in

Shein-სა და Temu-სთან კონკურენციის მიზნით, Amazon-მა ბაზარზე ახალი მოთამაშე შემოიყვანა

ჩვენ იმ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ინტერნეტმაღაზიებმა, Temu და Shein, მყიდველების უზარმაზარი რაოდენობა წაართვეს სხვა პლატფორმებს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამან ელკომერციის გიგანტზე, Amazon-ზეც იქონია გავლენა, ამიტომ ბრენდის პასუხმაც არ დააყოვნა და ახალი პორტალით გამოგვეცხადა – Amazon Haul, რომელიც განთავსდება ამაზონის აპში და მის ვებსაიტზე. აქ წარმოდგენილი პროდუქტები ფასდაკლებული იქნება და საშუალოდ 10-20 დოლარი ეღირება.

საინტერესოა ის, Amazon Haul-ის მთავარი გვერდიც კი საკმაოდ მიმსგავსებულია Shein-სა და Temu-ს. დიზაინიდან გადმოტანილია ისეთი ელემენტები, როგორებიცაა, მაგალითად, პროდუქტების grid-ებით გამოჩენა, ხოლო მიწოდების დრო და რეიტინგები არ ჩანს ნივთზე დაწკაპუნების გარეშე. ეს არ არის ტიპური დიზაინი ამაზონისთვის, თუმცა, ვისაც Shein-სა და Temu-ზე უშოპინგია, მისთვის ეს ინტერფეისი ნაცნობია. თავისი კონკურენტების მსგავსად, Amazon Haul ასევე ყიდის ტანსაცმელს, სილიკონის საცნობ ფორმებს, ჰუდებს, წინდებს და სხვა აქსესუარებს.

როგორც თავად ბრენდი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი Prime წევრები აქტიურად აგრძელებენ პროდუქტის შეძენას ამაზონზე, ხშირად ესმით მომხმარებლებისგან, რომ დაბალფასიან პროდუქტებსაც ისურვებდნენ, სწორედ ეს გახდა ახალი პლატფორმის შექმნის მიზეზი.

Temu და Shein საკმაოდ პოპულარულია ზეტ თაობის წარმომადგენლებში. Appfigures-ის კვლევის მიხედვით, ყველაზე პოპულარული აპლიკაცია აშშ-ის 18-დან 24 წლამდე ასაკის მომხმარებლებში იყო Temu, მეორე ადგილზე კი Shein.

თუმცა ამაზონის უპირატესობად მაინც რჩება ნდობა, რომელიც მან წლების განმავლობაში დააგროვა. ახალი პლატფორმის შექმნის შემდეგაც, ის ამტკიცებს, რომ წინასწარ ამოწმებს გამყიდველებს და თუ მომხმარებელს სურს დააბრუნოს შესყიდული ნივთი, შეუძლია ამის გაკეთება უფასოდ 15 დღის განმავლობაში იმ შემთხვევაში, როცა პროდუქტის ფასი 3 დოლარს აღემატება.

როგორც ამაზონის გუნდი ამბობს, მათი მიზანია, ყველა ბიუჯეტზე მორგებული მომხმარებელი კმაყოფილი ჰყავდეთ, პროდუქტები კი, რომლებსაც ისინი ყიდულობენ, იყოს უსაფრთხო, ავთენტური და ისეთ მდგომარეობაში, როგორი მოლოდინიც აქვს თავად მყიდველს.

რა შეთავაზებები მოქმედებს თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში? – ფესტივალის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი

როდის დადგა პირველი „შავი პარასკევი“ ისტორიაში?