in

Amazon საათობრივი თანამშრომლებისთვის კოლეჯის სწავლის საფასურს სრულად დაფარავს

ინიციატივა კომპანიის Career Choice პროგრამის გაგრძელებას წარმოადგენს

veon
veon

Amazon-მა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მისი 750 000-ზე მეტი ამერიკელი თანამშრომელი მიიღებს დაფინანსებას კოლეჯის ხარჯების დასაფარად. თუმცა ეს მხოლოდ იმ სასწავლებლებს ეხება, რომლებიც ინტერნეტ გიგანტის პარტნიორები არიან. 

სწავლის საფასურის გადახდა კომპანიის Career Choice პროგრამის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც დასაქმებულთა განათლებას და სწავლას უჭერს მხარს. 

“ამაზონი ამჟამად უმსხვილესი სამუშაოების შემქმნელია აშშ-ში და ვიცით, რომ თანამშრომლებისთვის უფასო სწავლების მიწოდების ინვესტიციამ შეიძლება, დიდი პროგრესი გამოიწვიოს. Career Choice პროგრამა თითქმის 10 წლის წინ დავიწყეთ, რათა სწავლის გაგრძელების ყველაზე დიდი ბარიერები მოვხსნათ – დრო და ფული. ახლა კი ინვესტიციას სწავლის საფასურის სრული დაფარვით ვაფართოებთ” – ამბობს დეივ კლარკი, Amazon Worldwide Consumer-ის აღმასრულებელი დირექტორი. 

ამასთან, კომპანია თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, კლასებში სიარული ჩვეულებრივ შეუთავსონ სამსახურს. მათ შეუძლიათ, “იმდენადვე ნაკლები ან მეტი დრო იმუშაონ, რამდენადაც ამის საშუალებას მათი გრაფიკი და წლიური ბიუჯეტი იძლევა.

Career Choice ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის, რომელსაც ლურჯი სამკერდე ნიშანი აქვს და მუშაობს სრულ ან ნახევარ განაკვეთზე. 

გარდა ამისა, ამაზონი მნიშვნელოვნად აფართოებს სარგებელს და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, რომლებიც კომპანიაში მუშაობის გარდა თანამშრომლებს სხვა კარიერის ქონის უფლებასაც აძლევს. მეგა-კორპორაციამ მაგალითად Career Choice კურსდამთავრებული და ამაზონის ყოფილი თანამშრომელი პატრიცია სოტო მოიხსენია, რომელიც 9 თვის განმავლობაში სწავლობდა, რათა სერტიფიცირებული სამედიცინო ასისტენტი გამხდარიყო. ეს კი მისი ამაზონში მუშაობის პარალელურად ხდებოდა. 

ეს ყველაფერი არაა – ამაზონი სამ ახალ ტრენინგს, უწყვეტ საგანმანათლებლო პროგრამას დანერგავს, რომელიც Career Choice-ის წევრებისთვის უფასო იქნება. ესენია: AWS Grow Our Own Talent – პროფესიული ტრენინგისა და დასაქმების სერვისი კომპანიის ღრუბლოვანი სერვისების ჯგუფისთვის, Surge2IT – სასწავლო რესურსი დამწყები IT თანამშრომლებისთვის, და დიზაინისა და მომხმარებლის გამოცდილების კვლევის ერთწლიანი პროგრამა (UXDR). 

ჯერ კიდევ 2019 წელს ამაზონმა თავისი Upskilling 2025 ინიციატივა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2025 წელისთვის ამერიკელი თანამშრომლების მომზადებისთვის 700 მილიონ დოლარამდე დაიხარჯებოდა. თუმცა ამჟამინდელი მონაცემებით ეს რიცხვი 1.2 მილიარდ დოლარამადე იზრდება. 

“ეს ახალი ინიციატივა თანამშრომელთა დასაქმებისა და შენარჩუნების თვალსაზრისით მნიშვნელოვან სტრატეგიას წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მაღალია ბრუნვა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა ამაზონი, ამ ტიპის სარგებელს შეუძლია, უფრო სერიოზული/მეტად კვალიფიციური ადამიანები მოიზიდოს” – აცხადებს ოდრი გუო, სანტა კლარას უნივერსიტეტის ეკონომიკის ასისტენტ-პროფესორი.

იაპონელი მკვლევარი ალცჰაიმერის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს!

თამაშს საზღვრები არ აქვს! – Play Station-ის რეკლამა