in

3 გზა ღირებული მიზნის მქონე სამუშაოს შესაქმნელად

Covid-19-ის შემდეგ ბევრმა კომპანიამ საუკეთესო თანამშრომლების შენარჩუნებისა თუ მოზიდვის მიზნით ანაზღაურება გაზარდა და მათ მეტი მოქნილობაც შესთავაზა. ამასთან, ხელმძღვანელები მათ შთაგონებას კორპორატიული მიზნითა თუ მისიითაც ცდილობენ. 

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუმცა ამ ყველაფერს სტატისტიკაზე დიდი გავლენა არ ჰქონია — კომპანიებს, რომლებიც ადამიანების მოზიდვას მაღალი ანაზღაურებითა და მეტი მოქნილობის შეთავაზებით ცდილობდა, დაქირავებული თანამშრომლების შენარჩუნება უჭირდა. თუმცა ჰარისის კვლევა იმასაც გვეუბნება, რომ ამ ადამიანების 20% 2021 წელს სამსახურის დატოვებას ნანობდა… 

რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს სამსახურში თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ, გვქონდეს რესურსები, რომლებიც პროდუქტიულობისთვის გვჭირდება, სამართლიანად დავჯილდოვდეთ ჩვენი მიღწევებისთვის და გარკვეული მოქნილობაც გვქონდეს, თუ სად, როდის და როგორ ვიმუშაოთ. დიახ, ჩვენ იმ კომპანიებთან ურთიერთობა მოგვწონს, რომლებიც ღირებულებებს სერიოზულად უყურებენ. მაგრამ ეს არ არის საკმარისი ლოიალურობისა და შენარჩუნების მაღალი მაჩვენებლის მისაღწევად…

ხოლო იმისათვის, რომ თანამშრომლებისთვის მუშაობა მიზანმიმართული გახდეს, ეს სამი ძირითადი მოქმედება უნდა განახორციელოთ:

1. გახადეთ სამუშაო საინტერესო

თანამშრომლებისთვის სამსახურში მიზნის პოვნა რთულია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მათ მობეზრებული აქვთ ის, რასაც ყოველდღიურად აკეთებენ. მათ სურთ დროის უმეტესობა გამომწვევ და სახალისო ელემენტებს დაუთმონ და არა, ყოველდღიურ მოსაბეზრებელ დავალებებს.

ამაში კი ტექნოლოგიები დიდად დაგეხმარებათ — Walmart-ის მსოფლიოს უმსხვილესი საცალო ვაჭრობის კომპანია მილიონებს სწორედ „ჭკვიან ასისტენტებზე“ ხარჯავს, რათა მაღაზიებმა შეუფერხებლად იმუშაოს. შესაბამისად, მათ თანამშრომლებს ერთფეროვანი და მოსაწყენი სამუშაოების შესრულებაც ბევრად ნაკლებად უწევთ. ამ ყველაფერმა კომპანიისთვის გაზომვადი შედეგებიც კი გამოიღო, ბოლო 4 წლის განმავლობაში მათ ბევრად მეტი მენეჯერის შენარჩუნება მოახერხეს.

2. დაუკავშირეთ სამსახური კომპანიის მისიას

თანამშრომლებს უნდა სჯეროდეთ, რომ ისინი მთლიანი მისიისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და სამსახურსა თუ კონკრეტულ მიზანთან თავს დაკავშირებულად უნდა გრძნობდნენ.

ამის მაგალითი კი სან-ანტონიოში დაფუძნებული ფინანსური სერვისების კომპანია ​​USAA არის. მათ ათასობით თანამშრომელი იმიტირებულ ბანაკებში გაუშვეს, სადაც ფიზიკურად რთული დავალებების შესრულებაც მოუწიათ, ეს კი იმისათვის იყო, რომ კომპანიის მისია და სამხედრო კულტურა უკეთ გაეაზრებინათ. შედეგები ნამდვილად შთამბეჭდავი აღმოჩნდა — კომპანიისთვის მომხმარებელთა ლოიალობის საზომი ოთხჯერ აღემატებოდა ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელს, USAA-ს თანამშრომლების 87% კომპანიაში მუშაობით ამაყობდა, ხოლო კითხვაზე, თუ რა ხდის USAA-ს განსაკუთრებულს, პასუხობდნენ, რომ ეს კომპანიის მისია და მიზანი იყო. 

3. შექმენით სწავლის შესაძლებლობა სამსახურში 

არავის სურს სამსახურში სტაგნაცია იგრძნოს, პირიქით, თანამშრომლები სწავლისა და განვითარების შესაძლებლობებისკენ ისწრაფვიან, თანაც, ყოველ დღე. სწორედ ამიტომ, დამსაქმებლებმა ყველა თანამშრომლის სამუშაოში სწავლისა და განვითარების უწყვეტი შესაძლებლობის ჩაშენება უნდა მოახერხონ.

აქ კი Shopify-ს, მრავალეროვნული ელექტრონული კომერციის კომპანიის მაგალითი განვიხილოთ. იმისათვის, რომ უწყვეტი სწავლის პროცესს ხელი შეუწყოს, ორი პარალელური კარიერული გზა შეიმუშავა — ინდივიდუალური კონტრიბუტორებისა და მენეჯერების გზები. ეს Shopify-ს საშუალებას აძლევდა, კარიერული გზა თითოეული მომხმარებლის სიძლიერეებისა და ცხოვრებისეული გარემოებებისთვის მოერგო. ხოლო იმისათვის, რომ თანამშრომლებს მათთვის საინტერესო პოზიცია ეპოვათ, გზებისა და დისციპლინების ცვლილების შანსსაც აძლევდნენ. შედეგად, კომპანიის ყველა თანამშრომელი, განურჩევლად მათი პოზიციისა, აქ ყოველდღიურად რაღაცას სწავლობდა. 

დიახ, ეს მოდელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. სხვა ელექტრონული კომერციისა და ტექნოლოგიების კომპანიებთან შედარებით, Shopify-ს თანამშრომელთა ადვოკატირებისა და მათი შენარჩუნების უმაღლესი მაჩვენებელი აქვს. 

გამოდის, ზემოთ აღნიშნული ქმედებების განხორციელებით თქვენი სამუშაო ძალა უფრო პროდუქტიული და ლოიალური ხდება, ამასთან, მათ შენარჩუნებასაც უფრო მარტივად მოახერხებთ. თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დასაქმებულებს კონკრეტული სამუშაოს მიზანი დაანახოთ. დიახ, ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოთ ანაზღაურებას, მოქნილობასა და სარგებლის შეთავაზებას და უფრო მეტად სამსახურის შინაგანი ღირებულების გაუმჯობესებაზე იზრუნოთ. თუ ასე მოიქცევით, იმასაც აღმოაჩენთ, რომ მიზანმიმართული მუშაობა ნიჭიერი თანამშრომლების დაქირავების ომის მოსაგებად ახალი საიდუმლო იარაღია. 

წყარო: HBR



რესტორანი „დერგი“ – შეფ ლევან კობიაშვილის საავტორო კახური კერძებით

რატომ ვიყენებთ რეკლამებში გენდერს?