ოპტიკური ილუზიები განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იქცევს ხალხში. ახლა კი ფსიქოლოგები ახალ ოპტიკურ ილუზიას სწავლობენ — ის იმდენად მძლავრია, რომ თვალისა და ტვინის არაცნობიერ რეფლექსებსაც კი ატყუებს. თანაც, როგორც აღმოჩნდა, ადამიანების მხოლოდ 80%-ს შეუძლია სრულად სრულად აღიქვას ეს ილუზია, ამის მიზეზი კი ჯერჯერობით უცნობია.
აღნიშნული ოპტიკური ილუზია თეთრი ფონისა და შავი წერტილებისგან შედგება, რომლის ცენტრშიც ბუნდოვანი შავი ლაქაა მოთავსებული. თუ ამ ლაქას კარგად დააკვირდებით, შესაძლოა, მისი გაფართოება იგრძნოთ. ნორვეგიის ოსლოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა თავიანთი კვლევა ჟურნალში Frontiers in Human Neuroscience გამოაქვეყნეს. მის თანახმად, „გაფართოებული ხვრელის“ ილუზია ისე კარგად ატყუებს ჩვენს ტვინს, რომ ბევრი ადამიანის გუგების გაფართოებას იწვევს, რათა მეტი შუქის აღქმა გახდეს შესაძლებელი. თითქოს, რეალურად გადავინაცვლეთ ბნელ ადგილას.
ამის საპირისპიროდ, როდესაც ლაქა შავის ნაცვლად ფერადი იყო, თვალის გუგები წვრილდებოდა — თითქოს, თვალი უფრო კაშკაშა შუქზე იყო ადაპტირებული.
„გაფართოებული ლაქა ძალიან დინამიკური ილუზიაა: ცენტრალური შავი ხვრელის წრიული ლაქა ან ჩრდილის გრადიენტი შესამჩნევ ოპტიკურ ნაკადს ქმნის, თითქოს დამკვირვებელი წინ მიიწევს ერთგვარ ბნელ გვირაბში“, — ამბობს დოქტორი ბრუნო ლაენგი, ოსლოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი და კვლევის წამყვანი ავტორი.
კვლევის ფარგლებში, გუნდმა ნორმალური მხედველობის მქონე 50 ადამიანს აჩვენა „გაფართოებული ხვრელის“ გამოსახულება და სთხოვა შეეფასებინათ, რამდენად ძლიერად აღიქვამდნენ ილუზიას. ამავდროულად, მკვლევრებმა გაზომეს მათი თვალების მოძრაობა, ისევე როგორც მათი გუგების არაცნობიერი შევიწროება და გაფართოება.
მეცნიერებმა არ იციან რატომ, მაგრამ ყველა მონაწილემ ვერ შეძლო ილუზიის აღქმა. მონაწილეთა დაახლოებით 14 პროცენტს არ უგრძნია ილუზორული გაფართოება, როდესაც ხვრელი შავი იყო, ხოლო 20 პროცენტს, როდესაც ხვრელი ფერადი იყო.
მკვლევრების თქმით, კვლევამ რეალურად მოჰფინა ნათელი, თუ როგორ რეაგირებს ტვინი და თვალები ვიზუალურ სტიმულაციაზე. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი გუგების გაფართოება და შეკუმშვა გამოწვეულია არა მხოლოდ ფიზიკური გარემოს რეალური ცვლილებებით, არამედ გარემოს წარმოსახვითი აღქმითაც.
„ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ გუგის გაფართოება ან შეკუმშვის რეფლექსი არ არის დახურული მექანიზმი, როგორც ფოტოელემენტი. პირიქით, თვალი ერგება აღქმულ და თუნდაც წარმოსახვით სინათლეს. მომავალმა კვლევამ, შეიძლება, სხვა სახის ფიზიოლოგიური ან სხეულებრივი ცვლილებები გამოავლინოს. ეს კი, სავარაუდოდ, ილუზიების მუშაობის პრინციპს მოჰფენს ნათელს“, — დაასკვნა ლაენგმა.