დიახ, ივნისის სავსე მთვარე, რომელსაც ხშირად „მარწყვის მთვარესაც“ უწოდებენ, ცას ამ კვირაში გაანათებს. NASA-ში აცხადებენ, რომ ეს, სავარაუდოდ, ოთხშაბათს მოხდება.
თუ მას შეუიარაღებელი თვალით დააკვირდებით, შესაძლოა, იფიქროთ, რომ ჩვეულებრივი მთვარის ზომისაა, მაგრამ სიკაშკაშის შესამჩნევი ცვლილება ხილვადობას გააძლიერებს და მთვარის ფაზებზე დაკვირვების საშუალებასაც მოგცემთ.
ასტროფიზიკოსის ჟაკლინ ფაჰერტის თქმით, მთვარის ამოსვლა ან ჩასვლა მასზე დაკვირვებისთვის იდეალური დროა, რადგან შეუიარაღებელი თვალით სწორედ მაშინ ჩანს იგი ყველაზე დიდი. Old Farmer’s Almanac-ის კალკულატორი კი დაგეხმარებათ, გაიგოთ, რომელ საათებში შეძლებთ მასზე დაკვირვებას იმ ადგილიდან, სადაც ახლა იმყოფებით.
კარგი იქნება თუ სუფთა ჰორიზონტს მაღალი შენობებისა თუ სხვა წინაღობების გარეშე აირჩევთ და ამასთან, ნათელ ადგილებსაც მოერიდებით, რადგან სრულ სიბნელეში მთვარის კაშკაშა სინათლეზე დაკვირვებას უფრო კარგად მოახერხებთ.
რაც შეეხება სახელს „მარწყვის მთვარე“, იგი სათავეს ჩრდილო-აღმოსავლეთ აშშ-ს ადგილობრივი ჯგუფების ტრადიციებიდან იღებს. მათ შორისაა ალგონკინის, ოჯიბვეს, დაკოტასა და ლაკოტას თემები, სავსე მთვარის გამოჩენა მათთვის მარწყვისა და სხვა ხილის აღების დროზე მიუთითებდა. Haida-ს მაცხოვრებლები კი მას „კენკრის მომწიფების მთვარესაც“ უწოდებდნენ.
ხოლო ევროპაში კაშკაშა ციურ სხეულს „თაფლის მთვარესაც“ ეძახიან, რაც ამჯერად თაფლის აღებასთან არის დაკავშირებული. იმასაც ვარაუდობენ, რომ ეს სახელი ივნისს, როგორც ქორწინებისთვის ყველაზე პოპულარულ „თაფლის“ თვეს, უკავშირდება.
საინტერესოა ისიც, რომ სავსე მთვარის გამოჩენა ინდუისტურ ფესტივალს Vat Purnima-ს ემთხვევა, სადაც დაქორწინებული ქალები ხეს საზეიმო ძაფს აბამენ და ლოცულობენ, რათა ქმრებმა დიდხანს იცოცხლონ…
ძველი ჩანაწერების მიხედვით კი, წელს ცაზე კიდევ 6 სავსე მთვარე უნდა გამოჩნდეს, რომელზე დაკვირვებასაც შემდეგ თვეებში მოახერხებთ:
- 13 ივლისი: „მამალი მთვარე“
- 11 აგვისტო: „ზუთხის მთვარე“
- 10 სექტემბერი: „მოსავლის მთვარე“
- 9 ოქტომბერი: „მონადირის მთვარე“
- 8 ნოემბერი: „თახვის მთვარე“
- 7 დეკემბერი: „ცივი მთვარე“