენ თავს, ნებისმიერ პრობლემას უფრო ადვილად უმკლავდებოდნენ და ახალი პერსპექტივებისთვის მუდამ მზად იყვნენ.

თიბისი დაზღვევა ft. სტეფანე — საახალწლო ვიდეო

ნახეთ, პიროტექნიკის გამოყენების წინააღმდეგ მიმართული პოსტერები, ACAG-ის სააგენტოებისგან