ხმოვანი ბრძანებების საშუალებით ციფრული გაჯეტის მართვა უკვე ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ხმამაღალი კარნახი, როცა ეს ყველას ესმის, არაკომფორტულია. შესაბამისად, როგორც ყოველთვის, რაღაც უფრო მეტი გვინდა. AlterEgo გაჯეტია, რომელსაც “უსიტყვოდ ესმის” თქვენი ბრძანებები. მოწყობილობა MIT Media Lab-მა ტოკიოში მარტში წარადგინა. “ალტერეგო” სახეზეა დამაგრებული და ფიქრების დროს, კუნთების რეაქციას სენსორულად აღიქვამს, რაც ბრძანების გაანალიზებაში ეხმარება, მაგალითად: დარეკვა, პასუხი და ა.შ. აღსანიშნავია, რომ გაჯეტი 92%-იანი სიზუსტით აღიქვამს ბრძანებას, ამასთან, მოსახერხებელია თან სატარებლად.
ბუნებრივია, არსებობს სიტუაციები, როდესაც “ალტერეგოს” გამოყენება რთულდება. მაგალითად, კითხვა – შესაძლოა, კითხვისას გონებაში გამეორებული სიტყვები მოწყობილობამ მითითებად ჩათვალოს. ამასთან, ძნელი წარმოსადგენია გართობისას გაჯეტის ტარება, რადგან ის სახეზეა მოთავსებული. პრობლემაა დაცულობაშიც – იქნებ, შესაძლებელია, რომ კიბერდამნაშავეებმა მოწყობილობის საშუალებით დაიწყონ ჩვენი სამეტყველო აპარატის კონტროლი?