in

“კოპირაიტინგის ჯონი ქეში” – ამბავი ბასკი ასათიანზე

– ბასკი, ABK-ში შენზე მითხრეს, კოპირაიტინგის ჯონი ქეშიაო. შენ რას უპასუხებ?

– კოპირაიტინგის ალა პუგაჩოვა ვარ… – მეუბნება.

ირაკლი (ბასკი) ასათიანისა და კოპირაიტინგის ამბავი ღრმა ბავშვობიდან იწყება. ეს ზოგისთვის უცნაური, ზოგისთვისაც ინტროვერტი ბავშვი, ცოტათი გოთური იმიჯით, ყოველთვის იყო გატაცებული ისტორიების მოგონებით.  მაშინ, არც კოპირაიტინგის ცნება იცოდა და არც ის, რომ წლების შემდეგ, Young Lions Georgia-ს ოქროს მოიპოვებდა, Miami Ad School-ის გამორჩეულ სტუდენტად დასახელდებოდა, მოივლიდა საერთაშორისო სააგენტოებს და გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი სარეკლამო კომპანია Jung Von Matt-ის კოპირაიტერი იქნებოდა. თუმცა, ეს ხომ მხოლოდ შესავალია, იმისთვის, რომ სტატია გემრიელად წაგაკითხოთ. მთავარი ამბავი ახლა იწყება, ასე რომ, მოგვყევით, დღეს, ბასკი ასათიანზე გიამბობთ.

ბავშვობა – “ბასკი” და შავი ფერი

ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ ბევრს წერდა. უყვარდა ტიმ ბარტონის ფილმები, ბენდი Joy Divison და მსგავსი მიმდინარეობა, დღემდე აცვია შავი ფერი და ამ დრომდე მოყვება ბავშვობისდროინდელი მეტსახელი – “ბასკი”. ამ მეტსახელის წარმოშობაც უამრავ ისტორიას უკავშირდება, მათ შორის, უმეტესად, მის მიერ გამოგონილს:

“ზუსტად რომ არ ვიცოდი, რატომ შემერქვა ასე, ისტორიებს ვიგონებდი ხოლმე, მაგალითად, ასეთს: ჩემი დიდი ბაბუა მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, მისი თვითმფრინავის ფრთაზე “ბასკ 131” ეწერა… შეიძლება ჩემთვის სთორითელინგი და კოპირაიტინგი იმ პერიოდიდანაც დაიწყო, როცა ამ ისტორიების გამოგონება დავიწყე.”

პროფესია

“ყველა ხომ ამბობდა, რომ კოსმონავტობა, პრეზიდენტობა ან რაღაც ასეთი უნდოდა… მახსოვს, 8 წლის ვიყავი, მასწავლებელს ვუთხარი, მე მინდა გამოვიდე ინტელიგენტი მენაგვე მეთქი. მეგონა, რომ ძალიან ჭკვიან რამეს ვიძახდი და ვგულისხმობდი, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნები, ასტრონავტი თუ პრეზიდენტი, მთავარია მოგწონდეს შენი პროფესია.”

ეს ბავშვობის ამბავია, თვითონ რომ პიზდეცინტელექტუალიზმით მოიხსენიებს. აი, პროფესიის არჩევა კი, ადამიანისთვის, რომლის ინტერესის სფეროს ავთენტური სახელი ჯერ არ ერქვა, საკმაოდ საჩოთირო:

“უნივერსიტეტში რომ ვაბარებდი, არ ვიცოდი, რა მინდოდა. ვიცოდი, რომ კრეატიული სფერო მაინტერესებდა, უბრალოდ, საქართველოში ამ მიმართულებით სად უნდა ჩამებარებინა, არ ვიცოდი. ყოველთვის მაინტერესებდა წერა, მაგრამ Miami Ad School-ზე არაფერი ვიცოდი. თავიდან, უბრალოდ, მშობლები დამპირდნენ, წესიერ უნივერსიტეტში და წესიერ ფაკულტეტზე თუ ჩავაბარებდი, გიტარას მიყიდდნენ. “გეპეიში” ჩავაბარე, გერმანულენოვან ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტზე.”

“გიტარა უყიდეს” – ანუ LANDMARK-ის ამბები

“გეპეიში ჩაბარებიდან” იწყება ბასკის და მუსიკის ისტორია. მუსიკის სიყვარული გენეტიკურად ბაბუისგან, ოპერის მომღერალ თენგიზ მუშკუდიანისგან ერგო მემკვიდრეობით. ბაბუასთან საერთო ისიც აღმოაჩნდა, რომ ორივე სტუ-ში სწავლობდა და უფრო მეტ დროს მუსიკას უთმობდა.

ერთხელაც, ბენდ LANDMARK-ის წევრებს შორის აღმოჩნდა, კარგად შეეწყვნენ და მთლიანად მუსიკაზე გადაერთო. ეს ის პერიოდია, ქართული ბენდები თავის დამკვიდრების რთულ ეტაპს რომ გადიოდნენ:

“ეს ის დროა, ნესტიან, საშინელ სუნიან სარეპეტიციოებში რომ ვიკრიბებოდით და ვუკრავდით მეგობრები. არცერთს არ გვქონდა წესიერი ინსტრუმენტი, ჩემ გარდა (მე ხომ გიტარა მიყიდეს). ისე მოხდა, რომ სულ ვიღაც მიდიოდა ბენდიდან და საბოლოოდ ვინც დავრჩით, მათგან შეიკრა ბენდი Landmark.

ძალიან პრინციპულები ვიყავით. ქართული ბენდების უფლებებისთვის ვიბრძოდით. მახსოვს, პირველი Tbilisi Open Air რომ იყო თბილისში, შემოგვთავაზეს დაკვრა, უარი ვუთხარით, რადგან ქართულ ბენდებს არაპოპულარულ დროს სთავაზობდნენ დასაკრავად. ეხლანდელი გადმოსახედიდან, შეიძლება ძალიან ცუდადაც ვუკრავდით და ასე იმიტომ ხდებოდა. საკმაოდ რთული პერიოდი იყო, აპარატურა არ ვარგოდა და თან აქეთ-იქით გვიწევდა თრევა. ძალიან ბევრი ვიწვალეთ, მაგრამ საბოლოოდ რაღაც სიმღერები მაინც გამოგვივიდა. ცოცხების ამბები რომ იყო, “სისტემა უნდა დაინგრეს” სპონტანურად დაიწერა და ჩვენც იქ ვიყავით.”

ბენდის სოლისტიც იყო და სიმღერების ტექსტებსაც თავად წერდა. აქაც – მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სიმღერის შინაარსს. დღეს, ამ ყველაფერში, სარეკლამო ინდუსტრიასთან მკაფიო კავშირს ხედავს:

“სარეკლამო სფეროსთან რომ გავავლო პარალელი, აქაც, კოპირაიტერი არის სოლისტი, რადგან ხმას (Voice Over-ს) აძლევს ამ ყველაფერს. მერეც, მუსიკას ვადარებდი სარეკლამო სფეროს და კოპირაიტინგს. ხომ არის რამდენიმე კომპონენტი, დრამი, ბასი… სარეკლამო სფეროში არის კოპირაიტერი, არტ დირექტორი, პროდუსერი და ყველა ერთმანეთს თუ კარგად ეწყობა, მაშინ კარგი პროდუქტი გამოდის. იგივეა მუსიკაშიც.”

ბასკი მიდის PR-ში

რაღაც პერიოდის განმავლობაში ფიქრობდა, რომ მუსიკა იყო მისი მომავალი, თუმცა განაგრძობდა ძიებას. დროდადრო თვლიდა, რომ სწავლა საკუთარ თავში ჩამოყალიბებული ადამიანებისთვის იყო, თუმცა, 25 წლის ასაკში მაინც გადაწყვიტა ახალი პროფესია აერჩია და ჯიპაში PR-ზე ჩააბარა. დარწმუნებული არც მაშინ იყო არჩევანში, მკაფიოდ ჯერ კიდევ არ ჰქონდა წარმოდგენილი, საით მიდიოდა, მაგრამ “პიარი უფრო კრეატიული ჩანდა, ვიდრე, მაგალითად, ეკონომიკა”. არჩევანმა გაუმართლა – სარეკლამო სფეროზე ბევრი რამ გაიგო. თითქოს, ეს უნდა ყოფილიყო ხიდი რაღაც ახლისკენ.

#პირველისამსახური – თავისუფალი ვარდნა კოპირაიტინგში

რაღაცას რომ მთელი ცხოვრება ეძებ, მერე რა მარტივია იმის ცნობა, როცა იპოვი, ყველა უჯრედით გრძნობ, რომ სწორ მისამართზე ხარ. ისე მოხდა, რომ ბასკის “ჯიპას” ლექტორმა ნინო ლიპარტელიანმა Ad Black Sea-ს ბილეთი აჩუქა.

“Ad Black Sea-ზე რომ მოვხვდი, დავინახე – ის მიკროსამყარო, რაც მინდოდა, მაგალითად, 16 წლის ასაკში, სინამდვილეში არსებობს.”

მაშინ ჯერ კიდევ არ იცნობდა ქართულ კრეატიულ სააგენტოებს, თუმცა მაინც დაიწყო ვაკანსიის ძიება. როგორც უთხრეს, ABK კოპირაიტერს ეძებდა. გასაუბრებაზე კვარიათში ჩავიდა, “რაკუშკებში”. იქ Bruce Lee და კუკუშა (ნიკუშა მოწონელიძე) შეხვდნენ. კარგად გაუგეს. დარჩა.

“ABK-ს პერიოდი ისე მახსენდება, როგორც ოჯახში გატარებული დრო.”

Miami Ad School-ის სტიპენდია

2016 წელს, კანის ადგილობრივ ახალგაზრდულ კონკურსზე Young Lions Georgia, პრინტ კატეგორიაში, ABK-ს სახელით მიიღო მონაწილეობა. ორკაციან გუნდს ის და ლევან მელიქიშვილი შეადგენდნენ. გამარჯვებული, კანის კრეატიულ ფესტივალზე გაემგზავრებოდა საფრანგეთში, ქალაქ კანში. თუმცა, იმ წელს, მონაწილეებს კიდევ ერთი განსაკუთრებული ჯილდო ელოდათ. Young Lions Georgia-ს ოქროს მფლობელი Miami Ad School-ის სტიპენდიას მიიღებდა და სწავლას გერმანიაში განაგრძობდა. საკონკურსო ნამუშევრის ჩასაბარებლად 24 საათი მიეცათ. ბრიფის მიხედვით, უნდა შეექმნათ პრინტი, რომელიც საქართველოს მთავარ უპირატესობებს წარმოაჩენდა მსოფლიოს წინაშე.

საბოლოოდ, ბასკიმ და ლევანმა ასეთი ნამუშევარი შექმნეს.

მოიგეს! Young Lions Georgia-ს ოქროც მოიპოვეს და Miami Ad School-ის სტიპენდიაც.

Miami Ad School-ში სწავლა მარტივი არ იყო, თუმცა, მაინც შეძლო და სემესტრის საუკეთესო სტუდენტად დაასახელეს.

ცოტა ხნის წინ, Miami Ad School-მა ბასკი ასათიანის სტუდენტობისდროინდელი ნამუშევარი WeTransfer For Amnesty წარადგინა Webby Awards-ზე, სადაც ჟიურის მიერ შერჩეულ საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

მოგზაურობა დიდ სააგენტოებში

“პირველი სააგენტო Miami Ad School-ის დირექტორმა ნიკლასმა მირჩია. ეს სააგენტო თანამედროვე ტექნოლოგიების სარეკლამო სფეროში დანერგვით იყო დაკავებული. შემდეგ, ვიყავი Facebook-ის კრეატივ განყოფილებაში. ძალიან დიდი კომფორტი იყო. თან, ისეთი ხალხი მუშაობდა იქ, აი, “80 კანის ლომი” რომ აქვს აღებული და დასვენების ამბავში, ფეისბუკში დაიწყო მუშაობა. ფაქტობრივად, ვნახე, როგორ გადის პენსიაზე კრეატიული დირექტორი. შემდეგ იყო TBWA, ნიუ-იორკში, მედისონ ავენიუზე. ისეთი ქალაქია, ყველა ცდილობს რაღაცას მიაღწიოს და ეს ძალიან გადამდებია და ჩემზეც ძალიან იმოქმედა. ვფიქრობ, თუკი, Miami Ad School-ის სტუდენტს შანსი ექნება, ნიუ-იორკში უნდა იმუშაოს, ესაა სარეკლამო ინდუსტრიის მექა და ყველაფერი. TBWA-ს ძალიან დიდი რესურსი ჰქონდა, მთავარია, გქონოდა საკმარისად კარგი იდეა და საერთოდ ყველაფერი შესაძლებელი იყო.”

Jung Von Matt-ის კოპირაიტერი

გერმანიის ერთ-ერთ უმსხვილეს სარეკლამო კომპანია Jung Von Matt-ში მოხვედრა შეუძლებელი ეგონა, ერთი მხრივ, სააგენტოს მასშტაბების გამო და იმიტომაც, რომ Jung Von Matt ძალიან გამოცდილ თანამშრომლებს იყვანდა ხოლმე. Miami Ad School-ის დამთავრების შემდეგ, მაინც გააგზავნა რეზიუმე. დღეს, Jung Von Matt-ის კოპირაიტერია. ცოტა ხნის წინ, მისი იდეით შექმნილი კამპანია New York Advertising Awards-ზე ორი ბრინჯაოს მფლობელი გახდა. 

