in

კლინიკური კვლევის თანახმად, ალცჰაიმერის ახალი ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია

კვლევაში 196 ადამიანი მონაწილეობდა

ალცჰაიმერის საწინააღმდეგო ვაქცინამ ცოტა ხნის წინ მეორე ფაზის კლინიკური კვლევა წარმატებით გაიარა. როგორც შედეგები აჩვენებს, ბიოტექნიკური კომპანია Axon Neuroscience-ის მიერ შემუშავებული პრეპარატი AADvac1 პაციენტებისთვის სრულიად უსაფრთხოა და რამდენიმე ტიპის დაავადების წინააღმდეგ ეფექტურად მოქმედებს.

ვაქცინა იმუნურ რეაქციას ასტიმულირებს და ალცჰაიმერის წარმოქმნის პრევენციას ახდენს. მკვლევართა თანახმად, ვაქცინამ პლაზმური ნეიროფილატის მსუბუქი ჯაჭვის ცილის (NfL) დაგროვება შეანელა, რაც ნეიროდეგენერაციის მარკერია. ამ ეტაპზე კვლევაში 196 ადამიანი მონაწილეობდა – მათგან 117-მა ვაქცინა მიიღო, ხოლო დანარჩენ 79-ს პლაცებო გაუკეთეს. 24 თვის განმავლობაში ვაქცინის 11 დოზის მიღებამ ცხადყო, რომ პრეპარატი უკვე დაავადების მქონე პაციენტებშიც კი ეფექტურად მოქმედებდა.

“ჩემი ცოდნის გათვალისწინებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტაუს პათოლოგიისთვის განკუთვნილმა იმუნოთერაპიამ ნეიროდეგენერაციულ პროცესზე ზემოქმედების მკაფიო მტკიცებულება და კლინიკური ეფექტის მაღალი დონე აჩვენა” – აცხადებს კვლევის ავტორი და Axon Neuroscience-ის უფროსი კლინიკური მეცნიერი პეტრ ნოვაკი. აღსანიშნავია, რომ დაავადების გამომწვევი მიზეზები ტაუს ცილის პათოლოგიასთან არის დაკავშირებული. ამასთან ტაუს ყველა ცილა არ არის ცუდი და ვაქცინა იმუნურ სისტემას სწორედ კარგი და მავნე ნივთიერებების ამოცნობას ასწავლის.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადების მაკონტროლებელი ეფექტი ნამდვილად იმედისმომცემი მოვლენაა, ექსპერიმენტული თერაპია მეტ განვითარებას საჭიროებს – ჯერ კიდეც არ არის ნათელი, რამდენად ეფექტიანია ვაქცინა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს მონაცემები შედარებით მცირე და ადრეული ეტაპის II კლინიკური გამოკვლევის შედეგია, რომელიც ძირითადად ექსპერიმენტული ვაქცინის უსაფრთხოების პროფილის შესამოწმებლად არის განკუთვნილი. “მთლიანი კვლევის ნიმუშზე კოგნიტურ და ფუნქციონალურ ტესტებში მნიშვნელოვანი შედეგები ვერ იქნა ნაპოვნი” – წერენ მკვლევრები.

და მაინც, ზოგიერთი დასკვნის ბუნდოვანების მიუხედავად, აშკარაა დადებითი სიგნალები – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტის დაავადება ბიომარკერებთანაა დაკავშირებული. ასე რომ, უფრო თვალსაჩინო და სარწმუნო შედეგების მისაღებად, ამ წლის ბოლოს ან 2022-ის დასაწყისში უფრო მასშტაბური კლინიკური კვლევა იგეგმება.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ის „საუკეთესო ფინტექ პოლიტიკის“ ნომინაციაში გაიმარჯვა

მოემზადე საზაფხულო „ქეშბექისთვის“ – შეიძინე, რაც გაგიხარდება Mastercard-ით და დაიბრუნე 30% Extra.ge-ს ბალანსზე