30 მარტს, ფერადი, ალტერნატიული წინდების პირველი ქართული ბრენდი Altersocks 1 წლის გახდა. კომპანიამ ერთი სტენდითა და 20-მდე წინდის მოდელით დაიწყო მუშაობა, 1 წლის განმავლობაში კი 7 ფილიალი გახსნა და 5 მდე კოლექცია შექმნა. Altersocks-მა საკუთარი დაბადების დღე ბათუმში პირველი ბრენდული მაღაზიის გახსნით აღნიშნა, რის შემდეგაც ნახატებიანი წინდების კოლექციიები უკვე საქართველოს სამ ქალაქშია ხელმისაწვდომი. Altersocks-ის ერთწლიანი გამოცდილების გასაზიარებლად, მომხდარი და მოსალოდნელი ცვლილებებისა და სამომავლო გეგმების გასარკვევად მარკეტერი მის დამფუძნებელსა და მარკეტინგის მენეჯერს – რევაზ ბესელაშვილს ესაუბრა.

M: რევაზ, როგორი იყო თქვენი ქსელური გაფართოების დინამიკა?
როდესაც ჩვენ დავიწყეთ ჩვენი ქსელის გაფართოება თბილისში, საკმაოდ აქტიურ მოთხოვნას ვიღებდით ქუთაისიდან და ბათუმიდან. მას შემდეგ რაც ქუთაისში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შევძელით ჩვენი სტენდის გახსნა, ბათუმიდან უფრო გააქტიურდა ხალხის მოთხოვნა. გვწერდნენ რომ ბათუმშიც უნდოდათ ფერადი და მხიარული წინდები. შევისწავლეთ ლოკალური ბაზრის სპეციფიკა და გადავწყვიტეთ გაგვეხსნა არა სტენდი, როგორც თბილისში და ქუთაისში, არამედ პატარა მაღაზია, ისეთ ქუჩაზე, რომელიც ბათუმელებისთვისაც ადვილად მისაწვდომი იქნებოდა და ტურისტულადაც სტრატეგიულ ადგილს დაიკავებდა. ასე გავხსენით ჩვენი პირველი ბრენდული მაღაზია. დიდი სურვილი გვაქვს რომ ასეთი პატარა მაღაზია, სამომავლოდ, გავხსნათ თბილისშიც, თუ შესაბამის ფართს ვიპოვნით.
M: გარდა პირველი ბრენდული მაღაზიისა, ერთი წლის განმავლობაში, რა სიახლეები შეემატა კომპანიას?
ამ ერთი წლის განმავლობაში გავაკეთეთ 5 ფილიალი თბილისში და გავედით რეგიონებში, გავხსენით სტენდი ქუთაისში. გვაქვს ოთხი კოლექცია და მეხუთე კოლექციაზე ვმუშაობთ. აქტიურ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელთან, ექსპორტთან დაკავშირებით. რის შესახებაც, კონკრეტული გადაწყვეტილების ქონის შემთხვევაში, ოფიციალურ განცხადებას გავავრცელებთ.

M: Altersocks-ის მსგავსი კონცეფციის კომპანია თუ არის მსოფლიოში ან საქართველოში? რა უპირატესობები გაქვთ მათთან მიმართებაში?
საკმაოდ ბევრი კომპანიაა ამ პროფილით, თუმცა ჩვენი უპირატესობა და ნიშა მდგომარეობს იმაში, რომ გარდა საყოველთაო, ცნობილი თემებისა, როგორიცაა მხატვრობა და ა.შ. ჩვენ ტრადიციულ მახასიათებლებს და სიმბოლოებს ვაქცევთ ყურადღებას. მაგალითად, საქართველოში ვყიდით ხინკლების გამოსახულებიან, ჩოხის ელემენტებიან ან ფიროსმანის ნახატებიან წინდებს. ექსპორტზე გასვლის შემთხვევაში, იგივე ტენდენციის შენარჩუნებას ვაპირებთ. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა მოვახდინოთ ჩვენი პროდუქციის რეალიზება, შევქმნით ლოკალურ ბაზარზე ადაპტირებულ კოლექციებს. ქართულ ბაზარზე, წინდების მიმართულებით გამოჩნდა ერთი კომპანია, თუმცა ჩვენი პირდაპირი კონკურენტები არ არან, ნახატიანი წინდები არ აქვთ და თან ჩვენს საფასო კატეგორიაში არ არინ მოქცეულები.
M: რა რაოდენობის მოდელი გაქვთ და აპირებთ თუ არა ახალი კოლექციების დამატებას?
40 მოდელი გვაქვს ამჟამად, დაახლოებით ერთ თვეში 15 მოდელი დაგვემატება. ზაფხულისთვის კი დაახლოებით 10 ახალი მოდელის შექმნას ვგეგმავთ, საზაფხულო, საბავშვო და დაბალყელიანი წინდების კოლექციის ფარგლებში.
M: რა მასალისგან მზადდება წინდები და როგორია წინდებზე ნახატების დატანის ტექნიკა?
მასალა შედგება 90%-მდე ნატურალური ბამბისგან და დაახლოებით 10% პოლიამიდისგან. ეს უკანასკნელი საჭიროა იმისთვის, რომ წინდას ჰქონდეს ელასტიურობა. ნახატებს ვქმნით სპეციალურ პროგრამაში, რომელიც, ასე ვთქვათ, მიბმულია საქსოვ დაზგაზე. დაზგა ნახატის მიხედვით ქსოვს წინდას. ზოგს ჰგონია, რომ წინდებზე ნახატები არის დაპრინტული, თუმცა, დაბალი ხარისხის გამო, ამ ტექნიკას არ ვიყენებთ.

