in

რა გვასწავლა Amazon-მა – ინფორმაციის დაცულობის და მომხმარებლის ინფორმირების როლი ბიზნესის წარმატებაში

ფაქტობრივად, არ არსებობს ტექნოლოგიური ბიზნესი, რომელსაც შეხება არ აქვს პერსონალურ მონაცემებთან. რა ტიპის პროდუქტსაც არ უნდა სთავაზობდეს ის მომხმარებელს, ნებისმიერ შემთხვევაში, საჭირო ხდება მომხმარებლის შესახებ გარკვეული პირადი ინფორმაციის იდენტიფიცირება.

 

სტარტაპების მდგომარეობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო სპეციფიკურია, რადგან ისინი არ დადიან გაკვალულ გზაზე და უამრავი განუსაზღვრელობით სავსე გარემოში იწყებენ ფუნქციონირებას.

თუ პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებს თავიდანვე სიღრმისეულად არ გავეცნობით და არ მივიღებთ გარკვეული უსაფრთხოების ზომებს, ამან შესაძლოა მომხმარებლის ინფორმაციის არამიზნობრივი და ბოროტად გამოყენება გამოიწვიოს და დააზარალოს როგორც მომხმარებელი, ისე კომპანია. რისკების დაზღვევის ნაცვლად შეცდომების გამოსწორებაზე პოსტფაქტუმ ზრუნვამ კი, შესაძლოა, ისეთ უარყოფით შედეგამდე მიგვიყვანოს, რომლის გამოსწორებაც მატერიალური რესურსებით შეუძლებელი იქნება.  

სწორედ ამიტომ, როგორც სტარტაპისთვის, ასევე ჩამოყალიბებული ბიზნესების მიერ ახალი პროდუქტის შემუშავებისას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია Privacy by design პრინციპით მუშაობა და ანუ პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტის მომსახურების, თუ პროდუქტის ჩანასახშივე გათვალისწინება.

კნიკის გუნდი იდეის გაჩენის დღიდან ფიქრობს მომხმარებელების მაქსიმალურ უსაფრთხოებაზე. ჩვენი პროდუქტის უმთავრესი ფუნქცია ხომ სწორედ მომხმარებლის ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების შენახვაა. შესაბამისად, ის მაქსიმალურად უნდა აკმაყოფილებდეს დაცულობის ნორმებს. შესაბამის შედეგამდეც მივედით:

მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის დაცულობის უზრუნველსაყოფად კნიკს სისტემურ და უშუალო პროდუქტის დონეზე რამდენიმე მექანიზმი აქვს გამოყენებული:

  • ბეჭედში მოთავსებულია უახლესი თაობის, ყველაზე დაცული მეხსიერების ბარათი, რომლის უნიკალური იდენტიფიკატორის კოპირებაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია მესამე მხარის მიერ;
  • სპეციალური, ჩვენ მიერ განვითარებული ანტენის დიზაინის მეშვეობით, წამკითხველის მიერ ბეჭდის აღქმა ხდება მხოლოდ ბეჭდის 90 გრადუსიანი დახრილობის შემთხვევაში, შედეგად ბეჭედი მხოლოდ მფლობელის სურვილის შემთხვევაში გადასცემს წამკითხველს ინფორმაციას. ეს ყოველივე ხელს უშლის თაღლითებს მიითვისონ მფლობელის ინფორმაცია.
  • კნიკზე არსებული ინფორმაცია ინახება მხოლოდ ბეჭედზე ლოკალურად, რაც საიტისადმი ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში, ბეჭედზე არსებული ინფორმაციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

სამომავლოდ, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით კნიკზე მფლობელის პირველადი სამედიცინო ინფორმაციის ჩაწერა განიხილება. ამ ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ სამედიცინო პერსონალს, სპეციალური წამკთხველების მეშვეობით ექნებათ. პროექტის ფარგლებში მომხმარებლის პირადი ინფორმაციის დაცულობის უზრუნველსაყოფად კნიკის გუნდი ინტენსიურ კონსულტაციებს გადის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან, რათა სისტემის ჩანასახშივე იყოს გათვალისწინებული უსაფრთხოების საკითხები და მაქსიმალურად დახვეწილი გადაწყვეტილება შევიმუშაოთ.

პერსონალურ მონაცემთა დაცულობისადმი მომხმარებელთა დამოკიდებულებასთან დაკავშირებით საინტერესო გამოცდილება მივიღეთ ამერიკის ბაზარზე. კნიკის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელსაც ბეჭედი Amazon-ზე ჰქონდა შეძენილი, დეტალური ინფორმაცია მოითხოვა მისი მეილის მისამართის გამოყენებასთან დაკავშირებით. ერთი ადამიანის ასეთი დეტალური მოთხოვნით დოკუმენტაციაში ცვლილებები შევიტანეთ და დეტალურად განვმარტეთ, თუ რატომ ვითხოვდით, რაში ვიყენებდით და ხომ არ ვასხვისებდით მათ იმეილს, რითაც მომხმარებელთა ინფორმირება მათი დაცულობის შესახებ ახალ ეტაპზე გადავიდა.  

ეს კარგი მაგალითია იმისა, რომ კომპანიის ძალისხმევა პერსონალური ინფორმაციის დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა გაცილებით ეფექტიანია, როდესაც მომხამრებელიც ერთვება ამ პროცესში და ორმხრივი თანამშრომლობით ხდება როგორც სისტემის ახალი მიმართულებით განვითარება, ასევე სწორი კომუნიკაცია და ინფრომირება.

ჩვენ გვჯერა, რომ ბაზარზე თავის გრძელვადიანად დამკვიდრების ერთადერთი გზა მომხმარებლის სურვილების და მოლოდინების სწორ აღქმაზე გადის. თანამედროვე მომხმარებელი კი ნდობას ისეთ ბიზნესს უცხადებს, რომელიც მის პერსონალურ მონაცემებს შესაბამისი პასუხისმგებლობით მოეკიდება. #28იანვარი #პერსონალურმონაცემთადაცვისდღე

ავტორი: ნინო გვაზავა, Cnick

„კესანე“ – ტექსტილისა და საბავშვო თეთრეულის მწარმოებელი კომპანია ქართულ ბაზარზე

შთამბეჭდავი გამოსვლები, რეკორდები და დაუვიწყარი ექსტრემალური სანახაობა – BBC ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება