22
Aug
2019

რა მნიშვნელობისაა ამაზონის ტყე და რატომ უნდა გვადარდებდეს აქ გაჩენილი ხანძარი?

22 Aug 2019

მიმდინარე კვირის ორშაბათს ბრაზილიის ქალაქ სან პაულუს ცა მომენტალურად განაცრისფრდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ამაზონის ტროპიკული ტყიდან მონაბერი კვამლი იყო, რომელმაც მთელი ქალაქი დაფარა. ამ ამბავში მნიშვნელოვანი ფაქტი ისაა, რომ აღნიშნული ქალაქი ტყიდან 3200 კილომეტრითაა დაშორებული და უკვე ეს ფაქტიც მეტყველებს იმაზე, თუ რამხელა გასაჭირში იმყოფებოდა ტყე ამ დროისთვის.

 

უკვე მეთექვსმეტე დღეა, რაც ბრაზილიის ტერიტორიაზე არსებულ ამაზონის ტყეში ხანძარია, თუმცა, ამის შესახებ უცხოურმა მედიებმა სულ ახლახან დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ გასულ წელს ამ რეგიონში დაახლოებით 73 000-მდე ხანძარი დაფიქსირდა. თუმცა, ამჟამინდელმა ხანძარმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. ტყეზე გავრცელებული ხანძარი უკვე იმ მასშტაბისაა, რომ კოსმოსიდანაც კი ჩანს.

და მაინც, რა მნიშვნელობისაა დღესდღეობით ამაზონის ტროპიკული ტყე პლანეტისთვის?

  • ამაზონის ტყე მსოფლიოში არსებული ჟანგბადის 20%-ს გამოყოფს და სწორედ ამიტომაა, რომ მას მეორე სახელიც აქვს – “დედამიწის ფილტვები”
  • ტყეში დიდი ინტენსივობით ხდება ნახშირორჟანგის შთანთქმა, რაც ბუნებას საფრთხეს უმცირებს
  • აქ არსებული ტროპიკული ტყეები – სავანები დიდ ზეგავლენას ახდენენ კლიმატის ჩამოყალიბებაზე
  • ამაზონის ტყეში არსებული რესურსებით ხშირად მზადდება სამედიცინო მედიკამენტები – ტყეს განმკურნავი ფუნქციაც აქვს
  • ამაზონია გამორჩეული ბიომრავალფეროვნებით ხასიათდება – აქ უამრავი ენდემური სახეობის ფლორის და ფაუნის წარმომადგენლებს შეხვდებით
  • მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მთელ ამაზონის ტროპიკულ ტყეში 40,000 მცენარის სახეობა, 2,200 თევზის სახეობა, 1,294 ფრინველის სახეობა, 427 ძუძუმწოვარის სახეობა, 428 ამფიბიისა და 378 ქვეწარმავლის სახეობა ბინადრობს

ამაზონის ტროპიკული ტყე სულ უფრო და უფრო დაუცველი ხდება ხანძრების მიმართ. ამ კატასტროფას კი ხშირი გვალვები, კლიმატის ცვლილები და ადამიანის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა იწვევს. სამწუხაროდ, ამის თქმა გვიწევს მაშინ, როცა ეს ტყე აქ არსებული ნოტიო ჰავის გამო მსოფლიოში კატასტროფების მიმართ ყველაზე მდგრად ტერიტორიად მიიჩნეოდა. ტყეს შეეძლო, “შეეწოვა” ცუდი ნივთიერებები, ხშირი წვიმების გამო მალევე ჩაექრო ხანძრები.. Amazon Rainforest – სახელიც ხომ ამ წვიმების შედეგადაა ნაწარმოები.

იგი 7 მილიონ კვადრატულ კილომეტრზეა გაშლილი და სამხრეთ ამერიკის 9 ქვეყნის ტერიტორიას აერთიანებს. ამაზონია გამორჩეული ბიომრავალფეროვნებით ხასიათდება – აქ უამრავი ენდემური სახეობის ფლორის და ფაუნის წარმომადგენლები ბინადრობენ. ალბათ, მხოლოდ იმის თქმაც საკმარისი იქნება, რომ ეკვადორის ამაზონის ტყე ზუსტად ხის 1100 სახეობას აერთიანებს. ამაზონის ტყეში დღემდე საკმაოდ ბევრი ტომი და ხალხი ცხოვრობს, რომელთა საარსებო წყაროს მხოლოდ ეს ტყე წარმოადგენს.

ამ მონაცემებზე სულ მცირე თვალის გადავლებაც ალბათ საკმარისი იქნება, რომ მივხვდეთ – ამ ტყის დღევანდელი მდგომარეობა მხოლოდ ბრაზილიელებს და ზოგადად სამხრეთ ამერიკელებს არ ეხებათ. დღეს, როცა უკვე ტყის საფარი მთელ დედამიწაზე კატასტროფულ სიმცირეს განიცდის, როცა ტყეების მაგივრად უდაბნოები წარმოიქმნება, როცა უბრალოდ ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლების ე.წ “სახლი” ნადგურდება და ისინი თავშესაფარს ვეღარ პოულობენ, ეს ხანძარი და ზოგადად ამგვარი შემთხვევები პლანეტას კატასტროფულ ვითარებაში აყენებს.

ბრაზილიის ამაზონია ჩვენგან საკმაოდ შორსაა, მაგრამ მისი ხანძრის შედეგებზე იმავეს ვერ ვიტყვით. თუკი დედამიწას რაიმენაირი საფრთხე ემუქრება, ეს საფრთხე მის ყველა ნაწილზე ვრცელდება. იმ ტყის განადგურება, რომელიც მსოფლიო ჟანგბადის მეხუთედს გამოყოფს, ჩვენთვისაც იმგვარადვეა სავალალო, როგორც ბრაზილიელებისთვის. და, ვფიქრობ, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ გულგრილი დამოკიდებულების შედეგად სან პაულუზე გავრცელებული ღრუბელი ჩვენს ცამდეც მოაღწევს.

#PrayforAmazonia

სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა