in

წინასაახალწლო ფუსფუსი და გზავნილი „ალტერბრიჯისგან”, რომელიც 2023 წელს უნდა გახსნათ!

წინასაახალწლო პერიოდი იმ ემოციებთან და სურვილებთან ასოცირდება, რომლებსაც ყველანი მთელი წელი ველოდებით. საჩუქრები, ბრჭყვიალა დეკორაციები, ციმციმა ნათურები, შუშხუნები, წერილები თოვლის ბაბუას…ამ ყველაფერს თოვლიც თუ დაემატა, ნამდვილი ზღაპრული დღე დგება, რომელიც ყველას გვაერთიანებს.

ახალი წელი ის დღესასწაულია, როცა მთელი წლის გადაღლილები და მოუცლელები უფრო მეტად ვაცნობიერებთ ერთად ყოფნის მნიშვნელობას და უფრო მეტს ვფიქრობთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია გავაზიაროთ. ამ დღეებში თითოეულ ჩვენგანში ის ბავშვი იღვიძებს, რომელსაც გულით სჯერა, რომ ჩაფიქრებული სურვილები აუხდება.

სწორედ ასეთი თბილი ფუსფუსი შეინიშნებოდა ცოტა ხნის წინ ბაგებში, „ალტერბრიჯის უნივერსიტეტში”, რომლის ატმოსფეროც ისედაც იდუმალი და ქალაქის ხმაურს მოწყვეტილია, ახლა კი, ამ წინასაახალწლოდ, კიდევ უფრო მეტად დაემსგავსა ჯადოსნურ ადგილს. შენობა განათებებით, ულამაზესი ნაძვის ხითა და ფერადი დეკორაციით მოირთო, რომელშიც უნივერსიტეტის მთელი ოჯახი იყო ჩართული – თანამშრომლებით დაწყებული, სტუდენტებით დამთავრებული. გაფორმდა როგორც გარე ფასადი, ისე შიდა ინტერიერი.

მთელ ამ ამბავში საინტერესო მხოლოდ ის კი არაა, რომ უნივერსიტეტმა ყველასთვის სადღესასწაულო განწყობა შექმნა, არამედ ის, რომ ეს საქმე კონკრეტულ თანამშრომელს კი არ დაევალა, არამედ მთელმა გუნდმა, როგორც ოჯახმა მიიღო ამაში მონაწილეობა. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მათ თითოეული დეტალი საკუთარი ხელით შექმნეს, სათამაშოები იქნებოდა ეს, დიზაინი თუ დეკორაცია, ყველაფერი თავად ალტერბრიჯელების შემოქმედებაა. მათ გადაწყვიტეს, ამ გაფორმებით ის ინდივიდუალიზმი წარმოეჩინათ, რაც უნივერსიტეტის თითოეულ წევრს თავს ზღაპრის გმირად აგრძნობინებდა და წინასადღესასწაულო განწყობას ერთიორად აუმაღლებდა. გუნდის მხიარულმა გაერთიანებამ, ლამაზად მორთულ „ალტერბრიჯთან” ერთად, მნიშვნელოვანი გზავნილებიც წინ წამოსწია, რომლებსაც უნივერსიტეტი ყველას გვიზიარებს.

„გაბედე შექმნა შენით!
გაბედე იყო განსხვავებული!
გაბედე გჯეროდეს საკუთარი თავის!”

ეს ის მესიჯებია, რომლებსაც ალტერბრიჯი ყველა ჩვენგანს 2023 წლისთვის უგზავნის და გვეუბნება, რომ საკუთარი თავის რწმენით, საკუთარი ხელით გაკეთებული საქმით, განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებით და ერთიანობით ნებისმიერი სასწაულის მოხდენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მთავარია, ამის ისე გვჯეროდეს, როგორც საახალწლო სურვილების ახდენას ვიჯერებთ ხოლმე და შემართება მხოლოდ ამ დროს კი არა, ზოგადად, ცხოვრებაშიც ჯადოსნურ ძალად ვაქციოთ.

[R]

ლიბერთის მობაილ და ინტერნეტ ბანკის მე-500 000 მომხმარებელი დასაჩუქრდა

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მაღალტექნოლოგიურად მიიჩნევა ინდუსტრიაში