ფორმასა და შინაარსს შორის თუ ფორმას ანიჭებთ უპირატესობას, ეს სტატია თქვენთვისაა. შეიძლება, ახალი ვერაფერი ვთქვათ, თუმცა ვეცადეთ, ნაცნობი ამბავი, ამჯერად, სხვა სიტყვებით მოგვეყოლა.
ეთანხმებით იმას, რომ უსიამოვნო გრძნობებიდან ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ისაა, როცა ხვდები, რომ არ აკეთებ იმას, რისიც გჯერა და რაც შენთვის ღირებულია?! ფსიქოლოგების მიერ ხშირად მოხსენიებული, როგორც „მნიშვნელობის მატარებელი მანქანები“ – ანუ, ადამიანები შინაგან გამოცდილებაზე დაყრდნობითა თუ გარემოზე დაკვირვების შედეგად, გარკვეულ კონცეფციას, შინაარსს – შეიძლება, ამბებიც დავარქვათ, ვქმნით… ქვეცნობიერად, მას საკუთარ თავს ვუყვებით და ნელ-ნელა ის რუტინად – ჩვენი ქმედებების მამოძრავებელ ძალად გარდაიქმნება ხოლმე. „ამბების“, როგორც დამოკიდებულებებისა და ხედვის ერთობლიობა მისაღებია მანამ, სანამ ის უცვლელ ჭეშმარიტებად არ იქცევა. „ამბებს“ აქვთ ძალა, პასუხისმგებლობა აიღონ მოვლენების სუბიექტურ ინტერპრეტაციაზე და შედეგად, ჩვენს ქცევასა და გადაწყვეტილებების მიღებაზე. მაგალითად, თუ შინაგანი გამოცდილებებისა და გარემოზე დაკვირვების შესაბამისად, გადავწყვეტთ, რომ ჩვენი სამუშაო ადგილი განისაზღვრება, როგორც „ბრძოლის ველი“, მტრობის მოლოდინიც ბუნებრივად გვექნება და ალბათ, პიროვნებიდან გამომდინარე, ან შეტაკებისთვის გამოვთქვამთ მზაობას, ანდაც, თავდაცვისთვის. თუმცა კი, შეიძლება, რომ მოვლენის ინტრეპრეტირებაში შევცდეთ და ჩვენი სახელმძღვანელოს შეცვლა გახდეს საჭირო. ანუ, საკუთარი ტვინის სხვა ამბებით გამოკვების დრო დადგეს, რამაც საშუალება უნდა მოგვცეს, რომ ახალი მიზნები დავისახოთ და რაღაც დროის განმავლობაში, ჩვენი რესურსი მათ მიღწევას მოვახმაროთ.
განვიხილოთ მენეჯმენტის კონსულტანტის, კრისის შემთხვევა, როცა ის ჯანმრთელობასა და კარიერას შორის არსებულ ზღვარს გადავიდა. მას შემდეგ, რაც კრისმა ბიზნესსკოლა დაამთავრა, საკონსულტაციო ფირმას შეუერთდა და „ალფა ტიპის მამაკაცის“ (განისაზღვრება, როგორც „ნამდვილი მამაკაცი“, მაღალი სოციალური სტატუსის მქონე) იდენტობის მქონემ, ფირმის განვითარების კრიტერიუმებად განსაზღვრა: სიმტკიცე, კომპეტენცია და ზრდის დაუნაყრებელი მადა. მსგავსმა მიდგომამ მისი, როგორც „ალფა მამაკაცის“ ინტერესები დააკმაყოფილა და კარიერულად დაწინაურდა, თუმცა მალევე, შემაშფოთებლად არაჯანმრთელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რამაც საბოლოოდ, ეჭვი გაუჩინა, აკეთებდა, თუ არა ღირებულ საქმეს?!
გამოსავალი: ეჭვის გაჩენისთანავე, პირველ რიგში, ცვლილებების დასაწყებად, იმ ამბების გამოაშკარავებაა საჭირო, რომელსაც საკუთარ თავსა თუ სხვებს ვუყვებით. რა გვამოძრავებს? რატომ ვიქცევით ისე, როგორც ვიქცევით? – უნდა განვსაზღვროთ პერსონალური თუ კოლექტიური გამოწვევები, რომლის წინაშეც ვართ და ყური დავუგდოთ იმ საბაზისო ამბავს, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვყვებით.
