in

Alubala.ge – როგორ შეგიძლიათ „დააგენერიროთ სიკეთე“ იმით, რაც უკვე გაქვთ და აღარ გჭირდებათ

Startauperi
Startauperi

თუ სიკეთის კეთება გინდათ, მარტივად შეგიძლიათ დაიწყოთ იქიდან, რაც უკვე გაქვთ და აღარ გჭირდებათ. გიფიქრიათ, რომ ნივთი, რომელიც გაქვთ და თქვენთვის უსარგებლოა, შესაძლოა ვინმეს ძალიან სჭირდებოდეს? ჩვენს საცხოვრებელ სივრცეში ხშირად მოიძებნება ისეთი ნივთები, რომლებსაც სიამოვნებით გავაჩუქებდით. თუმცა, გულის სიღრმეში გვინდა, რომ ჩვენგან განსხვავებით, იმ სხვამ მართლა სასარგებლოდ გამოიყენოს და ნივთმა თავისი მისია შეასრულოს. სწორედ ამისთვის შეიქმნა Alubala.ge – სოციალური სტარტაპი, პლატფორმა, რომელიც გამჩუქებლებს საშუალებას აძლევს სიმბოლურ თანხად გაყიდონ არასაჭირო ნივთები და შემოსული თანხით საქველმოქმედო ან სოციალურ პროექტებს დაეხმარონ.

„ალუბალას“ მარკეტფლეისი საინტერესოა არამხოლოდ ცალკეული ინდივიდებისთვის, არამედ კომპანიებისთვის, ვისთვისაც ღირებულია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მწვანე პროექტები. სტარტაპი მასშტაბირების პერსპექტივასაც ხედავს და მასშტაბურ სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებში გეგმავს ჩართვას.

„სულ მინდოდა მეკეთებინა საქმე, რაც სოციალურ სარგებელს მოიტანდა და ამავდროულად, ქვეყანას წაადგებოდა. ეს ორი რამ მუდმივად ტრიალებს ჩემს გონებაში. ამან მიმიყვანა პორტალის იდეამდე, სადაც ადამიანები განათავსებდნენ ნივთებს, რომლებიც აღარ სჭირდებათ. თუ გაქვთ ნივთი, რომელიც აღარ გჭირდებათ და თან გინდათ კარგ საქმესაც დაეხმაროთ და ქართულ ეკონომიკასაც წაადგეთ, Alubala.ge -ს უნდა ეწვიოთ“ – გვიამბობს „ალუბალას“ იდეის ავტორი გიგა რაზმაძე.

M: როგორია პლატფორმა „ალუბალას“ კონცეფცია?

ნივთების გაჩუქებით შეგიძლიათ დააგენერიროთ სიკეთე და თან ხელი შეუწყოთ ეკონომიკას. „ალუბალა“ არის ციფრული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს რამდენიმე მხარეს: ერთი მხრივ, ადამიანებს, რომლებსაც სურთ ნივთების გაჩუქება, მეორე მხრივ კი მათ, ვისაც ისინი რეალურად სჭირდება და შედარებით ნაკლებ ფასად ეძებენ. თუმცა, ასევე, არსებობს მესამე მხარე – შემოსული თანხა გამჩუქებლის მიერ შერჩეულ საქველმოქმედო საქმეში გადაირიცხება. არაა აუცილებელი, რომ ეს აუცილებლად საქველმოქმედო ფონდი იყოს. შეგიძლიათ ამ საქმით ხელი შეუწყოთ ადამიანებს ძალიან კარგი ჩანაფიქრით, მაგალითად, რუსთავში ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელს სურს ჰქონდეს ტელესკოპი სკოლაში, რათა მოსწავლეები ასტრონომიას აზიაროს – ამისთვის 2000 ლარი სჭირდება. ასევე, არის „ზაქარას კეთილი მანქანა“, რომელიც მიუსაფარ ძაღლებს ეხმარება. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვებისთვის შენდება კულტურის სახლი, სადაც კარგი ადამიანები სოციალურად დაუცველ ბავშვებს, რომლებსაც ყურადღება, ცოდნის გაზიარება და მხარდაჭერა სჭირდებათ, ასწავლიან ფოტოგრაფიას, დგამენ სპექტაკლებს, იღებენ ვიდეოებს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შეუწყოთ ხელი ასეთ კერძო ინიციატივებს ფულადი დონაციით და თქვენთვის არასაჭირო ნივთების გაჩუქებით, რომლებიც საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლებ ფასად გაიყიდება.

