დღეს Amadeo-ზე უნდა მოგიყვეთ, „პროფესიონალ და კეთილ ფინანსისტზე“, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმძღვანელებს კომპანიის ფინანსურ სურათს უფრო მარტივად აღსაქმელი გრაფებით სთავაზობს. არც კონკრეტულ ინდუსტრიაზეა მორგებული და მისი გამოყენება ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია, იქნება ეს სატრანსპორტო კომპანია, კვების ობიექტი თუ სხვა. სულ რაღაც 3 თვეში შეიქმნა და უკვე ხელოვნური ინტელექტის მოდულის ჩაშენებაზეც ფიქრობენ…
უფრო მეტი დეტალის გასაგებად მარკეტერი Amadeo-ს თანადამფუძნებელ გიორგი ჩუგოშვილს გაესაუბრა:
M: გიორგი, მოგვიყევით, როგორ გაჩნდა Amadeo-ს შექმნის იდეა?
Amadeo-ს შექმნის იდეა გაჩნდა სულ რამდენიმე თვის წინ, როდესაც დამფუძნებლებმა გავიაზრეთ, რომ ბაზარზე არსებული ბუღალტრული სოფტების უმეტესობას არ აქვს ფინანსური ანალიტიკის ფუნქციები და მხოლოდ ბუღალტერიის წარმოებაზე არის მორგებული. შედეგად, დამფუძნებლებისა და დირექტორების უმეტესობას არ აქვთ ოპერატიული ფინანსური ინფორმაცია მათთვის სასურველ ფორმატში, რომლის საშუალებითაც ოპტიმალურ ფინანსურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ამიტომ, ვიფიქრეთ, შეგვექმნა Amadeo, იდეალური ფინანსისტი, რომელიც დაეხმარება კომპანიებს ანალიტიკის მოწესრიგებაში, მოუმზადებს ანგარიშებს, დაეხმარება სესხების აღებაში, უზრუნველყოფს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ჰქონდეს კარგი საკრედიტო პირობები ფინანსური ინსტიტუტებისგან.
M: ვისთვის არის Amadeo და რას სთავაზობს იგი მომხმარებლებს?
Amadeo-ს ძირითადი მომხმარებლები არიან მცირე და საშუალო ბიზნესის დამფუძნებლები, დირექტორები და ბუღალტრები. ის არ არის რომელიმე კონკრეტულ ინდუსტრიაზე მორგებული, Amadeo-ს გამოყენება შეუძლია როგორც სატრანსპორტო კომპანიას, ისე კვების ობიექტს, ვაჭრობის სფეროს კომპანიას თუ სხვას. პროგრამული უზრუნველყოფა ერგება კომპანიის აღრიცხვის პრაქტიკას და მაქსიმალურად დეტალურ ანგარიშგებას აკეთებს. Amadeo-მ ბაზარს სრულიად ახალი კონცეფცია შესთავაზა. კომპანიას არ სჭირდება ბიზნესპროცესების ან ბუღალტრული პროგრამის შეცვლა. Amadeo უერთდება არსებულ ბუღალტრულ პროგრამას და მისი მონაცემების საფუძველზე აგენერირებს დეტალურ ანალიტიკას, იქნება ეს შემოსავლების ანალიზი, ხარჯების ანალიზი, ფულადი სახსრების მოძრაობა თუ სხვა. პროდუქტი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა და კომპანიებს სთავაზობს საგადასახადო და საზედამხედველო ანგარიშგებების ავტომატიზაციას, რაც ბუღალტრებს საკმაოდ ბევრ დროს დაუზოგავს. მას აქვს მესამე გამოყენებაც, Amadeo-ს საშუალებით კომპანიები შეძლებენ ბანკებში სასესხო განაცხადების გაკეთებას. ბანკებისგან კი კონკურენტულ შეთავაზებებს მიიღებს, კომპანიის ფინანსურ მონაცემებს Amadeo, თავის მხრივ, ბანკებს სასურველ ფორმატში გაუზიარებს.
M: რა უპირატესობა აქვს?
Amadeo-ს მთავარი უპირატესობა მისი სიმარტივე და ხელმისაწვდომობაა. Amadeo არის ბუღალტერიის სარკე, რაც ნიშნავს იმას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმძღვანელებს შეუძლიათ, დაინახონ კომპანიის ფინანსური სურათი უფრო მარტივად აღსაქმელ გრაფებში, რაც ავტომატურად ეხმარებათ კომპანიის შემოსავლების მონიტორინგში, ხარჯების ოპტიმიზაციაში, ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიკაციასა და ფულადი სახსრების ნაკადების მართვაში. ეს ყოველივე მნიშვნელოვან როლს თამაშობს კომპანიის ტემპის აჩქარებასა და ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის დაჭერაში.
