19
Sep
2019

Amazon-ს კონკურენციის პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებენ 

19 Sep 2019

მსოფლიოს უმსხვილესი ინტერნეტ რითეილერის Amazon-ის საძიებო სისტემაში ცვლილებებია. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. პოპულარული და აქტუალური ნივთების მაგივრად, პლატფორმა, მომხმარებელს, პირველ გვერდებზე, იმ პროდუქციას შესთავაზებს, რომელსაც კომპანიისთვის ყველაზე დიდი მოგება მოაქვს. ანუ, ჯერ ის ნივთები გამოჩნდება, რომლებიც უკეთ იყიდება და მეტი „კლიკი“ აქვს. ამ ცვლილების გამო, რითეილერს, კონკურენციის პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებენ.

კომპანიის ხელმძღვანელობა, აქამდე სპეციალისტებისგან ითხოვდა, ძიებაში ის კონკრეტული პროდუქტები გამოჩენილიყო, რომლითაც გაიგებდნენ, როგორ იზრდებოდა მომხმარებელთა კმაყოფილება. The Wall Street Journal წერს, რომ ახლა მენეჯერებს სურთ, შეაფასონ, როგორ იმოქმედებს და გაზრდის თუ არა ეს ცვლილებები Amazon-ის მოგებას.

კომპანიაში ამბობენ, რომ კრიტერიუმები მოგების გასაზრდელად არ შეუცვლიათ, ახალი ფუნქცია ტესტირების რეჟიმშია და სიახლე მხოლოდ კონკრეტული მაჩვენებლების შესამოწმებლად დანერგეს. მათივე თქმით, რენტაბელურობის ზრდას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავენ.

ასეთი ცვლილების გამო, Amazon-ის საქმიანობით ქვეყნის ანტიმონოპოლიური სამსახურები დაინტერესდნენ. ისინი საძიებო სისტემის ალგორითმებს ამოწმებენ. ასევე სწავლობენ, როგორ არის წარმოდგენილი სხვადასხვა კომპანიების პროდუქტები პლატფორმაზე.

აშშ-ის კონგრესში, 2019 წლის ივლისში, ერთხელ უკვე გაიმართა მოსმენა ამ თემაზე. მაშინ Amazon-ის წარმომადგენლები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ კომპანია ბაზრის სხვა მოთამაშეების მონაცემებს საკუთარი გაყიდვების გაზრდის მიზნით არ იყენებს.

 

განხილვა