in

amatera – საორსულე სამოსის ქართული ბრენდი, რომელიც ქალთა გაძლიერებაზე, სიყვარულსა და ზრუნვაზე დგას

Startauperi
Startauperi

იაპონურ მითოლოგიაში „ამატერა“ სინათლისა და ნაყოფიერების ქალღმერთია, ზოგადად კი, აღმოსავლურ კულტურაში „ამატერა“ სიცოცხლის მასაზრდოებელ ქალღმერთად მოიაზრება, დასავლურ კულტურაში კი, “matera” ჟღერადობით დედას ნიშნავს.

ქართულ რეალობაში „ამატერა“ მაღალხარისხიან, ელეგანტურ და მოსახერხებელი დიზაინის მქონე საორსულე ტანსაცმლის ბრენდად ითარგმნა. ბრენდად, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ ქალებს დაეხმაროს, მათი ცხოვრების ყველაზე საინტერესო და ცვლილებებით სავსე ეტაპზე შეინარჩუნონ ჩვეული სტილი და თავდაჯერებულობა.

ბრენდის მთავარი ღერძი და კონცეფცია ქალთა გაძლიერებაზე, სიყვარულსა და ზრუნვაზე დგას.

ბრენდის დამფუძნებელია სალომე სიხარულიძე – 35 წლის, წარმატებული მარკეტერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი და 3 შვილის დედა.

 „ჩემი გამოცდილება ამ ბრენდში არის ერთობლიობა იმ თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნისა, რომელიც როგორც მარკეტერმა და რაც მთავარია, როგორც ქალმა და დედამ წლების განმავლობაში დავაგროვე“.

„ამატერას“ დაფუძნების მთავარ იდეას რაც შეეხება, უნდოდა, შეექმნა ბრენდი, რომელიც იქნებოდა განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი ღირებულების მატარებელი და როგორც ბრენდი, გადაჭრიდა პრობლემას. 

ხოდა, სალომესთან საუბარიც სწორედ ამ კითხვით დავიწყეთ:

M: რა პრობლემას ჭრის „ამატერა“ ადგილობრივ ბაზარზე?
ვინაიდან, თავად ვარ სამი შვილის დედა, ყოველი ორსულობისას ერთსა და იმავე პრობლემას ვაწყდებოდი – შეუძლებელი იყო, ამ დროს ჩემი სტილი შემენარჩუნებინა და ამის პარალელურად, თავი კომფორტულად და ელეგანტურად მეგრძნო.

„ამატერას“ შექმნის იდეაც საჭიროებიდან გამომდინარე გაჩნდა – დღეს, საქართველოში ძალიან ძნელია, ორსულმა ქალმა კომფორტული, მოდური და ელეგანტური სამოსი შეიძინოს.

მე ვქმნი სამოსს, რომელშიც გათვალისწინებულია ყველა დეტალი, როგორც ხარისხი, ისე სტილი და კომფორტი, მაგალითად, გათვალისწინებულია ორსული ქალის მზარდი მუცელი, რათა ფეხმძიმობის ნებისმიერ ვადაზე და მშობიარობის შემდეგაც კომფორტულად ატაროს ამატერას სამოსი. 

„ამატერა“ ორსული ქალებისთვის საინტერესო გამოსავალია – მომატებული კილოგრამები, შეცვლილი სხეული, შეცვლილი გუნება-განწყობა და პასუხისმგებლობის მოლოდინი, რომელიც ცოტათი შიშსაც უკავშირდება – სწორედ აქ ვჩნდები მე, „ამატერა“, ბრენდი, რომელმაც მინდა, ქალებს ეს ყველაფერი ცოტათი მაინც შევუმსუბუქო, მინდა, დავეხმარო მათ, არ დაკარგონ ჩვეული სტილი, ისევ იყვნენ თავდაჯერებულები, სასურველები, ელეგანტურები.

მე სპეციალურად მათთვის ვქმნი სამოსს, რომელშიც გათვალისწინებულია ყველა დეტალი, ხარისხი იქნება ეს თუ მოხერხებულობა – მაგალითად, ორსული ქალის მზარდი მუცელი, რათა ფეხმძიმობის ნებისმიერ ვადაზე შეძლოს „ამატერას“ მორგება და უფრო მეტიც, ჩემს სამოსს მის გარდერობში მშობიარობის შემდეგაც საპატიო ადგილი ეჭიროს.

M: ამბობთ, რომ „ამატერას“ ფარგლებში შექმნილი მატერიალური პროდუქტის მიღმა არაერთი მნიშვნელოვანი არამატერიალური ღირებულებაა… გაგვიზიარეთ, რას გულისხმობთ?
„ამატერას“ მიზანია, ქალებს ორსულობის თანმდევი ფიზიკური და მენტალური პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს. „ამატერა“, გარდა სამოსისა, იყოს პლატფორმა, სადაც ქალები მიიღებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას ორსულობის დროს და მშობიარობის შემდგომი ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებ და ასევე, ისეთი პროდუქტები შექმნას, რომელიც ძუძუთი კვების სტიმულირებას შეუწყობს ხელს.

მჯერა, რომ სამყაროს სასურველი, თავდაჯერებული ქალები ატრიალებენ და რომ ორსულობა მათ ამ თვითრწმენას არ უნდა აკარგვინებდეს.

M: ბრენდის არქიტექტურას რაც შეეხება, შენების პროცესში პასუხისმგებლობები როგორ გადანაწილდა?
„ამატერას“ ბრენდზე სტრატეგმა, თაკო სულაქველიძემ და კრეატიულმა დირექტორმა, ბასა მეტრეველმა იმუშავეს. მათი დახმარებით, ბრენდის პლატფორმა და კონცეფცია შეიქმნა.

ბრენდინგი დიზაინ სტუდიო ORI-ს ფარგლებში შესრულდა, გვანცა ჩიჯავაძისა და სოფო გურასპაშვილის მიერ.

„ამატერა“ საიმიჯო ფოტოებით ლუიზა ჩალათაშვილმა და ლაშა ბაკურაძემ უზრუნველყვეს, ვიდეო კი – Hammock Magazine-მა, გიორგი მაისურაძემ მოამზადა.

M: როგორც ვიცით, „ამატერას“ ნაწარმზე თავად მუშაობთ, საკუთარ იდეებზე, გემოვნებასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით… ამჟამად, თქვენ გარდა, ვინ არის ჩართული ბრენდის პროდუქტების შექმნაში და ამ კუთხით განვითარება როგორ წარმოგიდგენიათ?
რა თქმა უნდა, განვითარების ეტაპებთან ერთად გუნდის გაფართოებასა და სხვადასხვა დიზაინერთან კოლაბორაციასაც მოვიაზრებ… მე არ ვარ დიზაინერი, უბრალოდ, ვიცი, რა სჭირდება ქალს ორსულობის დროს – როგორ სამოსში იგრძნობს ის თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად. ვიცი, რისი ნაკლებობაა ბაზარზე და მესმის ქალის იმ ემოციური მდგომარეობის, რომელიც მას ორსულობის დროს აქვს.

„ამატერა“ შეიქმნა იმისთვის, რომ მომავალ დედებს ის ენერგია და ბედნიერების სხივი გადასცეს, რომელიც თან დიდხანს გაჰყვებათ.

ტექნიკური მიმართულებით ვთანამშრომლობ გუნდთან, რომელიც დარგის საუკეთესო სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული, მათი უდიდესი შრომისა და გულითადი მუშაობის შედეგად, ვიღებ საუკეთესო ხარისხის შესრულებას.

„ამატერას“ შექმნის პროცესში ყველაზე მთავარია, თითოეული დეტალი კარგად ნაფიქრი და ორსულზე მორგებული იყოს; გამოყენებული მასალები ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებდეს, ვინაიდან ჩვენი მომხმარებელი განსაკუთრებულ და სპეციფიკურ ზრუნვას საჭიროებს. 

M: სად არის „ამატერასა“ და მომხმარებლების შეხვედრის ადგილი და მომსახურების თვალსაზრისით, თქვენს სამიზნე კატეგორიას რა განსაკუთრებულ მიდგომას სთავაზობთ?
„ამატერას“ სამოსის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდიდან: amatera.ge. მიწოდებას ვახდენთ მთელი საქართველოს მასშტაბით, გზავნილის ჩაბარება ხდება 1-3 დღის ვადაში. აქვე, ვითვალისწინებთ რა ჩვენი მომხმარებლის განსაკუთრებულობას, მას ზომის გადაცვლის შესაძლებლობასა და პირველად მიწოდებას უფასოდ ვთავაზობთ.

ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ორსულმა მოირგოს „ამატერას“ სიყვარულითა და ზრუნვით შექმნილი სამოსი.

M: გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ გესახებათ „ამატერა“, როგორც ბრენდი?ამატერა“ იქნება ბრენდი, რომელშიც გაერთიანდება ყველა ის კომპონენტი, რომელიც ქალს სჭირდება ორსულობის დროსა და მშობიარობის შემდეგ ეტაპებზე. ეს იქნება ტანსაცმელი თუ აქსესუარები როგორც  მისთვის, ასევე მისი შვილებისთვის. 

მუსიკალური ინდუსტრია და მისი კომერციალიზაცია

Subaru-ს კამპანია ტრავმირებული და დასახიჩრებული ძაღლების მხარდასაჭერად!