არიან ადამიანები, რომლებიც ამერიკულ ოცნებას მიჰყვებიან და სხვა რეალობას აღარ უბრუნდებიან — თავად ქმნიან ოცნების რეალურ გაგრძელებას. თუმცა დღეს გიამბობთ ადამიანზე, რომელიც ამერიკაში მიღებული გამოცდილებით კვლავ საქართველოს დაუბრუნდა… ანუ, მოისმენთ ამბავს, როგორ დაბრუნდა ყველასათვის ცნობილი კომპანია Amazon-იდან თამუნა პაპავა საქართველოში.
“თავი რომ ბედნიერად ვიგრძნო, ჩემთვის აუცილებელია საკუთარი თავის რეალიზება. თვითრეალიზებას კი ბევრნაირად შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს”, — ამბობს თამუნა. მას არაერთხელ გაუგონია საკუთარ თავზე სხვების წარმოდგენა, რომ კარიერას პირველ ადგილზე აყენებს. თუმცა, მისი თქმით, ეს მთლად სიმართლეს არ შეესაბამება. “ადამიანი ვერ იქნები ბედნიერი მხოლოდ (თუნდაც უსაყვარლესი) საქმის კეთებით. ოჯახი, პირადი ცხოვრება და მეგობრები ჩემთვის არანაკლებ (თუ არა მეტად) ძვირფასია. ასევე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ჩემი ინტერესები — მთები, ლაშქრობებზე სიარული, თხილამურები, მოგზაურობა; ისინი სიცოცხლის სულ სხვანაირ ხალისს მმატებს. ეს ყველაფერი ერთმანეთს ავსებს”.
ვიდრე საკუთარი თავის რეალიზაციის ამ ეტაპამდე მივიდოდა, ბაკალავრიატი საქართველოში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) გაიარა, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით. “ზოგადად დიდი იშვიათობა მგონია ადამიანმა 15 წლის ასაკში იცოდეს რისი კეთება უნდა. მაშინ ასე ხდებოდა: თუკი მათემატიკისკენ უფრო იყავი მიდრეკილი, ბიზნესზე ან ეკონომიკაზე აბარებდი; თუკი ჰუმანიტარული საგნები უფრო გეხერხებოდა — იურიდიულზე”.
ცხადია, უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრებამ წარმატებულ კარიერას შეუწყო ხელი — კარიერას, რომელიც საკონსულტაციო კომპანია TBSC Consulting-ში დაიწყო. 4.5 წლის შემდეგ კი ბიზნესის მიმართულებითვე გააგრძელა სწავლა მაგისტრატურაზე, უკვე ფულბრაიტის პროგრამის და საქართველოს ბანკის დაფინანსებით ამერიკაში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში.
M: ახლა კი, Amazon-ზე ვისაუბროთ… როგორ მოხვდით კომპანიაში და რა გზის გავლა დაგჭირდათ ამისთვის?
სწორედ ფულბრაიტის პროგრამას და ჯორჯთაუნში სწავლას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ამაზონში მოვხვდი. კომპანიის წარმომადგენლები მოვიდნენ უნივერსიტეტის კამპუსზე და გაგვაცნეს, რა შესაძლებლობები არსებობდა მათთან. ცხადია, ამაზონი უმსხვილესი, წამყვანი კომპანიაა ბევრი საზომით, მაგრამ ამასთან ერთად, ძალიან მოვიხიბლე მათი გულწრფელობით და პირდაპირობით. მაგალითად, ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პირდაპირ სცენიდან თქვა: “ჩვენ არ მოველით, იცოდეთ, რისი კეთება გინდათ ხუთი წლის შემდეგ [ერთ-ერთი სტანდარტული კითხვა გასაუბრებებზე]; ჩვენ მხოლოდ გონებაგახსნილ ადამიანებს ვეძებთ. თქვენს გზას ამ მრავალპროფილურ კომპანიაში უკვე თქვენით იპოვით”. ამ შეხვედრიდან, რომ გამოვედი, სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ამაზონში მინდოდა სტაჟირების გავლა. განაცხადი შევიტანე. მიუხედავად იმისა, რომ არც ტექნოლოგიურ სფეროში მქონდა გამოცდილება და არც საცალო ვაჭრობის (როგორც სხვა წარმატებულ აპლიკანტებს), გასაუბრებაზე დამიბარეს. ვფიქრობ, ჩემმა საკონსულტაციო გამოცდილებამ თავისი როლი ითამაშა ამაში. ორი გასაუბრების და ოთხი თვის შემდეგ კი მივიღე ნანატრი შემოთავაზება. სიეტლში სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ მივიღე შემოთავაზება სწავლის დასრულების შემდეგ სრულ განაკვეთიან თანამშრომლად დავბრუნებულიყავი ისევ სიეტლში.
M: რა გამოცდილება დააგროვეთ კომპანიაში, რა შეგძინათ მან და როგორ აპირებთ ამ ყველაფრის საქართველოში რეალიზებას?
