შარშან მოდულარული სინთეზატორების შემქმნელ დავით მალანიასთან ინტერვიუ სამომავლო გეგმებზე საუბრით დავასრულეთ. დავითმა გვითხრა, რომ Tarragon Series მოდულებისა და მისი აქსესუარების გამოშვება ჰქონდა გეგმაში, რაც საწყისი ნაკრები იქნება მოდულარული სინთეზისთვის. ერთი წლის თავზე გეგმა შესრულებულია – მოდულების პირველი ხაზიTarragon Series დამთავრებულია და ისეთი მოდულებისა თუ აქსესუარებისგან შედგება, როგორებიცაა: Saw wave VCO, Active Mixer, VCA, Multiplexer, LFO Tri-wave, Blank panels, ADSR, VCF. პროდუქციის დათვალიერება და შეძენა კომპანიის ვებგვერდზე შეგიძლიათ.

შარშანდელი ინტერვიუს შემდეგ კიდევ ერთი კარგი რამ მოხდა – თუკი მანამდე მოდულარულ სინთეზატორებზე ინფორმაცია ნაკლებ ადამიანს ჰქონდა, წელს უკვე ცნობიერება ამაღლდა და ამით „ამბიენტის” ერთ-ერთი მთავარი მისია შესრულდა, რადგან სტარტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროდუქტის მიმართ საზოგადოების გათვითცნობიერება. საქმე ბოლომდე დასრულებული არ არის და გუნდის წევრები კვლავ აგრძელებენ ამაზე მუშაობას.
,,ამბიენტის” გუნდმა Marketer-ის კითხვებს წელსაც უპასუხა:
M: დავით, როგორ შეაფასებდით განვლილ წელს, რა პროგრესი გაქვთ ჩვენი პირველი ინტერვიუდან დღემდე?
გასული წლის განმავლობაში საქართველოში მოდულარული სინთეზის ცნობიერება საგრძნობლად ამაღლდა, რაც „ამბიენტის” ერთ-ერთი მისიაა. სექტემბერში ჩავატარეთ ვორკშოპი CES-ში – „DIY მოდულარული და აუდიო პროდუქტის დიზაინის სემინარი”, სადაც ვისაუბრეთ, თუ როგორ იქმნება ამბიენტში Eurorack სინთეზატორის მოდულები, განვიხილეთ Eurorack პანელების დიზაინის მნიშვნელობა და დამსწრეებთან ერთად ავაწყვეთ ძაბვით კონტროლირებადი ოსცილატორი. ამ ვორკშოპმა პოზიტიური გამოხმაურება მოუტანა „ამბიენტს”. გასული წლის განმავლობაში ასევე გვქონდა რამდენიმე კოლაბორაცია სხვადასხვა არტისტთან. ერთ-ერთი ასეთი არტისტი არის თორნიკე მარგველაშვილი – Mess Montage, რომელთან კოლაბორაციის შედეგია ჩვენი გიტარის რივერბ პედალი. ამ ყველაფრის თაობაზე 2022 ამბიენტისთვის ძალიან წარმატებული წელი იყო.

M: თქვენი ერთ-ერთი ბოლო პროდუქტია TouchClassic MK1. მოგვიყევით მის შესახებ, როგორ მუშაობს და რამ განაპირობა მისი შექმნის აუცილებლობა?
TouchClassic MK1 არის უნიკალური კასეტის დამკვრელი, რომელიც აერთიანებს კლასიკურ და თანამედროვე დიზაინს. მას აქვს ჩაშენებული ანალოგური გამაძლიერებელი Toshiba-ს IC ჩიპის ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის ჟღერადობას. მოწყობილობა ფორმასა და ფუნქციას აერთიანებს, დახვეწილი და ელეგანტური დიზაინით. Type-C პორტი უზრუნველყოფს მოწყობილობის კვებას უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, ხოლო სტერეო RCA აუდიო პორტი და პრეგამაძლიერებელი ხმის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.
TouchClassic-ზე მუშაობისას გვინდოდა კასეტების ძველი, ნოსტალგიური შეგრძნება და თანამედროვე ტექნოლოგია გაგვეერთიანებინა, ამიტომ დავტოვეთ კლასიკური ფუნქციონალი და დავუმატეთ ელეგანტური თანამედროვე დიზაინი. გამოშვებიდან რამდენიმე დღეში, ხალხის მოთხოვნის შედეგად, დავამატეთ ჩაწერის ფუნქცია.
M: თქვენი ნამუშევრები ძირითადად იმ საჭიროებებზე დგას, რომლებიც ქართველ მუსიკოსებს აქვთ. რა არის კიდევ ისეთი საჭიროებები, რისი შეთავაზებაც თქვენ შეგიძლიათ მათთვის და იგეგმება თქვენი მხრიდან?
ქართველი მუსიკოსების მოთხოვნილებების და საჭიროებების გამოკვლევისას გაირკვა, რომ მუსიკოსები ხშირად დიდი დაბრკოლების წინაშე დგანან, როდესაც საქმე ეხება ლეიბლების, ალბომების გარეკანების და მუსიკასთან დაკავშირებული სხვა ნივთების დიზაინს. ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეფუძნებინა ამბიენტის კრეატიული სააგენტო, რომელიც სპეციალიზდება მუსიკასთან ასოცირებულ დიზაინ ელემენტებზე. გვჯერა, რომ ამ სერვისით არტისტებს დავეხმარებით მუსიკის ინდუსტრიაში წარმატებას მიაღწიონ და თავიანთ ნამუშევრებს შესძინონ უფრო ჩამოყალიბებული, დახვეწილი და გამორჩეული სახე. ამბიენტის დიზაინ ნაწილი დაეხმარებათ არტისტებს, საკუთარ აუდიტორიასთან უკეთესი კავშირის დამყარებაში. ჯერჯერობით ამბიენტის კრეატიული სააგენტო გაშვების პროცესშია და სულ მალე დაიწყებს სრულად ფუნქციონირებას.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი











