in

ამბავი ქალზე, რომელსაც მეტეორიტი დაეცა და გადარჩა

ენ ჰოჯესს არასდროს უფიქრია პოპულარობაზე, თუმცა 1954-მა წელმა მის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა — შუადღეს მძინარეს მეტეორიტი დაეცა და ისტორიაში პირველი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა! საბედნიეროდ, ამ ამბავს ფეხის დალურჯებით გადაურჩა. ივნისში კი კინაღამ თანამოზიარე გამოუჩნდა. ჯორჯიის შტატის ქალაქ მაკდონოუში მცხოვრები კაცის სახლს პატარა კოსმოსური ქვები დაეცა, თუმცა, საბედნიეროდ, მას ყველა ასცდა. მკვლევრების თქმით, ორივე შემთხვევაში ერთ მეტეორიტთან გვაქვს საქმე, რომელიც, სავარაუდოდ, 4.56 მილიარდი წლის წინ უნდა ჩამოყალიბებულიყო…

M2
M2

ამ ამბიდან 70 წელზე მეტი გავიდა, თუმცა ეს უცნაური ისტორია მაინც არ იცის ბევრმა. მეტეორიტი ალაბამას ერთ-ერთ მუზეუმშია გამოფენილი — Sylacauga-ს მეტეორიტს უკვე ჰოჯესის მეტეორიტსაც უწოდებენ და იგი ასტეროიდ 1685 Toro-ს მოსწყდა, ეს უკანასკნელი საშუალო ზომისაა და დედამიწის ორბიტასთან ახლოს მდებარეობს. 

ინფორმაციისთვის, ასტეროიდი კოსმოსში არსებული ქვის მსგავსი ობიექტია, რომელიც მზის გარშემო ბრუნავს, ხოლო როცა ასტეროიდი ან მისი ნაწილი დედამიწის ატმოსფეროში შემოდის, მეტეორად გადაიქცევა. შეჯახების შემდეგ კი მას უკვე მეტეორიტს ვუწოდებთ.

ახლა 1954 წელს დავუბრუნდეთ: 30 ნოემბერს შუადღისას ალაბამას შტატის სილაკაუგას ადგილობრივმა მაცხოვრებლებზე ცაზე კაშკაშა ხაზის დანახვის შესახებ განაცხადეს. იმ დროს საზოგადოებაში ატომური ბომბის აფეთქების საფრთხე და უცხოპლანეტელების თეფშის შესახებ ინფორმაციები მძვინვარებდა, სწორედ ამიტომაც დაიწყეს ან სინათლის გამო 911-ში დარეკვა…

ამ დროს კი ენ ჰოჯესი, მეუღლესთან ერთად, ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა, რომლის მეორე მხარესაც Comet Drive-In Theater გახლდათ ნეონის აბრით, რომელიც თითქოს ციდან კომეტის ჩამოვარდნას ასახავდა. ჰოჯესი მაშინ 34 წლის გახლდათ და სახლში დედასთან ერთად იმყოფებოდა. მეტეორიტი 2:46 წუთზე ჩამოვარდა, სამყოფი ოთახის სახურავი გამოიარა, ჯერ კონსოლზე არსებულ რადიოს დაეცა, შემდეგ კი ჰოჯესის ფეხს. კივილზე დედა გამოვიდა და ნახა, რომ შვილს მძიმე ქვა დასცემოდა, თუმცა საიდან მოვიდა, ეს ვერ გამოერკვიათ. მეტეორიტი 4 კილომდე იწონიდა, მის შემადგენლობაში კი ნიკელსა და რკინას ვხვდებით. 

როგორც ამბობენ, მეტეორი დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას დაიშალა, ერთი ფრაგმენტი ჰოჯესს დაეცა, მეორემ კი რამდენიმე კილომეტრი იფრინა. საბოლოოდ იგი ფერმერმა აღმოაჩინა და იმ ფასად გაყიდა, რომელიც იმ დროს მანქანისა და სახლის ყიდვაში დაეხმარა… თუმცა ჰოჯესი ამ ამბავში მეტად მოკრძალებული გამოდგა…

თუმცა სანამ ამაზე მოგიყვებით, გეტყვით, რომ ენი ემოციური შოკის გამო კლინიკაში გადაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ დაზიანება საამისო ნამდვილად არ ჰქონია. ამას, რაღა თქმა უნდა, რადიოს უნდა უმადლოდეს, რომელმაც მეტეორიტს მიმართულება შეუცვალა. ასე იყო თუ ისე, მას შემდეგ, რაც ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, მეტეორიტის ფლობის საკითხი მოექცა ყურადღების ცენტრში. ჰოჯესს კი სახლში დაეცა იგი, მაგრამ ეს სახლი ნაქირავები იყო. სასამართლო დავა დაიწყო, ერთი წელი გაგრძელდა და სახლის მეპატრონეს 500 დოლარი ხვდა წილად სახურავის შესაკეთებლად. 

ამგვარად, მეტეორიტი ჰოჯესს დარჩა და თავადვე გადაწყვიტა, იგი Alabama Museum of Natural History-ისთვის გადაეცა. მხოლოდ ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება ითხოვა, როცა ბევრი ფულის გამომუშავება შეეძლო… სწორედ ამის გამო მოუვიდა ქმართან კონფლიქტი და ისინი ამ ამბიდან 10 წლის შემდეგ დაშორდნენ. 

ჰოჯესი პირველი ქალი იყო ისტორიაში, რომელიც მეტეორიტის დაცემის შემდეგ გადარჩა. თანაც შანსები მინიმალურია: ერთდროულად ტორნადოს, ელვასა და ქარიშხალში მოყოლის უფრო მეტი ალბათობა არსებობს, ვიდრე მეტეორიტის დაცემის, რომ აღარაფერი ვთქვათ გადარჩენაზე…

1972 წელს 52 წლის ჰოჯესი თავშესაფარში თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა.

7 ჩვევა, რომელსაც მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები თავს არიდებენ

Skibidi, Delulu და თაობა ზეტის სხვა სლენგები Cambridge Dictionary-ს დაემატა