დაუსრულებელი სამუშაო საათები, მაღალი სტანდარტები უდრის ძლიერი ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობის კონტრიბუციას. კრისის შემთხვევას რომ დავუბრუნდეთ, მისი „ალფა მამაკაცის“ ამბის მიხედვით, მას ნებისმიერი გამოწვევის გადალახვა უნდა შეძლებოდა. თუმცა კი, გადაიწვა. და ეს იყო ფიზიკური რეაქცია არსებულ გამოწვევაზე, რამაც მენტალური ცვლილებებიც გამოიწვია. მოკლედ, სხვანაირი ამბების მოყოლა გახდა საჭირო.
და რა ეფექტს ახდენენ ჩვენი ამბები ჩვენზე? გვზღუდავენ, თუ გვათავისუფლებენ? როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფიზიკური მდგომარეობა, შესაძლოა, კარგი მინიშნება აღმოჩნდეს დამოკიდებულებების შეცვლისთვის. კრისის შემთხვევა რაზე მეტყველებს? – მოკლედ რომ ვთქვათ, მისი ამბავი თვითზრუნვაზე ორიენტირებული არ იყო… მის ისტორიაში ერთადერთი სწორი ბილიკი არსებობდა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ თავდაუზოგავი შრომა წარმოადგენდა. მაგრამ მან გააანალიზა, რომ პირველ რიგში, ჯანმრთელობაზე უნდა ეზრუნა, უფრო მნიშვნელოვანი საქმე ეპოვა, რომლითაც ახალი ამბის მოყოლას დაიწყებდა.
ჩვენი ამბები იშვიათად იწერება იზოლაციაში ყოფნისას. ამბები სხვებთან ურთიერთობისას იქმნება. კრისის მიზანი იყო, ალფა მამაკაცის მისწრაფებები კომპანიის კულტურის ნაწილად ექცია. ეს იყო ერთგვარი კონტროლის მექანიზმი, რომელიც თანამშრომლებს ბუნებრივად აძლევდა მიმართულებას, კორპორაციაში როგორ უნდა ემსახურა.
გარდა ამისა, კრისი მის ხელმძღვანელთანაც გრძნობდა გარკვეულ პასუხისმგებლობას, რადგან სწორედ მისი ნდობის მოპოვებით მოიპოვა პროფესიონალის სტატუსი და შიშობდა იმ ნარატივის უარყოფას, რომელმაც წარმატებამდე მიიყვანა.
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი პრინციპები, ის რითაც ვხელმძღვანელობთ, ჩვენს რაიმე მისწრაფებას, მით უფრო ჩვენს ჯანმრთელობას ზღუდავს და ზიანს აყენებს, ცვლილებებზე ფიქრი უნდა დავიწყოთ.
კრისს ერთგვარი კათარზისის გავლა მოუწია, ჯანსაღი და ადეკვატური ცხოვრების დასაწყებად. მას სჭირდებოდა, სამუშაოს ახალი მიზანი ეპოვა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობები განემტკიცებინა. კრისს, რა თქმა უნდა, ისევ ჰქონდა მაღალ შედეგებზე ორიენტაცია, ანალიტიკური და ლიდერული უნარების განვითარების მოთხოვნილება, მუდმივად სწავლა და პლუს, მნიშვნელოვანი საქმის მსახურება. ამიტომ, სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა. პირველ ეტაპზე წუხდა ხელმძღვანელისა და თანამშრომლების რეაქციაზე. ეს არ ჰგავდა მისი პიროვნების საქციელს – უკან რომ იხევს და არათანმიმდევრულ გადაწყვეტილებებს იღებს, თუმცა მან შეძლო და ალფა მამაკაცის ნარატივისგან გათავისუფლდა.
„კრის, ცოტა დასვენება გჭირდება“ – მის გადაწყვეტილებაზე ასეთი უკუკავშირი მიიღო, თუმცა, რაც თავდაჯერებულად განსაზღვრა გადააზრებული პრიორიტეტები, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახი იყო და აქედან გამომდინარე გეგმავდა კარიერასაც, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ მიმდინარე გადაწყვეტილება ღრმად ნაფიქრი და გარდაუვალი იყო.
თუ გავაცნობიერებთ, რომ ჩვენს ქცევას საკუთარი თავისთვის, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, მოყოლილი ამბები განსაზღვრავს, ალბათ, უფრო მეტი სიფრთხილით ავარჩევთ მათ. თუმცა, ალბათ, ნებისმიერ საქმეში სწორ გზას გვაპოვნინებს ამბავი, სადაც ჰუმანურობა, თავისუფლება და თანმიმდევრულობა ყველაზე ღირებულია.
წყარო: HBR