15
Aug
2019

Amazon დონაციის პროგრამას იწყებს

15 Aug 2019

Amazon-ით გამოწერილ პროდუქციას, ხშირად, უკან აბრუნებენ, ან საერთოდ ვერ იყიდება. მერე ზოგი ფუჭდება, ზოგს უბრალოდ ყრიან. CNBC-ის ცნობით, კომპანიის ხელმძღვანელობას სურს, მისმა მიმწოდებლებმა დარჩენილი ნივთები არ გადაყარონ. გამოსავალი მარტივად იპოვეს – „ამაზონი“ საქველმოქმედო, დონაციის პროგრამას იწყებს.

Photo Credit: CNBC

მას Fulfillment by Amazon (FBA) Donations ერქმევა და 1 სექტემბრიდან „გაეშვება“. პლატფორმის საშუალებით, „ამაზონის“ მიმწოდებელი კომპანიები იმ პროდუქციას დაარიგებენ, რომელიც არ გაიყიდა ან თავად „ჩამოწერეს“. ასეთი ნივთები ახლა Amazon-ის საცავებში ინახება, აშშ-სა და ბრიტანეთში. დონაციის პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

შემოწირულობებს ქსელში, აშშ-ს მასშტაბით ჯგუფი Good360, ბრიტანეთში კი საქველმოქმედო ორგანიზაციები  Newlife და Barnardo’s გაანაწილებენ.

„ამ პროგრამის საშუალებით, ნაგავსაყრელზე, რაც შეიძლება ნაკლები ნივთი წავა, სამაგიეროდ, კომპანიები იმ ადამიანებს დაეხმარებიან, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება“, – ნათქვამია Amazon-ის ოფიციალურ განცხადებაში.

„ამაზონის“ მიმწოდებელი ამბობენ, რომ ამ პროგრამით მნიშვნელოვან თანხებს დაზოგავენ, რადგან სავაჭრო პლატფორმა, მათ, თითო უკან დაბრუნებულ, დარჩენილ ნივთზე 50 ცენტს,  „ჩამოწერილზე“ კი 15 ცენტს ახდევინებს.

„ამაზონზე დაბრუნებული ნივთების უმრავლესობა ხელახლა იყიდება მომხმარებლებზე ან ლიკვიდატორებზე, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც საქველმოქმედო მიზნით, სხვადასხვა ორგანიზაციებს გადაეცემა“, – ამბობენ Amazon-ის წარმომადგენლები.

სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, გამოუსადეგარი ნივთები მათ მისცენ, ვისაც სჭირდება. თანაც, მიმწოდებლები დამატებითი ხარჯებისგან და საზრუნავისგან გათავისუფლდებიან.

განხილვა