მეორე მხრივ, აღსანიშნავია, ბუღალტრების მნიშვნელოვანი და ძვირფასი დროის დაზოგვა საზედამხედველო რეპორტინგის მომზადებაში. მათი გადატვირთულობიდან გამომდინარე, ის სერვისები, რასაც ამადეო გვთავაზობს მხოლოდ დამხმარე როლს ითამაშებს ბიზნესების აქტიური მუშაობის პროცესში. ბუღალტრებს და ბიზნესის მწარმოებლებს საშუალება ექნებათ, გაიმარტივონ საკმაოდ რთული პროცედურები, რაც მათ ბაზარზე თავის დამკვიდრებაში დაეხმარებათ.
M: როგორ უნდა მივიღოთ წვდომა Amadeo-ს მომსახურებაზე?
Amadeo-ზე წვდომა მარტივი და მოსახერხებელია. როგორც ვებზე დაფუძნებული პლატფორმა, ის არ საჭიროებს ჩამოტვირთვებს ან ინსტალაციას. მომხმარებლებს შეუძლიათ მასზე წვდომა პირდაპირ ნებისმიერი ბრაუზერიდან, თავიანთი მონაცემების ონლაინ აქტივაციით მიიღონ. გააქტიურების პროცესი 30-40 წუთი გაგრძელდება, ხოლო ამის შემდგომ, ამადეოს გამოყენებას ავტომატურ რეჟიმში შეძლებენ. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ მართოთ თქვენი ფინანსური ანალიტიკა ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს, მხოლოდ ინტერნეტით. ასევე გვყავს, მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი, რომელიც ყოველთვის მზად არის, დაგეხმაროთ.
M: რატომ აირჩიეთ სახელი Amadeo?
მოკლედ რომ ვთქვათ, Amadeo არის პროფესიონალი და კეთილი ფინანსისტი. როდესაც კომპანიის სახელზე ვფიქრობდით, სწორედ ამ კონცეფციიდან ამოვედით. სახელიც ამერიკის ყველაზე კეთილი ფინანსისტის Amadeo Giannini-ის პიროვნებით არის ინსპირირებული — ამერიკაში ცნობილია როგორც ადამიანი, რომელმაც შექმნა საცალო საბანკო ინდუსტრია და ბევრ ინდივიდს დაეხმარა კრიზისის დაძლევაში, დღეს მისი შექმნილი ბანკი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტია და Bank of America ეწოდება.
M: რა გეგმები გაქვთ მომავალში?
პროდუქტი სამ თვეში შეიქმნა. იგი ამ ეტაპზე გამოსაცდელ ფაზას გადის, რათა არსებულ ბიზნესგარემოს მოერგოს. მცირე დროის მიუხედავად, ჩვენ უკვე გვყავს მომხმარებლები და პარტნიორები. მათთან ერთად ვმუშაობთ იმ მიკროგაუმჯობესებებზე, რაც პროდუქტის სარეალიზაციოდ ჩაშვების შედეგად გამოჩნდა. სწორედ ამისთვის გვყავს მხარდამჭერის გუნდი. ჩვენ ბიზნესს ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მაქსიმალურად მარტივი და მისაღები ფორმით. მათ უნდა ავუხსნათ Amadeo-ს ყველა დადებითი მხარე. ამის მიღწევის შემდგომ შევძლებთ, ვიფიქროთ საზღვრების გაფართოებაზე. თუმცა, დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ პოტენციალი ძალიან მაღალია და მას შემდეგ, რაც Amadeo-ში ხელოვნური ინტელექტის მოდული ჩაშენდება, იგი მოთხოვნადი იქნება არამხოლოდ ქართულ, არამედ გლობალურ ბაზარზე.
M: კიდევ ხომ არ არის რაიმე, რის გაზიარებასაც მარკეტერის მკითხველისთვის ისურვებდით?
მთავარი სიახლე, რაც გვაქვს, Nexia 4SME-სთან პარტნიორობაა, რომლის ფარგლებშიც IV კატეგორიის საწარმოებს SARAS-ის ანგარიშგების გაგზავნას სიმბოლურ ფასად ვთავაზობთ. გვსურს, რაც შეიძლება ბევრ კომპანიას მივაწვდინოთ ხმა, რომ ეს შესაძლებლობა არსებობს.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი