in

Amazon-მა ორი ახალი AI-პროდუქტი წარადგინა

Lenovo
Lenovo

Amazon-ის კუთვნილი პერსონალური AI-მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია “Bee” ახალ პროდუქტებს წარადგენს. ეს კომპანიის პირველი პროდუქტებია მას შემდეგ, რაც ის გასულ წელს საცალო ვაჭრობის გიგანტმა Amazon-მა შეიძინა. კომპანიამ წარმოადგინა Bee Frontier – მოწყობილობის ახალი თაობა, რომლის მაჯაზე ტარება ან ტანსაცმელზე მიმაგრებაა შესაძლებელი. მეორე პროდუქტია Bee Eclipse – საკრედიტო ბარათის ზომის მოწყობილობა, რომელიც მაგნიტის საშუალებით სმარტფონის უკანა მხარეს მაგრდება.

ახალი მოწყობილობა ისეთი AI-გაჯეტების კონკურენტია, როგორებიცაა Plaud Note და Pocket, თუმცა Bee მათთან შედარებით უფრო დაბალი ფასით გამოირჩევა. Bee Frontier ხელმისაწვდომი იქნება სამ ფერში, ხოლო Bee Eclipse-ის – ოთხში.

ორივე ახალი მოწყობილობის მუშაობის პრინციპი თავდაპირველი Bee-ს კონცეფციას ეფუძნება: ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ისინი ყოველდღიურ საუბრებს იმახსოვრებენ და მომხმარებლებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის შენარჩუნებაში ეხმარებიან. შემდეგ ეს ინფორმაცია კონკრეტულ დავალებებად, შეჯამებებად და სასარგებლო მიგნებებად გარდაიქმნება.

მაგალითად, თუ მეგობრებთან შეხვედრის გეგმებს განიხილავთ, Bee დაიმახსოვრებს შეთანხმებულ თარიღსა და დროს და კალენდარში შეხვედრის ჩანაწერს შექმნის. მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია ლექციების ჩასანიშნადაც ან ექიმთან განხილული მკურნალობისა და მკურნალობის გეგმის დასამახსოვრებლად.

Bee-ს ყველა მოწყობილობა უფასოდ ქმნის საუბრების შეჯამებებსა და მოკლე მიმოხილვებს და ინფორმაციის 14 დღის განმავლობაში შენახვის შესაძლებლობას იძლევა. თვეში 11.99 დოლარის ღირებულების Bee Pro-გამოწერა კი მომხმარებლებს შეუზღუდავი რაოდენობის შეჯამებებსა და Amazon.com-თან, Alexa+-თან და მესამე მხარის აპლიკაციებთან ინტეგრაციას სთავაზობს. Pro-ვერსია ასევე მოიცავს რეკომენდებულ დავალებებს, ყოველდღიური მოგონებების ფუნქციას, პერსონალურ ჩატასისტენტსა და საუბრის შაბლონებს.

გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ Bee Alexa-ს დაუკავშირონ. Amazon.com-თან და Alexa-სთან ინტეგრაციის წყალობით, Bee-ს მომხმარებლებს Amazon-ზე პროდუქციის შეძენა ან Alexa-სთვის ხმოვანი ბრძანებით Bee-ს მიგნებების, შეჯამებებისა და დავალებების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა შეეძლებათ.

Bee ასევე თავსებადია მომხმარებლების მიერ უკვე გამოყენებულ ინსტრუმენტებთან, მათ შორის Gmail-თან, Google Calendar-სა და Microsoft Outlook-თან. მოწყობილობას შეუძლია ელფოსტის პროექტების მომზადება, შეხვედრების დაგეგმვა, შესასრულებელი დავალებების გამოვლენა და სხვა მსგავსი მოქმედებების შესრულება.

ამასთან, მომხმარებლებს შეუძლიათ Bee-ში ფოტოების ატვირთვა ან მისი Apple-ის HealthKit-თან დაკავშირება.

Bee Frontier-სა და Bee Eclipse-ს მხოლოდ ერთი ღილაკი აქვს, რომლითაც მოწყობილობის ჩართვა და გამორთვაა შესაძლებელი. ორივე მათგანს აქვს ინდიკატორის ნათურაც, რომელიც საუბრის შეჯამების პროცესში ინთება.

დამატებით, Bee Frontier გამოირჩევა წყალგამძლეობით, შვიდ დღემდე მუშაობის ხანგრძლივობით, USB-C-პორტითა და ხმაურის გაფილტვრის გაუმჯობესებული სისტემის მქონე ორი მიკროფონით.

Bee-ს ყველა მოწყობილობას ახლავს მობილური აპლიკაცია, რომლის დიზაინიც განახლდა. კომპანიამ ასევე ახალი დესკტოპაპლიკაცია წარადგინა.

Bee Frontier-ის შეძენა უკვე შესაძლებელია Amazon-ზე, ხოლო Bee Eclipse გაყიდვაში მალე გამოჩნდება.

5 სტუდია და 5 განსხვავებული ხედვა – 22 ოქტომბერს „ლოკო პარკი“ არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენს

როგორ ვაწარმოოთ ფასწარმოქმნა ინფლაციის დროს