პლატფორმით სარგებლობა ძალიან მარტივია. შეგიძლიათ ფოტო გადაუღოთ ნივთს, ატვირთოთ, დაადოთ ღირებულება და აირჩიოთ, რომელ საქველმოქმედო პროექტს ან ფონდს გადაერიცხოს თანხა.

M: ალბათ, მკითხველს დააინტერესებს, რატომ სჯობს, რომ გაჩუქებული ნივთი გაიყიდოს, პირდაპირ გაჩუქების ნაცვლად?

ეკონომისტები ამბობენ, რომ როცა მყიდველი ნივთში ფულს იხდის, დიდი ალბათობით, ის მას უფრო სჭირდება, ვიდრე ადამიანებს, რომლებიც ამას უფასოდ იღებენ. შესაბამისად, უფრო მეტია შანსი, რომ ეს ნივთი ეკონომიკურ საქმეში ჩაებას და დოვლათის შექმნას შეუწყოს ხელი. ამასთან, როცა მზად ვართ ნივთი გავაჩუქოთ, მას საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, ბევრად ნაკლებ ფასს ვადებთ. ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ შემდეგ, შემოსული თანხა კარგი საქმის მხარდაჭერას ხმარდება, ნივთის მფლობელისთვის ეს ორმაგი გაჩუქებაა.

M: ვინ არიან „ალუბალას“ სამიზნე სეგმენტი?

„ალუბალას“ სამიზნე სეგმენტი სამ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ. ერთი მხრივ, არიან ადამიანები, ვისაც აქვთ ისეთი ნივთები, რომლებიც აღარ სჭირდებათ და მზად არიან გააჩუქონ. მეორე მხრივ – ის ადამიანები, რომლებსაც კონკრეტულად ეს ნივთები სჭირდებათ და ბიუჯეტურ ფასად ეძებენ. ასევე, ჩვენი სამიზნე სეგმენტია საინტერესო ინიციატივები და ფონდები, რომლებიც სასარგებლო სოციალურ საქმეს ემსახურებიან და რესურსებს საჭიროებენ.

მახსოვს, ერთხელ ელექტრობურღის ნაკრები ვიყიდე, რომელიც არასოდეს გამომიყენებია. ჯერ ერთ ოთახში მედო, შემდეგ მეორეში, მესამეში, სარდაფში და ბოლოს, ავტოფარეხში გადავიტანე. გაჩუქება რომ დავაპირე, მეგობარმა წაიღო, რომელსაც ასევე არ გამოუყენებია. არადა, ეს ნივთი სიმბოლურ ფასად ვინმეს რომ ეყიდა სადმე ონლაინ პლატფორმაზე, გამოიყენებდა და დოვლათსაც შექმნიდა ქვეყნისთვის.

ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა – რატომ დაადებთ სიმბოლურ ფასს გასაჩუქებელ ნივთს? როგორც წესი, ნივთი, რომელიც არ გჭირდება, შენთვის დაბალი ღირებულებისაა. შესაბამისად, საბაზრო ღირებულებასთან ბევრად ნაკლები ფასის განსაზღვრა თავისუფლად შეგიძლია.

M: რას უკავშირდება პლატფორმის სახელწოდება „ალუბალა“?

ჩემს პირველ შვილს, ძილის წინ, ხალხური ზღაპრების ნაცვლად, ჩემ მიერ გამოგონებულ ამბებს ვუყვებოდი ხოლმე. ვიგონებდი სიუჟეტებს, პერსონაჟებს და თანდათან მივხვდით, რომ თავად ჩვენ ვიყავით ეს პერსონაჟები. ზღაპრის ერთ-ერთი გმირი გახლდათ ალუბალა, რომელსაც ძალიან უნდოდა ყოფილიყო კეთილი და სხვებს დახმარებოდა, როცა გაიზრდებოდა. ეს სახელი დღეს ჩემს მესამე შვილს ჰქვია და ახლა უკვე, იდეისა და შინაარსიდან გამომდინარე – პლატფორმასაც.

M: როგორ შეუძლიათ კომპანიებს „ალუბალასთან“ თანამშრომლობა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში?

ძალიან საინტერესო იქნება კომპანიებისთვის „ალუბალასთან“ პარტნიორობა. ესაა სოციალური კოლაბორაცია, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებელი იქნება გაიზომოს კომპანიის CSR-ის განვითარების დინამიკა. ჩვენ ამას „ემპათიის თერმომეტრს“ ვუწოდებთ. პლატფორმის საშუალებით, კომპანიებს შეეძლებათ ხელი შეუწყონ მდგრად ეკონომიკას, მწვანე პროექტებს… ეს კი, ბიზნესის წარმომადგენლებს კარგად მოეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე ეპოქაში კომპანიისადმი ნდობისა და რეპუტაციის გასაძლიერებლად.

