Alexa ციფრულ ასისტენტებს შორის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი იყო, მაგრამ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ზრდასთან ერთად, Amazon-ის ერთჯერადი კულტურული ფენომენი ნაკლებად აქტუალური გახდა.
თუმცა Amazon ამჟამად ემზადება Alexa-ს განახლებული ვერსიის წარსადგენად, რომელშიც ჩაშენებული იქნება გენერაციული ხელოვნური ინტელექტიც, რათა უკეთ გაუწიოს კონკურენცია ამ მიმართულებით ბევრად განვითარებულ ჩატბოტებს. CNBC იტყობინება, რომ ცვლილებები ფინანსური თვალსაზრისითაც იგეგმება — Alexa-ს განახლებული ვერსიით სარგებლობისთვის ყოველთვიური გადასახადის გადახდა მოგიწევთ.
Alexa უკვე 10 წელია, არსებობს და თავის დროზე რევოლუციურად გამოიყურება. ხმოვანი კომუნიკაციის დამყარებით მისთვის შესაძლებელია სხვადასხვა ბრძანების მიცემა, როგორიცაა, მაგალითად, მუსიკის ჩართვა, ამინდის შემოწმება და ა.შ. მაგრამ ასპარეზზე AI-ს ფართოდ გამოჩენის შემდეგ ის თანდათან მარცხდება შეზღუდული ფუნქციონალის გამო.
გასულ კვირას OpenAI-მ ახალი ChatGPT-4o წარადგინა, რომელსაც შეუძლია ვოკალური ბრძანებების აღქმა და ხმოვანი პასუხის გაცემაც, რაც Alexa-ს მნიშვნელობას დღითიდღე ამცირებს.
გავრცელებული ინფორმაციით Alexa ჯეფ ბეზოსის ერთი-ერთი ფავორიტი პროექტი იყო, ამიტომაც ჰქონდა დიდი მხარდაჭერა ამაზონისგან. თუმცა, ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორის, ენდი ჯასის მმართველობის პირობებში ტექნოლოგიამ აქამდე ვერ მიიღო ვერც ერთი მნიშვნელოვანი განახლება.
ახლა სიტუაცია შეიცვალა. ამაზონმა გასულ თვეს აქციონერთა ყოველწლიურ ანგარიშში განაცხადა, რომ ის ქმნის GenAI აპლიკაციების მნიშვნელოვან რაოდენობას ამაზონის ყველა სამომხმარებლო ბიზნესისთვის, მათ შორის ხმოვანი ასისტენტის რევოლუციური წინსვლა დაიგეგმა. კომპანია მუშაობს საკუთარ დიდ ენობრივ მოდელზე, რომელიც ცნობილია, როგორც Titan, რაც, სავარაუდოდ, აამუშავებს AI-ით გაძლიერებულ Alexa-ს.
რაც შეეხება ყოველთვიურ ღირებულებას, CNBC იტყობინება, რომ გამოწერა არ შედის Amazon Prime-ში და კომპანიას ჯერ არ დაუზუსტებია საკომისიოს რაოდენობა. ChatGPT-ის მომხმარებლები თვეში 20 დოლარს იხდიან, მაგრამ ამაზონს შეუძლია არსებითად შეამციროს თანხა მომხმარებელთა მოზიდვის მიზნით.