10
აგვ
2017

Alter Way – Google-ის პარტნიორი ციფრული მარკეტინგის ქართული სააგენტო

10 აგვ 2017



ციფრული მარკეტინგის სააგენტო „ალტერ ვეი” საქართველოში 2014 წლიდან არსებობს, ხოლო მისი საქმიანობა უფრო ადრე, 2012 წელს, ამერიკულ აუდიტორიაზე მუშაობით დაიწყო. ჩვენს რეგიონში Google-ის ოთხი პარტნიორი კომპანიაა, მათ შორის არის Alterway, რომელმაც პარტნიორობა საძიებო სისტემის მარკეტინგში (Search), ასევე, Google Analytics-ში მოიპოვა. დღეისათვის, კომპანიაში 20 ადამიანი მუშაობს, კომერციულის გარდა, სააგენტო სოციალური მიზნებითაც ფუნქციონირებს და ამ გზით, არ კარგავს იდეებს, რომლებიც ამა თუ იმ პროდუქტსა თუ მომსახურებას არ უკავშირდება, თუმცა, სააგენტოში მოსწონთ და არ სურთ, განუხორციელებლად/გაუზიარებლად დატოვონ. როგორ დაიწყო „ალტერვეის” საქმიანობა, როგორ მიაღწიეს Google-თან პარტნიორობას და რა შედეგების მომტანია ეს ქართული სარეკლამო ინდუსტრიისთვის – ამ საკითხებზე მარკეტერს „ალტერვეის” ერთ-ერთი დამფუძნებელი – გიორგი რომანიძე ესაუბრა, რომელმაც სააგენტო რამდენიმე მეგობართან ერთად შექმნა. 

M: როდის დაიწყეთ საქმიანობა ციფრულ სფეროში და რა გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმენით Alter Way?
დავიწყეთ 2012 წელს, გვქონდა უცხოური, სხვადასხვა ტიპის პროექტები, მედია საიტები, შემეცნებითი, გასართობი თუ სხვა თემატიკის. ამ საიტებზე ინფორმაციას კითხულობდა ამერიკელი მომხმარებელი. დღეში, დაახლოებით, 50 ათასი ადამიანი შემოდიოდა, მასზე განთავსებულ კონტენტს ჩვენ ვიძიებდით, ვწერდით და ვათავსებდით ვებგვერდზე. ჩასმული გვქონდა „გუგლის” „ედსენსი”, რამდენიმე ათეულობით ათასი კომპანიის რეკლამა იყო განთავსებული ჩვენთან და „გუგლი” თვითონ აგენერირებდა რომელი რეკლამა ეჩვენებინა მომხმარებლისთვის, რაც, ერთი მხრივ, კონტენტზე, მეორე მხრივ კი მომხმარებლის ქუქზე იყო დამოკიდებული, ანუ მის ინტერესებზე, google-ში მოძიებული ინფორმაციის მიხედვით. კომპანიების მიერ რეკლამის განთავსების საფასურის 35%-ს იტოვებს Google და 65% გვიხდის, რადგან ჩვენს საიტზე ნახა მომხმარებელმა ეს რეკლამა. რაც შეეხება იმ მომსახურებებს, რომლებსაც ახლა ვთავაზობთ კომპანიებს, თვითონ ვისწავლეთ. 2 წლის განმავლობაში, ამ  უცხოური პროექტების პარალელურად, ვსწავლობდით, როგორ გაგვეკეთებინა ციფრული მხარდაჭერა ჩვენი პროექტებისათვის, გამოცდილებაც დაგვიგროვდა და რომ გავერკვიეთ, ვიფიქრეთ – რატომაც არა, თუ ამერიკასა და ევროპაში პოპულარულია ციფრული მარკეტინგი და ბენეფიტს იღებენ მისგან, ალბათ, მალე საქართველოშიც გამოიყენებენ კომპანიები.

M: რატომ შეარჩიეთ სააგენტოს სახელად „ალტერ ვეი”?
მომხმარებლებს, მით უფრო იმ დროს, ვთავაზობდით ალტერნატიულ გზას. ახლა, შესაძლოა ითქვას, რომ თუნდაც ამერიკაში, ციფრული მარკეტინგი უფრო სტანდარტული მიმართულებაა, ვიდრე სხვა არხები, ანუ მარკეტინგული ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ციფრულ არხებში იხარჯება და საქართველოში ნელ-ნელა მივდივართ აქამდე. როცა ჩვენმა კომპანიამ ამ გზის შეთავაზება დაიწყო საქართველოში, ეს იყო ნამდვილად ალტერნატიული გზა რეკლამისთვის, იმ დროისთვის, კომერციული შინაარსის ინფორმაცია ან ბილბორდებზე უნდა განგეთავსებინა, რადიოში ან ტელევიზიით გაგეშვა. შესაბამისად, ჩვენ ვთავაზობდით ალტერნატიულ გზას, სადაც გაცილებით უფრო დაბალ ფასად, მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის გარანტიას ვიძლეოდით. ამიტომ,  შევჯერდით „ალტერ ვეიზე”.

