in

ამელი – „ყვავილების მაღაზიობანა“, რომელიც დიდ ბიზნესად იქცა

Startauperi
Startauperi

თავიდან მხოლოდ ხუმრობა იყო – ყვავილების მაღაზიობანა, ახლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, შრომა და სურვილია, რომ მუდმივად განვვითარდეთ და ბაზარზე ლიდერობა შევინარჩუნოთ. წლების განმავლობაში, ყვავილების ყიდვა ჩემი ყოველდღიური ჩვევა იყო. ძირითადად, ადგილობრივ ყვავილებს ვყიდულობდი გარემოვაჭრეებისგან. წარმოდგენა არ მქონდა, რომ შესაძლებელია იმპორტირებული ყვავილი ყოველდღიურად ახალ მდგომარეობაში გქონდეს სახლში და ტკბებოდე იმ ნაირსახეობებით, რომელიც აქამდე არასოდეს გენახა. ძირითადი სამსახურის პარალელურად, სულ მინდოდა კერძო საქმიანობა დამეწყო, თუმცა ვერ ვხვდებოდი, თუ ამას ბიზნესის სახელი ექნებოდა. ამელის შექმნის იდეა დათო კუპატაძეს გაუჩნდა და იმწამსვე შეგვიყვარდა მე და სალი წილოსანს. დღეს, ამელის მისიაა დანერგოს ყვავილის ჩუქების ყოველდღიური წესი ადამიანებში. მას სჯერა, რომ მოულოდნელად გაგზავნილ ან სახლში მოტანილ ყვავილს განუსაზღვრელი სიხარულის ჩუქება შეუძლია.

მომხმარებელს რომ მალე შეუყვარდებოდა ამელი, პირველსავე კომუნიკაციაში ჩანდა. ძალიან მალე, 3-5 დღეში, ამელის სოციალური მედიის გვერდები ათასზე მეტი გამომწერით დაიტვირთა და წლის ბოლოს, 100 000-ს გადასცდა. პირველ 3-4 თვეში, პირველი კორპორაციული დამკვეთების გამოჩენისთანავე ვიგრძენით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, ის, რომ ეს იყო ბიზნესი და არა ხუმრობა – მეორე მხარეს იყვნენ ჩვენი პარტნიორები, კომპანიები, რომლებიც პატარა სტარტაპს ენდნენ და არ გვქონდა იმედგაცრუების უფლება. გამარჯვების შეგრძნება სტარტაპერის პროგრამამ მოგვიტანა. სტარტაპერი იყო პირველი საჯაროდ აღიარებული წარმატება. პირველ დაჯილდოებაზევე, ამელი ხალხის რჩეული ბიზნესი გახდა და ამან დიდი სიხარული მოგვანიჭა.

ამასობაში, უკეთ გავიცანით ბიზნესის ინდუსტრია, ადამიანების საჭიროებები, მათი ხასიათი. ეს ძალიან დინამიკური და განვითარებადი პროცესია. საინტერესოა იმის ყურება, რომ ბიზნესის ზრდის პარალელურად, შენც ვითარდები და მუდმივად ცდილობ არ დაკარგო საწყისი წერტილი. ეს ბიზნესი იმიტომ არის წარმატებული, რომ შენ (სალის, ნუკას, დათუნას) გგავს და თუ ამ კავშირს დაკარგავ და განაზოგადებ, ან შენ შეიცვლი მასთან დამოკიდებულებას, მომხმარებელი დაუყოვნებლივ იგრძნობს.

ჩემი და სალის ცხოვრება ნამდვილად იყოფა ორ ეტაპად – ამელიმდე და მის შემდეგ. ძალიან დიდი სიამოვნებაა ამ ბიზნესის კეთება საყვარელ ადამიანებთან ერთად. მომხმარებლის ცხოვრებაში კი, ამელი პირდაპირ ასოცირდება სიხარულის მინიჭებასთან და  შესაძლებლობასთან, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია საყვარელი ადამიანის გახარება.

მალე, ამელი 7 წლის ხდება და უკვე დიდი ხანია, სტარტაპის სტატუსით აღარ არის.

#სტარტაპერი5წლისაა

„თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულის მხარდამჭერია

რა გვიქმნის მოტივაციას?