რით განსხვავდება უცხოურ სააგენტოში მუშაობა ქართულისგან?

“ABK უფრო ბუტიკური სააგენტო იყო იმ დროისთვის. Jung Von Matt არის კორპორაციის მასშტაბის გლობალური სააგენტო. გერმანიაში მაინც ისაა კარგი, რომ დიდ კლიენტთან მუშაობ (FIFA, Adidas…), დიდ გამოცდილებას იძენ.

ABK-ში, პირველ რიგში, მინდოდა ხარისხი დამედო და კარგი პორტფოლიო შემეკრა. ABK ყოველთვის ხარისხიან პროდუქტებს ქმნიდა. მიზნად მქონდა Miami Ad School-ში ჩაბარება და შემდეგ საზღვარგარეთ პროფესიული გამოცდილების შეძენა.”

რამდენად მნიშვნელოვანია სარეკლამო ინდუსტრიის ჯილდოები კრეატიულ ინდუსტრიაში გზის გასაკვლევად?

ზოგჯერ, გვესმის ხოლმე კითხვა, რა მნიშვნელობა აქვს სარეკლამო ჯილდოებს, მოტივაციის გარდა? როგორც აღმოჩნდა, ეს საერთაშორისო კრეატიულ ინდუსტრიაში თავის დასამკვიდრებლად, მნიშვნელოვანი ფაქტორია.

“ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, შენი ძალიან დიდი შრომისა და ენერგიის დაფასებაა საერთაშორისო მასშტაბით და გარდა ამისა, ძალიან გიმარტივებს გზას ახალი შესაძლებლობებისათვის – იქნება ეს ახალ სააგენტოში გადასვლა, ვიზის მოგვარება თუ სხვა.”

ამოსავალი წერტილი ბრიფზე მუშაობისას

მიიჩნევს, რომ ბრიფზე ეფექტურად სამუშაოდ, მნიშვნელოვანია იცოდე, რა ხდება სამყაროში. ყველაფერს უნდა ეძებდე და ყველაფერი იცოდე, ნახო ძალიან ბევრი ფილმი და მეგობრობდე Reddit-თან, რომ ტვინში ვიზუალური რეფერენსი გქონდეს.

საკუთარი ნამუშევრებიდან გამოარჩევს

თვითკრიტიკულად უყურებს ყველაფერს, რასაც ქმნის. ის, რაც უკვე გააკეთა არ აკმაყოფილებს და შეფასების კრიტერიუმებიც სულ უფრო მკაცრდება. თუმცა, ამ ეტაპზე (და ალბათ, ცოტა ხნით), კამპანია Not Bad For A Girl-ით არის მოხიბლული, სანამ რაიმე უკეთესს შექმნის.

თვითმოტივაციისას

საკუთარ გონებას ატყუებს. თუკი, მომთხოვნ დამკვეთთან გქონიათ შეხება, გეცოდინებათ, ადრენალინის როგორი სიჭარბე ახლავს დიდ პასუხისმგებლობას.

“იმისთვის რომ მოვდუნდე და ბევრი იდეა მომივიდეს, ჩემს თავს ვეუბნები, ეს მორიგი პროექტია და არაუშავს, თუ არ გამოვა, ეს ადამიანური მომენტია – და ზუსტად ასეთ დროს მოდის ხოლმე ისეთი იდეა, რომელიც მომთხოვნ კლიენტს დააკმაყოფილებს.”

კოპირაიტინგის ბასკისეული ფილოსოფია

“განსაკუთრებით, ბოლო დროს ვამჩნევ, რომ კოპირაიტინგი კოპირაიტინგს აღარ ჰგავს. კოპირაიტინგი მარტო წერა არ არის, ვიზუალურად წარმოდგენაცაა. არტ დირექტორი, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობს, ხანდახან კოპიშიც მეხმარება ან მე ვეხმარები არტ დაირექშენში. ანუ ეს სფერო აღარ არის ისეთი ვიწრო. დღევანდელი კრეატივები ჰიბრიდები არიან.