M: ვინ იყო თქვენი პირველი შემკვეთი საქართველოში? ამ ეტაპზე, ქართულ კომპანიებზე ხართ ორიენტირებული თუ უცხოურზე?
ჩვენი პირველი კლიენტი იყო „რონიკო”, ბევრი მცდელობის შემდეგ, დაგვთანხმდნენ და ვითანამშრომლეთ საკმაოდ წარმატებით. ფეისბუქს ვუმართავდით და როცა კონკურენცია და სოციალურ ქსელებში რეკლამაზე მოთხოვნა საერთოდ არ იყო, დაბალი ბიუჯეტით, საკმაოდ კარგი შედეგები დავდეთ. ვფიქრობ, არარეალურად მაღალი, დღევანდელი გადმოსახედიდან. ამ ეტაპზე, გვაქვს მიმდინარე ქართული და უცხოური პროექტები – ვმუშაობთ ახალ უცხოურ პროექტზე და ვთანამშრომლობთ ქართულ კომპანიებთან. საკმაოდ ბევრ დამკვეთთან გვითანამშრომლია უკვე საქართველოში, მაგალითად, „თოლია”, KFC, „მეტრა დეველოპმენტი”, „საბვეი” და ა.შ.

M: ამ ეტაპზე, კონკრეტულად, რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ მომხმარებელს?
ამ ეტაპზე, ციფრულ მარკეტინგში რაც შესაძლებელია ყველაფერს ვაკეთებთ: სოციალური ქსელების მართვა, საძიებო სისტემებთან ოპტიმიზაცია, AdWords, Display და Search, ასევე, ვიდეო ედვერთვაიზინგი. გავხდით „გუგლის” პარტნიორები და სერტიფიცირება გავიარეთ „ედვორდში” და „გუგლ ანალიტიკსში”; ვაკეთებთ იმეილ მარკეტინგს, ყველანაირად ვცდილობთ, ციფრულის გარეთ არ გავიდეთ, რადგან სპეციალიზებული ვართ ამ მიმართულებით. მომხმარებელს ვთავაზობთ ყველა ტიპის მომსახურებას, რასაც მოიცავს ციფრული მარკეტინგი. ამ მიმართულებით უფრო და უფრო მეტი კომპანია ინტერესდება და, შესაბამისად, იყენებს მას. სწორედ, ამიტომ გვინდოდა, მზად დავხვედროდით ამ მოთხოვნას ბაზარზე, რისთვისაც დავაკმაყოფილეთ გუგლთან პარტნიორობისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმი.

M: რა სტანდარტები დააკმაყოფილეთ „გუგლის” პარტნიორობისთვის და რა პლუსები აქვს საძიებო გიგანტთან თანამშრომლობას?
გუგლის პარტნიორობას აქვს კონკრეტული მიზნები, რომელბიც უნდა დააკმაყოფილო. არის ჩასაბარებელი რამდენიმე გამოცდა, ასევე, გთხოვს, რომ ყოველ სამ თვეზე დახარჯო 10 000 $ „გუგლის” რეკლამაში. გამოცდებით ის ამოწმებს რამდენად გაქვს ცოდნა, თანხის მხრივ კი, რადგანაც ამდენს ხარჯავ რეკლამაში, ე.ი ნამვილად არსებობ და რეგიონში ბევრი კომპანია გენდობა. გუგლში გვყავს საკომუნიკაციო პირი, რომელსაც შეგვიძლია მივწეროთ, ანუ, „საფორთს” აღარ ვესაუბრებით, ვესაუბრებით კონკრეტულ ადამიანს, რჩევიდან დაწყებული, პრობლემის განხილვით დამთავრებული და ეს საკმაოდ სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციაა. მეორე პლიუსი ის არის, რომ გუგლის პარტნიორების სიაში ჩანხარ რეგიონში, რაც საერთაშორისო ინვესტორებს უადვილებს გადაწყვეტილებას, ვის ენდოს ციფრული მარკეტინგის მიმართულებით რეგიონში.

M: როგორც ვიცით, გარდა კომერციული პროექტებისა, ახორციელებთ სოციალურ პროექტებსაც…
ერთ-ერთი ასეთი არაკომერციული პროექტია „აქსოლოტლი“, რომელიც საკმაოდ პოპულარულია ლიტერატურის მოყვარულებში, არის პერსონაჟი, რომელიც სწორად ცხოვრობს, ზრუნავს გარემოსა და გარშემომყოფებზე, კითხულობს ბევრს და უზიარებს შთაბეჭდილებებსა თუ ასოციაციებს თავის გამომწერებს, იმ ანიმაციებისა და ამონარიდებიის გამოყენებით, რომლებსაც ვხატავთ და ვარჩევთ. ახლა დავიწყეთ ახალი „ფეიჯი” Digital Storytelling , რომელიც, გარდა ახალი პროექტისა, არის „ალტერ ვეის” სლოგანიც. აქ გვექნება ქართული სიმღერების ილუსტრაციები, გვინდა ეს თემატიკა წამოვწიოთ. მსგავსი გვერდების შექმნით გვინდოდა, გასაქანი მიგვეცა იმ იდეებისთვის, რომლებიც არც ერთ პროდუქტთან არაა კავშირში.

M: თუ გეგმავთ ფუნქციონირების არეალის გაფართოებას ან  სხვა მომსახურებების დამატებას?
ვგეგმავთ გუგლის სხვა სერტიფიცირებების გავლას, არის სხვა მიმართულებებიც და გვინდა, სხვა მხრივაც გავხდეთ გუგლის პარტნიორი. შემდეგ, ვაპირებთ პროდაქშენის დაწყებას, რადგან სრული სერვისი გვინდა შევთავაზოთ კლიენტს. ჩვენივე დამკვეთებს სჭირებათ, მაგალითად, ვიდეორგოლის გადაღება და ჩვენი იდეით ვუშვებთ სხვასთან, რაც ძალიან არ მოგწონს, რადგან ხშირად შესრულებისას იდეა იკარგება. შესაბამისად, გვსურს პროდაქშენი თავად გავაკეთოთ.

განხილვა