დიდი, ძალიან დიდი გამოცდილება. ამაზონი მართლა დიდი სკოლა იყო ჩემთვის. უცებ სულ სხვა დონეზე აღმოვჩნდი. უამრავი ჭკვიანი და ხშირად ჩემზე ჭკვიანი ადამიანით ვიყავი გარემოცული. მალევე მივხვდი, რომ ეს დიდი შესაძლებლობა იყო მათგან ყოველდღიურად მესწავლა — ეს კი უზარმაზარი სტიმულია.
ჩემი სტაჟირება ამაზონის ლოჯისტიკის დეპარტამენტში იყო. ამაზონი კი წამყვანი ორგანიზაციაა ამ მიმართულებით. შემდეგ კლიენტების მომსახურების დეპარტამენტში ვმუშაობდი. ამაზონისთვის მომხმარებელი ყოველთვის ამომავალი წერტილია — მისი მისიაა, მომხმარებლებზე ყველაზე მეტად ორიენტირებული კომპანია იყოს მსოფლიოში. ამ პრინციპს ყველაზე მეტად კი სწორედ კლიენტების მომსახურების დეპარტამენტში ითავისებ. სიეტლის ოფისიდან ლონდონში გადასვლის შემდეგ ამაზონის ამ პრინციპის შესახებ ტრენინგებსაც ვატარებდი, რისგანაც დიდ სიამოვნებას და თან ძალიან დადებით შეფასებებს ვიღებდი.

გარდა ამისა, ამაზონში მუდმივად მიწევდა სრულიად განსხვავებულ ხალხთან ურთიერთობა — რამდენჯერ ყოფილა, რომ სადილად მაგიდასთან 6-7 ქვეყნიდან და 2-3 კონტინენტიდან ჩამოსული ადამიანები ვმსხდარვართ. ჩემ გარშემო კი ათეულობით ეროვნების ადამიანი სულ ტრიალებდა. ეს დიდი გამოცდილება იყო… ყველას თავისი კულტურა აქვს, სხვადასხვანაირი ლაპარაკის მანერა და ღირებულებები. ამავდროულად, ეს მრავალფეროვნება დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. დავხვეწე ადამიანებთან საქმიანი ურთიერთობების უნარები. მაგალითად, როგორ შევძლო ვიღაც დავარწმუნო, ესა თუ ის საქმე გააკეთოს, როდესაც ის ჩემ წინაშე ანგარიშვალდებული არ არის?
ყველა ეს გამოცდილება ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს და დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც ძალიან გამომადგება.
M: საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება? რა პერსპექტივა დაინახეთ ამაში?
მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან საქართველოში დავბრუნდებოდი. აქ ვარ სახლში და ამით ყველაფერი ნათქვამია. კითხვა მხოლოდ ის იყო, თუ როდის. თანაც, ფულბრაიტის პროგრამის მოთხოვნაც იყო, რომ უნდა დავბრუნებულიყავი.
ცხადია, საქართველო ბევრად პატარა ბაზარია და, შესაბამისად, შესაძლებლობების ოდენობაც ნაკლებია. თუმცა მეორე მხრივ აქ არის საშუალება, შენმა გაკეთებულმა საქმემ ბევრად მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.
M: ამ ყველაფრის ფონზე, რამდენად კმაყოფილი ხართ ამჟამინდელი მდგომარეობით — როგორც პიროვნული, ისე პროფესიული განვითარების კუთხით?
კმაყოფილი ვარ. თუმცა გასავითარებელი კიდევ ბევრია. პიროვნული თვალსაზრისით, დიდი გამოცდილება იყო ექვსი წლის მანძილზე სამ სხვადასხვა ქალაქში და ორ სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობა — ეს ადვილი სულაც არ არის და ამავდროულად, ძალიან საინტერესოა. პროფესიული კუთხით კი უკვე რამდენიმე სფეროში ვიმუშავე, რამაც განსხვავებული ცოდნა და უნარები გამომიმუშავა. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი საინტერესო თავგადასავალი მელოდება.
M: როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად რა სჭირდება ადამიანს მასშტაბური წარმატების მისაღწევად? ან, საერთოდ, როგორ იზომება წარმატება?
ძალიან კარგი კითხვაა — როგორ იზომება წარმატება, რა არის წარმატება? შეგვიძლია წარმატებას სტანდარტულად, სტერეოტიპულად შევხედოთ… ცნობად და ძლიერ ორგანიზაციებში მუშაობა, მაღალი შემოსავალი და ა. შ. ჩემთვის წარმატება არის აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს, სიამოვნებას განიჭებს და ამისგან იღებდე ისეთ შემოსავალს, რომელიც შენთვის სასურველი ცხოვრების სტილის ქონის საშუალებას მოგცემს. ამისთვის კი ყველაზე მეტად გვჭირდება საკუთარი თავის რწმენა და მონდომება.
M: დაბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ვნახოთ 🙂 ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.
ავტორი: ქეთია ბელქანია