20
Dec
2018

კიდევ ერთი ალტერნატიული ბრენდი „ალტერსოქსის“ შემქმნელებისგან – AlterHoody

20 Dec 2018

Startauperi
Startauperi


ფერადი და ნახატებიანი წინდების ქართულმა ბრენდმა „ალტერსოქსმა“ ნოემბერში ახალი ალტერ პროექტი დაიწყო. ეს არის „ალტერჰუდი“ – ჰუდები მექსიკური სიფერადით. მისი ვიზუალი მექსიკურ ტემპერამენტთან შემთხვევით არ დაგვიკავშირებია. ახალი ბრენდის იდეა „ალტერსოქსელებს“ მექსიკაში მოგზაურობისას გაუჩნდათ, როცა ნაჭრების სიჭრელით მოხიბლულებმა გადაწყვიტეს, მექსიკური ქსოვილი ქართველი მომხმარებლისთვის ალტერნატიული არჩევანის გასაჩენად გამოეყენებინათ. „ალტერჰუდის“ შემქმნელები ბრენდის აღწერისას შემდეგ დებულებებზე თანხმდებიან:

ალტერჰუდი“ ფრთოსანი, ფერადი ტანსაცმლის ბრენდია, აცტეკური ხასიათით, გაბედული და ლაღი, ტრადიციული. „ალტერჰუდი“ შექმნილია ყველა სეზონისათვის — როგორც შემოდგომა-ზამთრის სუსხიანი დღეებისთვის, ასევე, გაზაფხულის თბილი საღამოებისა და ზაფხულის გრილი ღამეებისთვის. თქვენი „ალტერჰუდი“ ერთგულ მეგზურობას გაგიწევთ ცხოვრების ფერადი, ბედნიერი წუთებისა და საინტერესო თავგადასავლებისას, მაგრამ არც ჩვეულებრივ, რიგით დღეებში მიგატოვებთ… „ალტერჰუდი“ შექმნილია იმისათვის, რომ თქვენთან ერთად იმოგზაუროს, უსმინოს მუსიკას, ისეირნოს ბუნებაში, იცეკვოს, იკითხოს წიგნები, უყუროს ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და იოცნებოს მომავალზე…“

განსხვავებით ბრენდის წინაპირობისგან – ძირითადი ხაზისგან, რომელიც „ალტერსოქსის“ ნახატებიან წინდებს მოიცავს, ალტერჰუდზე არ არის დატანილი პრინტები, ნახატები, თუ თემატური წარწერები. ის უბრალოდ, ჭრელი ქსოვილებისა და ორნამენტების „თამაშია“.

საქართველოშიც ვიპოვნეთ ისეთი ნაჭრები, რომლებსაც ვიყენებთ ჰუდების შესაქმნელად, მაგრამ ჯერჯერობით, ჩვენს ბაზარზე საკმარისად არ არის ამ ტიპის ქსოვილი, ამიტომ, კოლექციის მრავალფეროვნებისთვის, ნაწილი მექსიკიდან ჩამოგვაქვს. „ალტერსოქსის“ მიზანი იყო აქსესუარებისა თუ ტანსაცმლის განსხვავებული ვერსიები შეგვექმნა, იმისათვის, რომ მომხმარებელს მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდეს. ვფიქრობ, ახალი ბრენდის შექმნით ამ მიზანს ვამართლებთ“, – გვიყვება „ალტერსოქსის“ თანადამფუძნებელი, რეზი ბესელაშვილი.

M: ამ ეტაპზე, სად შეიძლება „ალტერჰუდის“ პროდუქციის შეძენა? 
პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, მხოლოდ შოურუმშია შესაძლებელი ჩვენი ჰუდების შეძენა, რადგან ვფიქრობთ, უმჯობესი იქნება მომხმარებელი მოვიდეს, ნახოს, მოისინჯოს ჩვენი ჰუდები და ამის მერე გააკეთოს არჩევანი. ალბათ, მივალთ იმ ეტაპამდეც, როცა ონლაინაც გავყიდით.

M: რა გეგმები გაქვთ „ალტერსოქსის“ ახალი მიმართულების – „ალტერჰუდის“ განვითარების კუთხით?
ახალი დაწყებული გვაქვს მომხმარებელთან კომუნიკაცია, დაინტერესებაც, რა თქმა უნდა, არის. გვაქვს უფრო დიდი გეგმები, რომ მოთხოვნის შესაბამისად, ქსელიც გავაფართოვოთ. ამ ეტაპზე, „ალტერჰუდის“ პროდუქცია მოიცავს როგორც დიდების ჰუდებს, ასევე, ბავშვის ხაზსა და ჭრელ პლედებს. მომავალში, გვინდა, რომ ჩვენი დიზაინით შევქმნათ ნაჭერი და მისგან დავამზადოთ „ალტერჰუდის“ პროდუქცია.

განხილვა