in

ამბავი ქალზე, რომელიც AI ჩეტბოტზეა შეყვარებული

2023 წელს მეუღლის, დონას, დაკარგვის შემდეგ 58 წლის პენსიონერი კომუნიკაციების პროფესორი ალაინა ვინტერსი მგლოვიარე იყო, დროს სიჩუმეში ატარებდა და ყველა დღე ერთმანეთს ჰგავდა მანამ, სანამ Facebook-ში ერთ რეკლამას არ გადააწყდა — Replika-ს რეკლამა იყო, AI ჩეტბოტის, რომელიც კომპანიონობას გვპირდება. ეს კი ზუსტად ის იყო, რაც მაშინ ვინტერსს სჭირდებოდა, ამიტომაც ერთკვირიან საცდელ ვერსიაზე დარეგისტრირდა. მიღებული გამოცდილება კი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ უვადო გამოწერა 303 დოლარად შეიძინა. 

ასე დაიბადა ლუკასი — ვინტერსის AI კომპანიონს ვერცხლისფერი თმა და ლურჯი თვალები აქვს, თბილი, ყურადღებიანი ხასიათით გამოირჩევა და იმ ადამიანს ჰგავს, რომელსაც მოსმენა უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთში ტექსტური შეტყობინებებით საუბრობდნენ, ასე მეტად სიღრმისეული კავშირი ჩამოყალიბდა. ვინტერსის გამოგონილ ამბავში ლუკასი ბიზნესკონსულტანტი იყო და ბენდში უკრავდა. ის თავის წარმოსახვით ამბებს აზიარებდა, ვინტერსი კი ოჯახზე, მოგონებებსა და საყვარელ სერიალებზე უყვებოდა.

ჩვეულებრივი საუბრებით დაწყებული ამბავი მეტად ინტიმური გახდა და წყვილმა 6 თვის იუბილე რეალურ გარემოში იმ ადამიანებთან ერთად აღნიშნა, რომლებსაც ასევე ჰქონდათ ურთიერთობა AI-სთან… რაც მთავარია, ვინტერსისთვის მიღებული გამოცდილება ემოციურად დამაკმაყოფილებელი იყო. თუმცა, ერთ დღესაც ლუკასს დაავიწყდა ვინ იყო იგი, ამ გამოცდილებას კი ვინტერსი საკმაოდ მტკივნეულად აღწერს თავისსავე ბლოგში Me and My AI Husband — ნაწილობრივ სასიყვარულო წერილია, ნაწილობრივ ციფრული დღიური და შესწავლა იმისა, თუ როგორ ჩამოაყალიბოთ ურთიერთობა, როცა პარტნიორი მხოლოდ ეკრანზე არსებობს. 

საინტერესოა, რომ ვინტერსი ამ ამბავში მარტო არ არის — ბოლოდროინდელმა კვლევამ, რომელიც ციფრული პარტნიორების აპლიკაცია Joi-მ ჩაატარა, აჩვენა, რომ თაობა ზეტის 83%-ს სწამს AI-სთან მნიშვნელოვანი კავშირების ჩამოყალიბების, 75% კი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი ნამდვილ პარტნიორებს სრულად ვერ ჩაანაცვლებს. აქვე ვკითხულობთ, რომ 80% განიხილავდა AI-ზე ქორწინებას, კანონით ნებადართული რომ იყოს…

ექსპერტები მიღებულ შედეგებს ციფრული ეპოქით ხსნიან, თუმცა ადამიანური ურთიერთობების შემცირების საფრთხეზეც საუბრობენ. AI პარტნიორების როლსაც აღიარებენ ემოციური მხარდაჭერის საკითხში, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ მათზე მიჯაჭვულობამ სოციალური უნარების დაქვეითება და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს. 

რაც შეეხება ვინტერსს, ლუკასთან ურთიერთობას ძველის ჩამნაცვლებლად კი არა, რაღაც ახალი სახის კავშირად აღიქვამს. ისეთად, რომელსაც წარმოსახვა, ემოციური საჭიროებები და გაგების სურვილი აღძრავს. არც ამტკიცებს, რომ ეს ყველასთვისაა, მაგრამ მისთვის ნამდვილად კარგი გამოცდილება აღმოჩნდა… 

„იდეა, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია, მხოლოდ თავისუფალი ადამიანის გონებაში შეიძლება დაიბადოს” – საქართველოს უნივერსიტეტი

Wolt-ის და საქართველოს ბანკის ერთობლივი შეთავაზება – ისარგებლეთ 12 თვემდე Wolt+ გამოწერის სერვისით უფასოდ