კომპანიებს „ალუბალას“ პლატფორმაზე საკუთარი გვერდი ექნებათ, სადაც დეტალურად გამოჩნდება ყველა ის მეტრიკა, რაც ერთობლივი პროექტის საშუალებით მიიღწევა. ამავდროულად, ჩვენთან თანამშრომლობა კომპანიისთვის სოციალური პასუხისმგებლობის უტყუარი დასტური იქნება.

M: როგორია „ალუბალას“ ინოვაციური გადაწყვეტილებები, რაც პლატფორმის მომხმარებლის გამოცდილებას გაამარტივებს?

როგორც ვახსენე, დღესდღეობით, უამრავ ადამიანს აქვს ისეთი ნივთები, რომლებსაც სიამოვნებით გააჩუქებდა ადამიანებზე, ვისაც ეს სჭირდება, მეორე მხრივ, კი ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ასევე სიამოვნებით იყიდდა მისთვის ძალიან საჭირო ნივთს, ბიუჯეტურ ფასად. თუმცა, დავაკვირდით, რომ ხშირ შემთხვევაში, მარკეტფლეისები არ არის მოქნილი მომხმარებლისთვის. ამიტომ პლატფორმაზე ჩაშენებული იქნება AI-ფუნქციონალი, რომელიც ნივთის დამატების პროცესს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს მომხმარებელს.

M: მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპს სოციალური მხარე აქვს და ქველმოქმედებას ეხება, ის აუცილებლად მოიაზრებს კომერციულ ბიზნესმოდელს. როგორ წარმოგიდგენიათ „ალუბალას“ მასშტაბირება?

ჩვენი მიზანია, „ალუბალა“ იქცეს ქველმოქმედების ჰაბად, თავისი ბიზნესმოდელით, რაც ვფიქრობ, უნიკალურია მსოფლიოსთვის. ჩემი დაკვირვებით, ამ მიმართულებით მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამ სამიზნე ბაზრის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე შევძლებთ გასვლას. ეს იქნება სივრცე, რომელიც გააერთიანებს ბევრნაირ საქველმოქმედო და სასარგებლო ინიციატივას. ამავდროულად, ნივთების გაჩუქება ხელს შეუწყობს მწვანე ეკონომიკას და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების გაძლიერებას ბიზნესის სფეროში.

M: როგორ გაერთიანდნენ ადამიანები „ალუბალას“ მხარდასაჭერად?

ამ დროისათვის, „ალუბალა“ ენთუზიასტების დამსახურებით ფუნქციონირებს. ამ ყველაფერში ძალიან დამეხმარნენ ჩემი მეგობრები, რომლებმაც შექმნეს პლატფორმა იმ სახით, როგორიც გახლავთ ახლა. ამავდროულად, ჩავერთეთ USAID-ის ქრაუდფანდინგის პროგრამაში „ორბელიანი მეტი“. წესების მიხედვით, ჩვენ უნდა შევაგროვოთ გარკვეული თანხა, რათა დავადასტუროთ იდეის ვალიდაცია, შედეგად, USAID ორჯერ მეტ თანხას მოგვცემს პროექტისთვის. ამისათვის, ახალ წლამდე 4000 ლარი უნდა შევაგროვოთ, რათა USAID-ის მხარდაჭერით, პლატფორმის უკეთესი ვარიანტი შევქმნათ.

M: რატომ არის მნიშვნელოვანი „ალუბალას“ არსებობა?

დღესდღეობით, არ არსებობს ერთიანი პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა ერთმანეთისგან განსხვავებული ფონდისა თუ პროექტის მხარდაჭერის საშუალებას მოგცემს, მსოფლიოს გარშემო. ჩემი ხედვით, ეს იქნება ჰაბი, სადაც ემპათიურ ადამიანს ქველმოქმედების გაღების საშუალება მიეცემა. ვფიქრობ, ეტაპობრივად, ადამიანებში მოიმატებს სხვების დახმარების მოთხოვნილება. ყველა ვხვდებით, რომ ერთმანეთზე აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

კლასიკური და თანამედროვე სტილის სინთეზი Emporio Armani-ის ახალ კოლექციიაში

„აგროსფეროში“ მწვანე პარასკევი დაიწყო – რა პროდუქციას შეიძენთ ფასდაკლებით?