in

„ალთინორდუ“ – თურქული ფეხბურთის იზმირული რევოლუცია

იზმირში ბაზირებული საფეხბურთო კლუბი თავს ერთ-ერთი ძლიერი საფეხბურთო აკადემიით იწონებს.

Sporti
Sporti

ბევრისთვის სრულიად უცნობი თურქული საფეხბურთო კლუბი, „ალთინორდუ“ მსოფლიო საფეხბურთო რუკაზე ჩენგიზ უნდერისა და ჩაღლარ სოიონჯუს სახელების გამოჩენასთან ერთად უფრო ცნობადი გახდა. იზმირში ბაზირებული საფეხბურთო კლუბი თავს ერთ-ერთი ძლიერი საფეხბურთო აკადემიით იწონებს, კლუბის პრეზიდენტის, სეიტ მეჰმეტ ოზკანის თქმით, მათი მთავარი მიზანი თურქეთის ტერიტორიაზე პერსპექტიული ბავშვების აღმოჩენა, მათი ზრდა, განვითარება და შემდგომში ასაკობრივი/ეროვნული ნაკრებების მომარაგება და სარფიანი გასხვისებაა. „ალთინორდუს“ საკმაოდ გამართული სკაუტინგის სისტემა აქვს, ამასთანავე სპეციალური და უნიკალური მიდგომები.

მიმდინარე წლებში ტრანსფერებიდან, სხვადასხვა დონორისა და ინვესტორისგან შემოსული თანხა თითქმის სრულად ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მწვრთნელთა განათლება-გადამზადებაში ჩაიდო, აქ ფეხბურთს, როგორც მეცნიერებას, ისე უყურებენ, კლუბი ატარებს სხვადასხვა სახის კვლევებს, დაწყებული წმინდა საფეხბურთო ასპექტებიდან, გაგრძელებული სპეციალური კვების რეჟიმის, განათლებისა და ფსიქოლოგიის პროგრამებით. უკვე მცირე ასაკის გუნდების ფეხბურთელებთან მუშაობენ ფსიქოლოგები. ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური საკუთარ ორგანიზმსა და კონდინციებზე მორგებული კვებითი რაციონი, სპეციალური ვარჯიშები და საგანმანათლებლო გაკვეთილები. სასკოლო საგნების გარდა, სავალდებულოა აკადემიის აღსაზრდელი, მინიმუმ, ორ უცხო ენას სწავლობდეს. ვარჯიშის პარარელურად, ბაშვებს  სოციალური მედიის გაკვეთილებიც აქვთ, სწავლობენ მსოფლიო ისტორიას, გეოგრაფიასა და ჭადრაკსაც კი. გარდა ამისა, აკადემიას საკუთარი ფერმა აქვს, რომელიც აკადემიის კვების ობიექტებს პროდუქტით ამარაგებს.

აღსაზრდელები ჩართულნი არიან სოფლის მეურნეობის სამუშაოებშიც და თავისუფალი დროის გარკვეულ ნაწილს ფერმაში დასაქმებულთა დახმარებაში ატარებენ. სპორტული აქტივობების გარდა, ხშირად ეწყობა ინტელექტუალური შეჯიბრებები, აკადემიის ბიბლიოთეკიდან გატანილი ყოველი წიგნის უკან დაბრუნების პროცედურას კი, ფეხბურთელის მხრიდან წაკითხული წიგნის მცირედი გააზრება და ესეის დაწერა ერთვის თან.

„ალთინორდუს“ ახლო და მჭიდრო ურთიერთობა აქვს „არსენალთან“, „ლივერპულთან“, „მანჩესტერ სიტისთან“, „ბაიერნთან“, „რომასთან“, „ატლეტიკო მადრიდთან“, „ვილიარეალთან“, „უდინეზესთან“, „ბარსელონასთან“. აკადემიის აღსაზრდელები ხშირად სტაჟირებით ამ აკადემიებში მიემგზავრებიან და სავარჯიშო პროცესს გარკვეული დროით იქ გადიან. ამ ურთიერთობების მთავარი მიზანი დიდი კლუბებისთვის ფეხბურთელების მიწოდებაა, მორიგი ასეთი პრეცედენტი, სავარაუდოდ, უახლოეს სატრანსფერო შესვენებებზე 17 წლის მცველი, რავილ თაგირი იქნება. ფეხბურთელი თურქეთის პირველ ლიგაში კარგ სეზონს ატარებს (სწორედ აქ ასპარეზობს, ამჟამად, „ალთინორდუ“), პარარელურად რავილი ასაკობრივი ნაკრებების წევრიცაა. ის, ამჟამად, რამდენიმე ტოპკლუბის დაკვირვების ობიექტია.

კლუბი 2022/23 წლების სეზონისთვის თურქულ სუპერლიგაში აღზევებას ეცდება. მომდევნო ეტაპი კი ევროტურნირებზე სისტემატური ასპარეზობა იქნება. ამოცანის სირთულე ადგილობრივი ფეხბურთელების სიმრავლეშია. ამჟამად, არცერთი თურქული ტოპკლუბი (ფენერბაჰჩე, გალათასარაი, ბეშიქთაში) დასაყრდენად საკუთარ აკადემიებს არ იყენებს და მხოლოდ მოწვეული ლეგიონერებით ასპარეზობს. გამონაკლისი „ტრაბზონსპორია“, რომელმაც გასულ და მიმდინარე სეზონებში რამდენიმე საკუთარი აკადემიის აღზრდილი მთავარ გუნდში დააწინაურა.


ციფრული არხებით გაყიდვები გლობალურ ბაზრებზე

„უნდა დაიჭირო წამი და ბოლომდე მიჰყვე შენს მიზანს. ამ გზაზე, რაღაცებზე, აუცილებლად მოგიწევს, თქვა „არა“ “ – მერაბ გოცირიძის ამბავი