M: სხვადასხვა კომპანიებთან თუ გაქვთ კორპორატიული შეთავაზებები ან თუ თანამშრომლობთ?
ახლახან დავიწყეთ “თიბისი” ბანკთან თანამშრომლობა. სპეციალურად rugbystore.ge-სთვის შევქმენით ორი წინდა, რაგბის ბურთებითა და “ლელო ლელო” წარწერებით. ექსკლუზიურად rugbystore.ge-ზე გაიყიდება ეს წინდები.
M: თუ გაქვთ დაკვირვება, ძირითად შემთხვევაში ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?
ჩვენი მომხმარებლები იყოფიან სამ კატეგორიად: 13-დან 18 წლამდე პირები – უმეტესად სკოლის მოსწავლეები. მეორე სეგმენტს 18-დან დაახლოებით 25 წლამდე სტუდენტები შეადგენენ. მომხმარებლის მესამე კატეგორიად კი 25-დან დაახლოებით 35 წლამდე პირები შეგვიძლია მივიჩნიოთ.
M: საფასო პოლიტიკა როგორი გაქვთ? ხომ არ შეცვალა ამ ერთმა წელმა?
საფასო პოლიტიკა იგივე დარჩა. ძველი კოლექციებიდან წინდები რაც გვაქვს ისევ 7.50 ლარი ღირს, პროდუქცია ახალი კოლექციებიდან – 8.50 ლარი. ასევე, გვაქვს უფასო სასაჩუქრე ყუთები და სამი ან მეტი წყვილი წინდის შეძენის შემთხვევაში გვაქვს ფასდაკლება.
M: სხვა ქალაქებშიც ხომ არ გეგმავთ ფილიალის გახსნას? რომელიმე რეგიონიდან ხომ არ იღებთ მოთხოვნას?
სხვა ქალაქებიდან არის მოთხოვნა და ადგილობრივ ბაზრებს როცა შევისწავლით, შესაძლოა სხვა რეგიონების ცენტრებშიც გავხსნათ პატარა ფილიალები.
M: ექსპორტს რაც შეეხება, რომელ ქვეყნებთან აწარმოებთ მოლაპარაკებას?
ჯერჯერობით მოლაპარაკების საწყის ეტაპზე ვართ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან. გარდა ამისა, ამერიკაში იყიდება ჩვენი პროდუქცია. “კარგი გოგო” არის ასეთი ბრენდი და მათთან, ამერიკაში იყიდება ქართული თემატიკის რამდენიმე წინდა.

M: სად შეიძლება Altersocks-ის წინდების შეძენა და ონლაინ გაყიდვის ხერხს თუ იყენებთ პროდუქციის რეალიზებისთვის?
თბილისში სტენდები არის “თბილისი მოლში”, სავაჭრო ცენტრ “პიქსელში”, “ისთ ფოინთში”, “სითი მოლში”, “სითი მოლი გლდანში”, ქუთაისში სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში” და ბათუმში, დ.თავდადებულის (ყოფილი შაუმიანის) #25-ში. ონლაინ გაყიდვას რაც შეეხება, ჩვენი საიტიდან არ ვყიდით, თუმცა გვყავს პარტნიორი კომპანია – nido.ge. ამ საიტიდან, ონლაინ იყიდება ჩვენი წინდები და შესაძლებელია მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე.