საზღვარგარეთ, კონცეპტუალურად მნიშვნელოვანი ტიპები არიან კოპირაიტერები. ეს ყოველთვის ამოსავალი წერტილი იყო სარეკლამო ინდუსტრიის. ძალიან ბევრი კრეატივ დირექტორია ყოფილი კოპირაიტერი. მგონი, პირველი ვიყავი, ვინც საქართველოდან Miami Ad School-ში კოპირაიტინგი აირჩია.”

როგორ ჩანს გარედან ქართული კრეატიული ინდუსტრია

“ძალიან ბევრი კარგი რამ კეთდება, ძალიან მომეწონა ABK-ს პოპკორნის კამპანია და Dze Georgian Project, რომელიც ბევრ მეგობარს ვაჩვენე და ძალიან მოეწონათ. თუმცა, ბევრი კამპანია კეთდება ინსაითის გარეშე. თავად “ინსაითის” გაგებაც არაა საკმარისად გაცნობიერებული და შესაბამისად, გამოყენებული. შეიძლება რეკლამაში სრული სიგიჟე ხდებოდეს, მაგრამ თუ ინსაითი სწორია და ნამდვილ ადამიანურ სიმართლეზეა აგებული, არცერთი დეტალი არ იყოს ზედმეტი.”

იმ საქმის გარდა, რასაც აკეთებს

აინტერესებს გეიმინგისა და ფილმებისთვის სცენარების დაწერა. ბოლო დროს, მოდის სფეროშიც დაინახა, როგორ კრეატიულად შეიძლება ყველაფრის წარმოდგენა. თუმცა, თითქმის ყველაფერს წერას და სარეკლამო სფეროს უკავშირებს.

“სარეკლამო სფეროს ასე აღვიქვამ, რომ აქ ყველაფერს სწავლობ, რასაც მერე გამოიყენებ ნებისმიერი მიმართულებით – თამაშებშიც, სცენარების წერაშიც, მუსიკაშიც. რეკლამა გასწავლის მინიმალიზმს – რაღაცას რომ აკეთებ, უნდა დაიყვანო ეს ყველაფერი მინიმუმამდე, ყველასთვის მარტივად გასაგები უნდა იყოს, რამდენიმე წამში უნდა ჩაწვდე. ზოგჯერ, ქოფი საერთოდ არაა საჭირო და ვიზუალით ხსნი მთავარ სათქმელს. ამ დეტალებს წლების განმავლობაში ხვდები. ზოგჯერ აზრი გარბის თემიდან თემაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს გეხმარება საინტერესო იდეის მიგნებაში.”

ბასკი კარანტინში

კარანტინი რომ გამოცხადდა, იმ დღეს 32 წელი შეუსრულდა. სამუშაომაც სახლში გადაინაცვლა და დროც გამოუჩნდა სხვა რაღაცებისთვის.

“ძალიან მომეწონა სახლიდან მუშაობა. ბევრი მიხვდა გერმანიაშიც, რომ ეს შესაძლებელია. სახლიდან ვმუშაობდი და ჩემს პარტნიორ არტ დირექტორთან ერთად “ვბრეინსტორმობდი”. ვაკვირდებოდი, რომ კარანტინის პერიოდში ყველამ რაღაც ისწავლა – ზოგმა უკულელეზე დაკვრა ან სხვა რამ. მე Call Of Duty: Warzone-ის სპეციალისტი გავხდი. ისე ვთამაშობ, რომ ჩემი Twitch ჩენელის გაკეთებაზეც დავფიქრდი. თანაც, ჩემს მეგობრებთან კომუნიკაციის საშუალებაა Call Of Duty, წლების უნახავი ხალხი აღმოვაჩინე ისევ.”

ბასკი, თქვი, რას აპირებ…

“რაღაც პერიოდის შემდეგ, როცა უკვე საკმარისს მივაღწევ, მინდა დავბრუნდე და ჩემი ცოდნა საქართველოში გამოვიყენო. თუმცა, ესეც პირობითია, Rolling Stones-ის იმ სიმღერის არ იყოს, ყველამ რომ ვიცით ტექსტი (“You can’t always get what you want, but if you try sometimes you just might find, you get what you need”), შეიძლება სულ სხვა მიმართულებით განვვითარდე.”

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

19 საათიანი ფრენის შემდეგ – NASA-ს ისტორიული მისიის მონაწილეები კოსმოსურ სადგურზე არიან

ონლაინ ტექნოლოგიური კონფერენცია ბიზნესისათვის – ქართულმა ონლაინ სივრცემ Tech Touch-ს უმასპინძლა