Amazon-მა ახალი, AI-ზე დაფუძნებული ფუნქცია წარადგინა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დასვან კითხვები პროდუქტებზე და მიიღონ რეალურ დროში გენერირებული აუდიოპასუხები. ეს პასუხები წარმოდგენილია ე.წ. „AI-ზე მომუშავე შოპინგექსპერტების“ მიერ, რომლებიც ინფორმაციას ბუნებრივ, დიალოგის მსგავს ფორმატში აწვდიან.
ახალი ფუნქცია, სახელწოდებით “Join the chat”, მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის დროის დაზოგვას – მათ აღარ მოუწევთ გრძელი აღწერებისა და მიმოხილვების გადახედვა, რადგან AI აჯამებს პროდუქტის ძირითად დეტალებს. სისტემა აერთიანებს ინფორმაციას პროდუქტის მახასიათებლების, მომხმარებელთა შეფასებებისა და სხვა მნიშვნელოვან მონაცემებზე დაყრდნობით. მაგალითად, შეგიძლია ჰკითხო, რამდენად მარტივია ყავის აპარატის გამოყენება დამწყებისთვის ან არის თუ არა სვიტერი ქავილის გამომწვევი, მომხმარებელთა შეფასებების მიხედვით.
ჩვეულებრივი, ზოგადი პასუხების ნაცვლად, Amazon აცხადებს, რომ AI წინა პასუხებს ეყრდნობა და უფრო რელევანტურ და სასარგებლო ინფორმაციას იძლევა, თანაც ცდილობს თავიდან აიცილოს გამეორება. იდეა ისაა, რომ გამოცდილება ჰგავდეს მაღაზიაში კომპეტენტურ კონსულტანტთან საუბარს.
მომხმარებლებს შეუძლიათ დასვან კითხვები და თავად განსაზღვრონ საუბრის მიმართულება. თითოეული კითხვა გავლენას ახდენს შემდეგ პასუხზე, რაც ამ გამოცდილებას აქცევს დიალოგად.
“Join the chat” არის უფრო ფართო ფუნქციის ნაწილი, სახელად “Hear the highlights”, რომელიც მილიონობით პროდუქტის გვერდზე გვთავაზობს მოკლე აუდიოშეჯამებებს Amazon Shopping აპლიკაციაში. ამ ფუნქციამ ტესტირება დაიწყო გასული წლის მაისში და ამჟამად ხელმისაწვდომია აშშ-ში.
Amazon-ს AI-ზე დაფუძნებული შოპინგინსტრუმენტების მზარდი სია აქვს. მათ შორისაა Rufus, გენერაციული AI ასისტენტი, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს პროდუქტების კვლევასა და შედარებაში; Interests – ფუნქცია, რომელიც მუდმივად აკვირდება მომხმარებლის ინტერესებს და შესაბამის პროდუქტებს სთავაზობს; და “Help me decide” — ინსტრუმენტი, რომელიც რეკომენდაციებს აძლევს მომხმარებლის ძიების, ბრაუზერისა და შოპინგის ისტორიაზე დაყრდნობით.














