ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიხედვით, დასაქმებული პირები საგადასახადო შეღავათებსა და კომპენსაციებს მიიღებენ. თვითდასაქმებულებისა და დაქირავებული პირებისთვის განსხვავებული პროცედურებია. დეტალებზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა.
საგადასახადო შეღავათებსა და კომპენსაციებს დასაქმებულთა თუ თვითდასაქმებულთა რამდენიმე ჯგუფი მიიღებს.
საგადასახადო შეღავათი ეკუთნის დაქირავებით დასაქმებულს, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კერძო კომპანიის თანამშრომელს, რომელიც იღებს ხელფასს და ეს თანხა არ აღემატება 1 500 ლარს. ასეთი ადამიანები, [ყოველი კალენდარული თვის განმავლობაში], საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან.
„საგადასახადო შეღავათის მაქსიმალური ოდენობა, თითო ადგილზე 150 ლარია, საშეღავათო პერიოდი კი 2020 წლის 1 მაისიდან – 6 თვე. წესი საკმაოდ მარტივია: დამქირავებელი 2020 მაისი – ოქტომბრის თვეებში გადახდილ ხელფასზე საშემოსავლოს გაანგარიშებას ახალი წესის მიხედვით განახორციელებს, რომლის დეკლარირებაც მომდევნო თვის 15 რიცხვამდე მოხდება. [ანუ] დამატებითი ღონისძიება დამქირავებელს არ სჭირდება – ის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ასახავს 750 ლარამდე გაცემულ თანხას 0%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აქვე მინდა აღვნიშნო, თუ ასეთ დასაქმებულებს სხვა შეღავათიც აქვთ, (შშმ პირთა, მარტოხელა დედის სტატუსის და ა.შ.) ორივე შეღავათით ისარგებლებენ.
ამ შეღავათით სარგებლობისთვის თავად დასაქმებულს არაფრის გაკეთება არ უწევს. პრინციპში, ეს შეღავათი, უფრო დამსაქმებლისთვისაა, რომ მას ჰქონდეს საშუალება, მაქსიმალურად შეინარჩუნოს კადრები.
პირები ვინც დასაქმებულები იყვნენ ან არიან, მაგრამ ხელფასი აღარ ერიცხებათ, მიიღებენ 6-თვიან კომპენსაციას, თვეში 200 ლარს (სულ 1 200 ლარი). ამ დახმარებას მიიღებს ის, ვინც პანდემიის კრიზისის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს, უხელფასო შვებულებაში გაუშვეს ან კომპანიას უბრალოდ აღარ აქვს საშუალება, ხელფასი გადაუხადოს. კომპენსაციების გაცემა 2020 წლის მაისიდან დაიწყება, აპრილის თვეში შრომის ანაზღაურების გარეშე დარჩენილი პირებისთვის.
„კომპენსაციას მიიღებენ ის პირები, ვისაც 2020 წლის პირველ სამ თვეში ერთხელ მაინც აქვთ აღებული ხელფასი და მომდევნო თვეებში ვეღარ იღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას დამქირავებელი აწვდის საგადასახადო ორგანოს, ყოველი თვის 15 რიცხვამდე და სასურველია ეს იყო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციასთან ერთად, ელექტრონულად, გადამხდელის პირადი გვერდიდან [ ავსებს RS.GE-ზე განთავსებულ მარტივ ელექტრონულ ფორმას] წარმოადგენს იმ პირთა სიას, რომლებსაც ხელფასი, ერთხელ მაინც აქვთ აღებული 2020 წლის პირველ კვარტალში. პირველი საკომპენსაციო თვე იქნება აპრილი. მინდა ვთქვა, რომ წარსადგენი დოკუმენტაცია არის მინიმალური, დამსაქმებელი ავსებს ფორმას, სადაც წერს დაქირავებულის სახელს, გვარს, პირად ნომერს, საკონტაქტო მონაცემებს და საბანკო რეკვიზიტებს. ყოველი თვის 20 რიცხვამდე წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, კეთდება საკომპენსაციო პირების ერთიანი ბაზა, რომელიც ეგზავნება დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს და იქიდან ხდება თანხების ჩარიცხვა“.
