in

ამბობს თუ არა შეძენილი პროდუქტის ფერი რაიმეს ჩვენს პიროვნებაზე?

M2
M2

უკვე მრავალი კვლევა არსებობს, რომელიც გვეუბნება, რომ კონკრეტული ფერები განწყობას აუმჯობესებს, ფოკუსირების უნარს ზრდის, მადას აძლიერებს და ენერგიულსაც გვხდის… ამ ეფექტების გააზრება კი ფერების მიზნობრივად გამოყენებაში დაგეხმარებათ როგორც სახლში, ისე სამსახურსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. შესაძლოა, ფერების აღქმა საკმაოდ სუბიექტური იყოს, მაგრამ ფერების ეფექტებს ნამდვილად აქვს უნივერსალური მნიშვნელობები:

თბილი ფერები: ფერთა სპექტრის წითელი დანაყოფი თბილ ტონებს მოიცავს, რომელშიც წითელი, სტაფილოსფერი და ყვითელი შედის. ასე კი აღძრავს ემოციებს დაწყებული სითბოთი და კომფორტით, დამთავრებული ბრაზითა და მტრული დამოკიდებულებით.

ცივი ფერები: სპექტრის ლურჯი ნაწილი ცივ ფერებად მიიჩნევა და აქ უკვე ლურჯი, იასამნისფერი და მწვანე მოიაზრება. ამ ფერებს ხშირად აღწერენ, როგორც მშვიდ ტონებს, რომელთაც მწუხარებისა და გულგრილობის გამომხატველად მიიჩნევენ.

ფერებს სიმბოლური მნიშვნელობებიც აქვს:

  • წითელი: ვნება, აღელვება, სიყვარული.
  • ვარდისფერი: ნაზი, თავშეკავებული, მიწიერი.
  • იისფერი: იდუმალი, კეთილშობილი, მომხიბვლელი.
  • ლურჯი: სიბრძნე, იმედი, გონიერება, მშვიდობა.
  • მწვანე: ბუნება, ზრდა, განახლება.
  • ყვითელი: იმედი, სიხარული, საფრთხე.
  • სტაფილოსფერი: სითბო, სიკეთე, სიხარული.
  • თეთრი: სიმართლე, გულგრილობა.
  • შავი: კეთილშობილი, იდუმალი, ცივი.

ამ მხრივ საინტერესოა ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც 30 ქვეყნის 5 000-მდე მონაწილეს მოიცავდა და შეისწავლიდა, რა შეგრძნებებს უკავშირდებოდა ადამიანებისთვის კონკრეტული ფერები. კვლევის თანახმად:

  • შავი 51%-ისთვის მწუხარებას უკავშირდებოდა.
  • თეთრი 43%-ისთვის შვებას.
  • წითელი 68%-ისთვის სიყვარულს.
  • ლურჯი 35%-ისთვის შვებას.
  • მწვანე 39%-ისთვის კმაყოფილებას.
  • ყვითელი 52%-ისთვის ბედნიერებას.
  • იასამნისფერი 25%-ისთვის სიამოვნებას.
  • ყავისფერი 36%-ისთვის ზიზღს.
  • სტაფილოსფერი 44%-ისთვის ბედნიერებას.
  • ვარდისფერი 50%-ისთვის სიყვარულს.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ამ შედეგების თანახმად, ფერებისა და ემოციების ასოციაციები უნივერსალური მახასიათებლების მქონეა. ამ საერთო მნიშვნელობებმა კი უდიდესი როლი შეიძლება შეასრულოს კომუნიკაციაში… 

ახლა კი მთავარი კითხვისკენ გადავინაცვლოთ — რას ამბობს ჩვენ მიერ არჩეული ფერი ჩვენსავე იმიჯზე?

საერთოდ ამბობს თუ არა შეძენილი პროდუქტის ფერი რაიმეს ჩვენს პიროვნებაზე?! როგორც იუწყებიან, იმ იმიჯზე ზემოქმედებს, რომელიც გსურთ, საზოგადოებაში გქონდეთ. ფერთა პრეფერენციები, დაწყებული ტანსაცმლით და დამთავრებული მანქანით, ხშირად განაცხადია იმისა, თუ როგორ გვსურს, რომ სხვა ადამიანებმა აღგვიქვან. არჩევანზე კი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორებიც ასაკი და გენდერია. 

როგორც ამბობენ, ახალგაზრდებს ნათელი, ყურადღების მარტივად მისაპყრობი ფერები ურჩევნიათ, ხოლო როცა იზრდებიან, უკვე უპირატესობას ტრადიციულ ფერებს ანიჭებენ. მყიდველის პერსონალური მახასიათებლები კი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ფერთა არჩევანზე, თუმცა აქ ფასი და პრაქტიკულობაც საყურადღებოა… ხოლო ზოგადი მაჩვენებლები აი, ასე გამოიყურება:

თეთრი — სისუფთავესა და სიახლეს უკავშირებენ, ხშირად ახალგაზრდულობისა და თანამედროვეობის საჩვენებლად მიმართავენ.

შავი — ძლიერ ფერად აღიქვამენ, სწორედ ამიტომ არის პრემიუმ სექტორში ყველაზე პოპულარული, ადამიანები მას ხშირად აღწერენ, როგორც სექსუალურ, ძლიერ და იდუმალ ფერს. 

ვერცხლისფერი — მესამე ყველაზე გავრცელებული ფერია მანქანებში და მას ინოვაციურობასა თუ თანამედროვეობას უკავშირებენ. მაღალტექნოლოგიური პროდუქტებიც ხშირად ვერცხლისფერია, რის გამოც თანამედროვე, ახალ და ინოვაციურ ტონად აღიქმება. 

წითელი — თამამი, ყურადღების მარტივად მისაპყრობი ფერია, შესაბამისად, თუ ამგვარი მანქანის ყიდვას გადაწყვეტთ, ძლიერ და თავდაჯერებულ იმიჯზე მიუთითებთ.

ლურჯი — სტაბილურობისა და უსაფრთხოების ტონად აღწერენ, ამგვარად, ლურჯი მანქანის ტარება მიანიშნებს, რომ დამოუკიდებელი და სანდო ხართ. 

ყვითელი — ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, ყვითელი მანქანის ტარებით ბედნიერ ადამიანად წარმოჩინდებით, რომელსაც რისკებზე წასვლა უყვარს. 

ნაცრისფერი — ხოლო ადამიანებს, რომლებიც ნაცრისფერ მანქანებს მართავენ, არ სურთ სხვებისგან გამოირჩეოდნენ.

გამოდის, შეძენილი პროდუქტის ფერი საკმაოდ ბევრ ინფორმაციას გასცემს ჩვენი პიროვნების შესახებ… 

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ეთჰოუმი“ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

Boxette-ის მარკეტინგს ეკატერინა ებანოიძე უხელმძღვანელებს