in

გახდი ფლორისტი! – ფლორისტიკის სკოლა ამელი 1 ნოემბრიდან ახალ ნაკადს მიიღებს

უკვე ერთი წელია, რაც “ყვავილების მაღაზია ამელი” ფლორისტიკის შემსწავლელ კურსებს ატარებს. ფლორისტიკის სკოლა მსურველებს ყვავილებთან ურთიერთობას, მათი ღონისძიებებისთვის ან ბიზნესისთვის გამოყენებას ასწავლის. 2019 წლის ბოლო ნაკადს სკოლა ნოემბერში უმასპინძლებს. მანამდე კი ჩვენ ყვავილების მაღაზია ამელის დამფუძნებლებს ნუკა ჩოხელსა და სალი წილოსანს გავესაუბრეთ:

M: საიდან გაჩნდა ფლორისტების სკოლის შექმნის იდეა და როდის განხორციელდა პირველად?

ნ.ჩ: შარშან, ნოემბერში საქართველოში სულ პირველებმა გავაკეთეთ ფლორისტიკის შემსწავლელი კურსები – სრული პროგრამით იმისთვის, რომ რეალურად ადამიანს ფლორისტიკასა და ყვავილების დეკორში თემა არ დარჩეს, რომელსაც არ შეეხება. იდეა იქიდან გამომდინარე გაგვიჩნდა, რომ თავად ჩვენ მუდმივად ფლორისტების ძიებაში ვიყავით. დღესასწაულებსა და ღონისძიებებზე კადრების დამატება შეუძლებელია ხოლმე, ამიტომ ამელიმ საკუთარი კადრების ბაზის შექმნა გადაწყვიტა. წელს მეორე გაფართოებული მიღება გვქონდა ოქტომბრის თვეში და 1 ნოემბრიდან 2019 წლის ბოლო ნაკადს მივიღებთ. ახლა სწორედ აპლიკანტების შერჩევა მიმდინარეობს.

M: რა არის ფლორისტების სკოლა? რას სთავაზობს ეს სკოლა მისსავე მოსწავლეებს? 

ს.წ: პროგრამა სრულად ამზადებს კადრს ფლორისტიკის სფეროში საქმიანობისთვის. კურსის დამთავრების შემდეგ, შეუძლიათ გახსნან ყვავილების მაღაზია, დაიწყონ ღონისძიებების გაფორმება და თავისთავად, თუკი ამ ცოდნის ბიზნესში გამოყენებას არ ფიქრობენ, ყვავილებთან თავიანთი ურთიერთობა ჰობის სახელით, მაგრამ უკვე პროფესიონალურად განაგრძონ. მეორე ნაკადში გვყავდა ექიმი, ბუღალტერი, მომღერალი, მუსიკოსი, დიასახლისი, უცხო ენების სპეციალისტი. ჩვენ არ გვაქვს ასაკობრივი შეზღუდვა და ამიტომ ეს კურსი ყველასთვისაა, ვისაც ახალი პროფესიის შესწავლა, ან უბრალოდ კვირაში ორჯერ სასიამოვნო საღამოს გატარება სურს.

M: თქვენს პროგრამას გადავხედეთ და 3 მოდულს სთავაზობს ეს სკოლა საზოგადოებას, მოგვიყევით ამ მოდულების შესახებ..

ს.წ: გადავწყვიტეთ, რომ მოკლე პროფილების შესწავლის შესაძლებლობაც უნდა მიგვეცა აპლიკანტებისთვის და ამიტომ სრული 1 თვიანი კურსის პარალელურად გამოვაცხადეთ მოკლე – 2 კვირიანი სკოლები: გახდი ფლორისტი და ისწავლე ივენთის დიზაინი.

M: როგორ ხდება მიღება? რაიმე შეზღუდვა ხომ არ გაქვთ დაწესებული?

ს.წ: მიღების აუცილებელი პირობა ჩვენთან გასაუბრებაზე შეხვედრა და თქვენი მოტივაციის გაზიარებაა. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა მოლოდინი აქვს სტუდენტს კურსისგან, ჩვენც დეტალურად ვაცნობთ მათ პროგრამას და გასაუბრების მერე ირკვევა, რამდენად ნაყოფიერი იქნება ჩვენი ერთობლივი სასწავლო პროცესი. შერჩევის მთავარი კრიტერიუმი მათი მოტივაციაა – ვირჩევთ მათ, ვისაც ძალიან უნდა ამელის სკოლაში სწავლა.

იმისთვის კი, რომ გასაუბრებაზე აპლიკანტი მოხვდეს, აუცილებელია გადავიდეს ბმულზე და შეავსოს საკუთარი მონაცემები.

M: როგორ ფიქრობთ, რას აძლევს/მისცემს ეს სკოლა მოსწავლეებს?

ნ.ჩ: ფლორისტიკის ტექნიკებისა და პრინციპების გარდა, ჩვენ მათ ვუზიარებთ ყველაზე ძვირფასს – გამოცდილებას და კონტაქტებსაც კი. ჩვენ ამ სფეროში, სრულიად განსხვავებული პროფესიის მქონე ადამიანები, 5 წლის წინ მოვედით და რეალურად ეს ცოდნა და გამოცდილება მხოლოდ საკუთარი შეცდომების ხარჯზე მოვიპოვეთ. მაშინ გაცილებით ადვილი იყო თავის დამკვიდრება და საკუთარი ხაზით პოზიციონირება. მაგრამ მოგვიანებით, ბაზარი გაიზარდა, გაჩნდა ბევრი ახალი მაღაზია და ივენთკომპანია. ამიტომ, ვფიქრობთ, სფეროს განვითარებისთვის ყველაზე კარგი, რაც ამ ეტაპზე ამელის შეუძლია, გააკეთოს, ახალი კადრების სპეციალიზირებაა.

M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ნ.ჩ: სკოლა აუცილებლად გაგრძელდება მეოთხე მიღებით 2020 წლიდან. გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე უკეთესი, დახვეწილი პროგრამით და მეთოდოლოგიით. მაგალითად, თუკი ახლა ვორქშოფს 1 მენტორი ჰყავდა, შეიძლება, შემდეგ ნაკადზე 3-მა ფლორისტმა ერთდროულად ასწავლოს და სტუდენტები ყველა ლექციის თემას სამი განსხვავებული ფლორისტის ხედვით გაეცნობიან. სფეროს ინტერესი უდავოდ დიდია და გვიხარია, რომ მოჭრილი ყვავილების ბიზნესში ამელის ნოვატორული იდეა – ფლორისტიკის შემსწავლელ კურსებთან დაკავშირებით სხვა მაღაზიებმაც გაიზიარეს და დღეს ისინიც სთავაზობენ სხვადასხვა ტიპის შემსწავლელ პროგრამებს.

“არ აქვს მნიშვნელობა, რითი მოყვები, მთავარია რას და როგორ მოყვები” – თინათინ ჯაბანაშვილი #თაობა

აბუ დაბიში მსოფლიოს პირველი AI უნივერსიტეტი იხსნება