ანტიკრიზისული გეგმით, 300 ლარიან ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ თვითდასაქმებული პირებიც. ამ ჯგუფში შედიან ფიზიკური პირები, ვინც იღებდნენ შემოსავალს ეკონომიკური საქმიანობით. ოღონდ თავად არ უნდა იყოს დამსაქმებელი. თუ დამსაქმებელია, საგადასახადო შეღავათი ეკუთნის და არა ერთჯერადი კომპენსაცია. კიდევ ერთი დეტალი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ – თვითდასაქმებულები ორ კატეგორიად იყოფიან – შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული (სხვადასხვა ფორმით რომ იხდიან გადასახადს) და არარეგისტრირებული პირები.
„მიმდინარე წლის მაისიდან იწყება ამ კომპენსაციის გაცემა. შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირებისთვის არ იქნება საჭირო არანაირი დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენა შემოსავლებთან დაკავშირებით. ისინი უბრალოდ შეავსებენ ელექტრონულ განაცხადს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე .
რეგისტრირებულ თვითდასაქმებულთა კატეგორია 5 ჯგუფად იყოფა [გადასახადების ტიპის მიხედვით]:
- მცირე ბიზნესის სტატუსი მქონე მეწარმე პირები – მათი სტატუსის იდენტიფიცირება ხდება 2020 წლის პირველ კვარტალში [იანვარი, თებერვალი, მარტი] წარდგენილი საშემოსავლო დეკლარაციის და საკონტროლო – სალარო აპარატის გამოყენებული ჩეკების მიხედვით. თუ ერთხელ მაინც აქვთ წარდგენილი დეკლარაცია ან ერთხელ მაინც აქვს სალარო აპარატზე ამორტყმული ჩეკი, უპრობლემოდ მიიღებენ ამ კომპენსაციას.
- მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან ბაზრობის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაშიც განმსაზღვრელი იქნება 2020 წლის პირველ სამ თვეში წარდგენილი დეკლარაცია ან სალარო აპარატზე ამორტყმული ჩეკი. ასევე დამაკმაყოფილებელია, ბაზრობის ორგანიზატორებისგან წარდგენილი სია [კომპენსაციის მისაღებად საკმარისია ამ სამი დოკუმენტიდან ერთ-ერთი].
- პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას, მაგალითად, თონეები, სილამაზის სალონები, ავტოტექმომსახურების ცენტრები. მათ შემთხვევაში საკმარისი იქნება მხოლოდ რეგისტრაციის სტატუსი, რომ მიიღონ კომპენსაცია.
- მიკრობიზნესის სტატუსი მქონე, პირები, რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან. ესენი არიან პირები, რომელთა შემოსავალი არის 30 000 ლარამდე და არ აქვთ სალარო აპარატის ქონის ვალდებულება. მათთვის მიკრობიზნესად რეგისტრაციის სტატუსი საკმარისი იქნება, რომ კომპენსაცია მიიღონ.
- ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც ზემოჩამოთვლილ არც ერთ ჯგუფში არ შედიან. მათი იდენტიფიცირების საშუალება იქნება 2020 წლის პირველ აპრილამდე წარმოდგენილი 2019 წლის საშემოსავლო დეკლარაცია ან სალარო აპარატზე თუნდაც ერთხელ მაინც ამორტყმული ჩეკი“.
შეგახსენებთ, რომ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე. ხოლო ვინც შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული არ არის, მათ იდენტიფიცირებას ფინანსთა სამინისტრო ვერ მოახდენს. ამიტომ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ფორმას ასევე თან უნდა დაურთონ შემოსავლის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი – შესყიდვის აქტი, ან მიღება – ჩაბარების აქტი. შესაძლოა ეს იყოს საბანკო ამონაწერი, სადაც ჩანს შემოსავლის წარმომავლობა, ან მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობა [რომ მას გაუწია მომსახურება] და ა. შ.
„მაგალითად, ბაზრობის დახლზე მოვაჭრე არარეგისტრირებულმა პირებმა, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, უნდა წარადგინონ ბაზრობის ორგანიზატორის ცნობა, [რომ ნამდვილად იქ მუშაობენ]. თუ ადამიანს დასახლებული პუნქტიდან მუნიციპალიტეტში ან მუნიციპალიტეტებს შორის გადაჰყავს მგზავრები, შეუძლია წარმოადგინოს მუნიციპალიტეტში გაცემული ცნობა, რომელიც დაადასტურებს მის საქმიანობას. [მუნიციპალიტეტები იძლევიან ამ ცნობებს]. იმ პირებმა, ვისაც ბავშვები დაჰყავთ საჯარო სკოლებში, უნდა წარმოადგინონ ავტოსადგურის ორგანიზატორის ცნობა [ცნობა ავტოსადგურის ადმინისტრაციისგან] ან მომსახურების დოკუმენტი [მიღება – ჩაბარება, ან სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, მის საქმიანობას]. იმ პირებმა, ვინც აქირავებენ უძრავ ქონებას ელექტრონულ პორტალებზე [airbnb, booking.com], უნდა წარმოადგინონ საბანკო ამონაწერი, სადაც გამოჩნდება მიღებული შემოსავალი და მისი წარმომავლობა. ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ არარეგისტრირებული პირები, რომლებიც არც ერთ ამ კატეგორიაში არ ხვდებიან, მაგალითად, ამზადებენ და ჰყიდიან სუვენირებს, კვების ობიექტებში აბარებენ თავისსავე დამზადებულ ან სოფლის მეურნეობის პროდუქტს. მათ უბრალოდ უნდა წარმოადგინონ პირველადი საგადასახდო დოკუმენტი, რომლითაც ხდებოდა ანგარიშსწორება, – შესყიდვის აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი. ამ დოკუმენტების მოპოვება არავის გაუჭირდება, რადგან იურიდიულ პირს [ვისაც პროდუქტი მიჰყიდეს ან მომსახურება გაუწიეს] აქვს ვალდებულება, 3 წელი შეინახოს ეს დოკუმენტი“.
როგორც ლაშა ხუციშვილმა თქვა, რეგისტრირებული თვითდასაქმებულები კომპენსაციას, განაცხადის შევსებიდან, 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებენ, რადგან მათ იდენტიფიცირებას დრო არ სჭირდება. რაც შეეხება არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულებს, რომლებიც ელექტრონულ განაცხადთან ერთად, შემოსავლების დამადასტურებელ დოკუმენტსაც წარადგენენ, კომპენსაციას, მოთხოვნის დაფიქსირებიდან, 24 დღის განმავლობაში მიიღებენ.
„რადგან ამ დოკუმენტაციას, სამუშაო ჯგუფთან ერთად ვიხილავთ. 2 კვირის განამავლობაში სიას წარვუდგენთ უწყებათაშორის კომისიას. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 10 დღის ვადაში მოხდება თანხის ჩარიცხვა“.
Update:დასაქმებულები, ვინც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის თუ ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში იყო და პანდემიის გამო, სამსახური დაკარგა, კომპენსაციას მიიღებენ – 6 თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარი. ინფორმაცია კი, მათ შესახებ, უნდა დაადასტუროს დამქირავებელმა.
საქართველოს მთავრობის 314-ე დადგენილების მიხედვით, დაქირავებული პირს 2020 წლის პირველი სამი თვიდან, რომელიმე ერთ თვეს, მაინც უნდა ჰქონდეს ანაზღაურება ჩარიცხული. ასევე ფიქსირდებოდეს, რომ 2020 წლის 1 ივნისამდე შეუწყდა ან შეუჩერდა „შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან ან/და დამქირავებლისგან არ იღებს ხელფასს“.
„კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით, პირის საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 30 რიცხვისა. ამასთან, მაისის 21-დან 30 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ინფორმაციების მიხედვით, კომპენსაცია გაიცემა არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
„დამქირავებელი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში, დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი შესაბამისი თვის 20 რიცხვის ჩათვლით, ხოლო მაისში – დამატებით 30 რიცხვის ჩათვლით
დადგენილების მოქმედება 2020 წლის 5 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელდება“.