27
Sep
2019

Alexa-ს ახალი ფუნქციები, უსადენო ყურსასმენები და ყველა სიახლე Amazon-ის ღონისძიებიდან

27 Sep 2019

Alta
Alta


25 სექტემბერს, Amazon-მა ღონისძიებაზე ახალი მოწყობილობები წარადგინა. აღსანიშნავია, რომ მოწყობილობების უმეტესობა ხმოვან ასისტენტ Alexa-ს უკავშირდება, ან ამაზონის „ჭკვიანი სახლის“ შემადგენელი ნაწილია. განსხვავებით სხვა ღონისძიებებისგან, „ამაზონის“ პრეზენტაცია პირდაპირ ეთერში არ გადმოიცემოდა. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებისგან გარკვეული მოლოდინები არსებობდა, რამდენიმე მოწყობილობა მაინც მოულოდნელი სიახლე აღმოჩნდა, მაგალითად Echo Loop – ჭკვიანი ბეჭედი, Wi-Fi როუტერი Eero და ა.შ.

სანამ მოწყობილობების ჩამონათვალზე გადავალთ, უნდა აღინიშნოს, რომ Amazon-მა, ღონისძიების ფარგლებში დააანონსა სიახლეები, რომლებიც ორიენტირებულია მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის დაცვისკენ. ამ მიზნით, იმისათვის, რომ მომხმარებლებმა მოწყობილობების მიკროფონებისა და კამერების გამორთვა შეძლონ, „ამაზონი“ მათ შესთავაზებს „სახლის რეჟიმს“. რეჟიმის გამოყენებით, სხვადასხვა მოწყობილობა აღარ ჩაიწერს ხმასა თუ ვიდეოს.

გარდა ამისა, Alexa-ს დაემატება წაშლის ფუნქცია. მაგალითად, შეძლებთ წაშალოთ ის, რაც დღეს ჰკითხეთ თქვენს ხმოვან ასისტენტს, სიტყვებით – “Alexa, delete everything I said today.” Alexa-ს მონაცემების გასუფთავების ავტომატური რეჟიმებიც ექნება (მაქსიმუმ, 18 თვის განმავლობაში შეინახავს თქვენს ისტორიას, თუ არ გაასუფთავებთ მას). გარდა ამისა, Amazon-ის ხმოვანი ასისტენტის ხმა გაუმჯობესდება და ემატება ახალი ფუნქცია – ის შეძლებს ცნობილი ადამიანების ხმაზე დაგელაპარაკოთ. პირველ ეტაპზე კი, სემუელ ელ ჯექსონის ხმა ექნება. აღსანიშნავია კიდევ ერთი სიახლე – Alexa-ს ორი ენის პარალელური მხარდაჭერა ექნება(მაგალითად, თუ სახლში ინგლისურად და ფრანგულად საუბრობენ.)

ჭკვიანი ბეჭედი Echo Loop
Echo Loop – ეს არის ტიტანისგან დამზადებული ბეჭედი, რომელიც უკავშირდება ტელეფონს და აქტიურდება ღილაკზე ხელის დაჭერით. მასში ჩაშენებულია ორი მიკროფონი და პატარა დინამიკი, რომელთა დახმარებითაც მომხმარებელს შეუძლია ხმოვან ასისტენტს დაუკავშირდეს. ღილაკზე თითის ორჯერ დაჭერით კი შეგიძლიათ სასურველ ადამიანს დაურეკოთ. სრული დამუხტვის შემთხვევაში, Echo Loop-ის ელემენტი ერთი დღის განმავლობაში ძლევს. დასაწყისისთვის, Amazon მოწყობილობას შერჩეულ კლიენტებზე გაყიდის, შემდეგ კი ბეჭედი მასობრივად იქნება ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე, მოწყობილობის ფასი 129 დოლარია.

სათვალე Echo Frames
„ამაზონის“ 31-გრამიანი სათვალე (ან მისი ჩარჩო) ჩვეულებრივ სათვალეს ჰგავს – მას არ აქვს ეკრანი, ან კამერა, თუმცა, აქვს ფარული მიკროფონი, რომლის დახმარებითაც Alexa-სთან კომუნიკაცია, ტელეფონის გარეშე შეგეძლებათ. მისი აკუსტიკური სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ხმოვანი ასისტენტის პასუხი მხოლოდ იმ ადამიანს ესმის, ვისაც სათვალე უკეთია და არა გვერდითმდგომს. სათვალის მიერთება ჯერჯერობით, მხოლოდ Android-ის სისტემის ტელეფონებზე შეიძლება. მოწყობილობის დახმარებით შეგიძლიათ მოისმინოთ შეტყობინებები, რომლებიც თქვენს ტელეფონზე მოვიდა, დარეკოთ ვინმესთან, ან ჩაწეროთ პოდკასტი და მისი ფასი, ჯერჯერობით, 179 დოლარია.

უსადენო ყურსასმენი Echo Buds

Amazon უკვე უსადენო ყურსასმენების მიმართულებითაც გვევლინება მოწყობილობების მწარმოებლად. Echo Buds კომპანიის პირველი უსადენო ყურსასმენია, რომლის დახმარებითაც, რა გასაკვირია და, Alexa-სთან დაკავშირება შეგეძლებათ. ამ მოწყობილობის შემთხვევაში, „ამაზონმა“ დიდი ყურადღება დაუთმო ხმის იზოლაციას და იძლევა გარანტიას, რომ გაიგებთ მხოლოდ იმას, რას ყურსასმენში ისმის და არა გარემოს ხმებთან შერეულ მუსიკას. უნდა აღინიშნოს და გასაკვირიც კია, რომ Echo Buds-ს მხოლოდ Alexa-სთან მუშაობა როდი შეუძლია. მისი გამოყენება სხვა ხმოვანი ასისტენტების (Google Assistant, Siri) შემთხვევაშიც შესაძლებელია. ყურსასმენის ელემენტი, სრული დამუხტვისა და უწყვეტი გამოყენების შემთხვევაში, 5 საათი ძლებს. მოწყობილობის ფასი, წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში, 129 დოლარია.

