in

Amazon მობილურ აპლიკაციას AI ასისტენტს ამატებს

Amazon-მა დღეს მომხმარებლებს AI შოპინგ ასისტენტი Rufus წარუდგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ამაზონის მობილურ აპლიკაციაში ჩეტბოტს ესაუბრონ, სთხოვონ დახმარება პროდუქტების პოვნაში, შეადარებინონ ორი ნივთი ან მიიღონ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ რა იყიდონ…

ამგვარად, Rufus-ს შემდგომი კითხვები შეგიძლიათ დაუსვათ — რას უნდა მივაქციო ყურადღება ბოტასების ყიდვისას? რა სხვაობაა სარბენ და სალაშქრო ბოტასებს შორის? გამძლე ფეხსაცმელია? ან უბრალოდ შეგიძლიათ უთხრათ, რისი კეთება გსურთ: გარეთ ბაღის მოწყობა მინდა. რეკომენდაციებსაც გაგიზიარებთ ისეთი კითხვებისთვის, როგორებიცაა: რა ვაჩუქო პარტნიორს ვალენტინობისთვის? 5 წლის ბავშვისთვის რომელია საუკეთესო დინოზავრის სათამაშო? მოკლედ რომ ვთქვათ, რუფუსსაც ზუსტად ისე შეგიძლიათ გაესაუბროთ, როგორც სხვა AI ჩეტბოტებს. შეგიძლიათ როგორც მიწერა, ისე საუბარი.

AI ჩეტბოტს კი კომპანია სხვა ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებული ფუნქციების ფეხდაფეხ გვაცნობს. ბუნებრივია, მიზანი მომხმარებლებისთვის შოპინგის გამოცდილების გაუმჯობესებაა — დაწყებული ხელსაწყოებიდან, რომლებიც დაეხმარება მათ საჭირო ზომის ტანსაცმლის პოვნაში, დამთავრებული შეფასებებით, რომლებიც პროდუქტის ჰაილაითების, მომხმარებელთა შეფასებების, რეკლამის განმთავსებლებისა თუ გამყიდველების კომენტარების შეჯამებით მიიღება.

მოკლედ რომ ვთქვათ, Rufus გენერაციული AI გამოცდილებაა, რომელიც პროდუქტების კატალოგზე, მომხმარებელთა შეფასებებზე, ხშირად დასმულ კითხვებსა და ვებში არსებულ ინფორმაციებზე გაიწვრთნა. თუმცა ეს მონაცემები მოიცავდა თუ არა სხვა საცალო ვაჭრობის ვებგვერდებს, ამაზე არაფერს ამბობენ…

„ჯერ კიდევ გენერაციული AI-ის განვითარების ადრეულ ეტაპზე ვართ და ტექნოლოგია ყოველთვის საუკეთესოდ არ მუშაობს. ჩვენ გავაგრძელებთ AI მოდელების გაუმჯობესებას და დავხვეწავთ პასუხებს, რათა Rufus დროთა განმავლობაში მეტად გამოსადეგი გახდეს. მომხმარებლებს შეუძლიათ, უკუკავშირი როგორც მოწონება-არმოწონების ღილაკებით, ისე ტექსტური სახით დაგვიტოვონ“, — აცხადებენ კომპანიაში.

ახალი ინსტრუმენტი ამ ეტაპზე ბეტა რეჟიმში ამერიკელი მომხმარებლებისთვის იმუშავებს, მისი ჩვენთან მოხვედრა კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად ჩაივლის ტესტირების ეტაპი. თუმცა ისიც უნდა ვახსენოთ, რომ Amazon-ის AI ჩეტბოტის შემთხვევაში, რომელიც ბიზნესებისთვის შეიქმნა, ჰალუცინაციებთან და კონფიდენციალური ინფორმაციების გამჟღავნებასთან ხშირად ჰქონდათ საქმე… 

ბურთი თუ ლუდი? — მესი Michelob Ultra-ს რეკლამაში

„თეგეტა მოტორსმა“ უზბეკეთში ამერიკული ბრენდი Mobil ოფიციალურად წარადგინა