in

Altos Labs – სამუდამოდ ცხოვრების უახლესი მცდელობა

ლაბორატორიის ინვესტორებს შორის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი იმყოფება

გასული წლის ოქტომბერს, ორდღიან სამეცნიერო კონფერენციაზე დასასწრებად, მეცნიერთა დიდი ჯგუფი გაემგზავრა იური მილნერის სუპერ ვილაში. მეცნიერთა ნაწილი კი დისტანციურად შეუერთდა კონფერენციას, რომლის მთავარი თემაც ასე ჟღერდა – როგორ შეიძლება ბიოტექნოლოგიის გამოყენება ადამიანების გასაახალგაზრდავებლად.

M2
M2

მეცნიერებისადმი მილნერის ენთუზიაზმმა პროვოკაციული და კონკრეტული მიმართულება მიიღო. სამეცნიერო სესიების დროს ექსპერტებმა ცხოველების “გაახალგაზრდავების” რადიკალური მცდელობები აღწერეს. მთლიანობაში შეხვედრის შედეგად კი ახალი ამბიციური დაბერების საწინააღმდეგო კომპანია შეიქმნა, სახელწოდებით Altos Labs. ეს უკანასკნელი ბიოლოგიური რეპროგრამირების ტექნოლოგიას, ლაბორატორიაში უჯრედების გაახალგაზრდავების გზას ავითარებს.

ახალი კომპანია, რომელიც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთშია რეგისტრირებული, მიმდინარე წელს რამდენიმე ინსტიტუტს გახსნის. თანაც, როგორც ცნობილია, კომპანიის ინვესტორებს შორის ჯეფ ბეზოსიც იმყოფება – მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომელმაც სარაკეტო კაფსულით კოსმოსში გასვლით საკუთარი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენა.

შესაძლოა, საზოგადოების ნაწილი კრიტიკულად უყურებდეს აღნიშნულ მიზანს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. მეცნიერებს შორის არის ხუან კარლოს იზპისუა ბელმონტესი, რომელმაც იწინასწარმეტყველა, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება, 50 წლით გაიზარდოს. ასევე, მეცნიერთა გუნდს შეუერთდა სტივ ჰორვათი – “ბიოლოგიური საათის” შემქმნელი, რომელსაც შეუძლია ზუსტად შეაფასოს ადამიანის დაბერება. ხოლო კომპანიის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ადგილს ნობელის პრემიის მფლობელი შინია იამანაკა დაიკავებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დაბრკოლებაა დასაძლევი, უზარმაზარი პოტენციალი არსებობს” – აღნიშნავს იამანაკა.

საშუალო ასაკის კრიზისი?

კომპანიის წევრები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდები გამდიდრებაზე ოცნებობენ, მდიდრები კი – ახალგაზრდობაზე. ამ პარადოქსს შეიძლება მწვავედ განიცდიდნენ მილნერი და ბეზოსი…

რაც არ უნდა იყოს მიზეზი, აქამდე მოსასვლელად დიდი ძალისხმევა გაიღო რიჩარდ კლაუსნერმა, კიბოს ეროვნული ინსტიტუტის ყოფილმა დირექტორმა და მეწარმემ. Altos Labs UK-ის სარეგისტრაციო დოკუმენტის თანახმად, სწორედ კლაუსნერი იქნება ახალი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

“ინვესტორები ასობით მილიონ დოლარს აგროვებენ ინვესტიციისთვის, რომელიც ადამიანის სრული სხეულის ან მისი ნაწილების გაახალგაზრდავებას ისახავს მიზნად. ჩემს ლაბორატორიაში ძირითად ორგანოებსა და ქსოვილებს ვამოწმებთ, როგორიცაა კანი, კუნთები და ტვინი, რათა ვნახოთ, რომელი ორგანოების გაახალგაზრდავება შეიძლება” – განმარტავს დევიდ სინკლერი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი, რომელმაც ამ ტექნიკის გამოყენებით თაგვების მხედველობის აღდგენა შეძლო.

გარდა ამისა, Altos Labs-ში აღნიშნავენ, რომ მკვლევრები დაუყოვნებლივი შედეგის ან შემოსავლის მოლოდინის გარეშე დაფინანსდებიან. ფაქტია, კომპანიის სათავეში “დიდი მეცნიერება” დგას და არა – დიდი ბიზნესი – დაბერების თანმდევი სერიოზული დაავადებების მკურნალობა შეიძლება, მილიარდობით დოლარი ღირდეს, მაგრამ ალტოდის ფულის გამომუშავებას არ ელის.

“ვფიქრობ, კონცეფცია ძალიან ძლიერია, მაგრამ ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. ერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დაპროგრამება არა მხოლოდ აახალგაზრდავებს უჯრედებს, არამედ ცვლის მათ თვითმყოფადობას – მაგალითად, კანის უჯრედის ღეროვან უჯრედად გადაქცევას. ამიტომაც, ამ ეტაპზე ტექნოლოგიის ადამიანებზე გამოცდა საშიშია” – ამბობს ალეხანდრო ოკამპო, მეცნიერი, რომელიც რეპროგრამირების ტექნოლოგიის მედიცინად ქცევის იდეას სკეპტიკურად უყურებს.

მეორეს მხრივ, ამ მეთოდს უდავო, განმეორებადი ეფექტი აქვს ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში, როდესაც იგი ცალკეულ უჯრედებზე გამოიყენება. უფრო მეტიც, რეპროგრამირება აღიარებულია, როგორც ძირითადი პროცესი, რომელიც ბუნებრივად ხდება – როცა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ემბრიონად იქცევა და ცხრა თვის შემდეგ ჩნდება ბავშვი.

გაიგეთ, რა მოხდა მთვარეზე პირველი დროშის აღმართვისას – Humankind-ის რეკლამა

როგორ გამოვიყენოთ დიზაინ ფიქრი ბიზნესში? – ერეკლე ინაშვილის კურსი თიბისის ბიზნეს კლუბის წევრებისთვის