Alexa Smart Oven

Amazon-ის „ჭკვიანი სახლის“ მიმართულებით რომ ვისაუბროთ, მან ჭკვიანი ღუმელი Alexa Smart Oven წარადგინა. ეს არის ჰაერღუმელი, რომელშიც საკვებს, ასე ვთქვათ, ასკანერებთ, რის შემდეგაც, Alexa გეუბნებათ, რა ტემპერატურაზე და რეჟიმშია კერძის მომზადება საჭირო. მის მართვას ხმოვანი ბრძანებების საფუძველზე შეძლებთ. წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია, ხოლო რაც შეეხება ფასს, Alexa Smart Oven 249 დოლარი ღირს.

Ring camera amazon-ის სურათის შედეგი

კამერა Ring

ინტერიერის კამერა Ring „ამაზონის“ თქმით, ეს არის სახლის კამერა, რომელიც ელემენტზე მუშაობს და უკავშირდება Alexa-ს. ის ხმოვანი ასისტენტის ახალი – სახლის რეჟიმის შემადგენელი ნაწილია და მოგცემთ საშუალებას, თქვენს არ ყოფნაში, აკონტროლოთ, რა ხდება თქვენს სახლში. კამერა უკვე ხელმისაწვდომია და მისი ფასი 59 დოლარია.

Echo Flex
Amazon-ის შემდეგი და ყველაზე პატარა Echo მოწყობილობა Echo Flex-ია. ეს არის მოწყობილობა, რომელიც დენის წყაროში ერთდება, ის ასრულებს კამერის ფუნქციას. მისი „დამონტაჟება“ ყველგან შეგიძლიათ და ასევე, ერთგვარი მიკროფონია ალექსასთვის. მისი ფასი 24 დოლარია.

Wi-Fi მოდემი – Eero

Amazon-ის Wi-Fi მოდელ Eero-ს, რა თქმა უნდა, შეუძლია „ალექსასთან“ დაკავშირება, რაც ნიშნავს, რომ მის მართვას ხმოვანი ბრძანებების საფუძველზე შეძლებთ. შეგიძლიათ თხოვოთ Alexa-ს, შეზღუდოს Wi-Fi-ს გავრცელება კონკრეტულ მოწყობილობაზე, ან საერთოდ. შეგიძლიათ ჩართოთ „სტუმრის ვაიფაის“ სერვისი, რაც ნიშნავს, რომ თქვენს სახლში სტუმრად მოსულ ადამიანს, ხმოვანი ბრძანების საფუძველზე ჩაურთავთ Wi-Fi-ს. Amazon-ის თქმით, მოწყობილობის ინსტალაციისთვის 10 წუთზე ნაკლებია საჭრო. მისი ფასი კი 99 დოლარია. 

ჭკვიანი სანათი Echo Glow

მართალია, რომ Echo-ს სერიის პროდუქტების უმეტესობა ზრდასრული ადამიანებისთვისაა, თუმცა, Echo Glow – ანუ „ამაზონის“ ჭკვიანი სანათი ბავშვებისთვის შექმნეს. ეს ფერადი სანათია, რომელსაც ხმოვანი ბრძანების (ან ჩურჩულის) საფუძველზე შეუძლია ფერი იცვალოს და სხვადასხვა რეჟიმზე გადავიდეს. მისი ფასი, წინასწარი შეკვეთის პირობებში, 29 დოლარია.

Echo Show 8 
Echo Show 8 „ამაზონის“ ჭკვიანი ეკრანია, რომლის ზომა რვა ინჩია. ეს არის ერთგვარი ეკრანი „ალექსასთვის“. როგორც „ამაზონის“ ლამის ყველა პროდუქტი, ესეც მისი ხმოვანი ასისტენტის გარშემოა აწყობილი და მისი გამოყენება სხვადასხვა მიზნისთვის შეგიძლიათ. მაგალითად, ვიდეოზარისთვის, რომელსაც თქვენი ხმოვანი ასისტენტი დაგეგმავს. მისი ფასი, წინასწარი შეკვეთით, 129 დოლარია. 

Echo Studio
„ამაზონის“ თქმით, Echo Studio არის ყველაზე ინოვაციური სპიკერი, რაც კი კომპანიას შეუქმნია. ის 5 დინამიკისგან შედგება, აქვს 3D აუდიოს მხარდაჭერა და რაც მთავარია, შეუძლია ადაპტირდეს იმ შენობასა და გარემოში, სადაც დადგამენ. ანუ, შეუძლია დაადგინოს, რა გარემოში რა ჟღერადობა სჯობს ჰქონდეს. მისი ფასი, წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში, 199 დოლარია. Amazon-ის თქმით, კომპანია მუშაობს, რაც შეიძლება მეტი ტრეკი მიიღოს 3D აუდიო მხარდაჭერით, ისეთი კომპანიებისგან, როგორიცაა Sony,  თუ Universal.

განხილვა