ამ დრომდე მეცნიერებს ფარაონ ამენჰოტეპ I-ის დახვეწილად გახვეული და ყვავილებით მორთული მუმია არ გაუხსნიათ. მისი სახე კვლავ ეგვიპტური ესთეტიკით შექმნილი ნიღბის მიღმა რჩებოდა… დაკრძალვიდან დაახლოებით 3000 წლის შემდეგ მკვლევართა ჯგუფმა პირველად გამოიყენა კომპიუტერული ტომოგრაფია მისი სხეულის ციფრულად გასახსნელად. სწორედ ასე გახდა შესაძლებელი მრავალი ფენის დასკანერება, რათა უფრო ცხადი გამხდარიყო მისი რეალური სახე (როგორც ჩანს, მამას ჰგავდა).
როგორც ირკვევა, ფარაონი გარდაცვალებისას 35 წლის იყო და მისი სიმაღლე 1.69 მეტრს აღწევდა. მკვლევრების თქმით, მას წინადაცვეთაც ჰქონდა ჩატარებული, სხეულს კი 30 ამულეტი და ოქროს მძივების უნიკალური ქამარი ამშვენებდა. ამ უკანასკნელს, შესაძლოა, “მაგიური მნიშვნელობა” ჰქონოდა, თითოეული ამულეტი კი გადაცვლილი ამენჰოტეპის შემდგომ ცხოვრებაში დახმარებას ემსახურებოდა.
საგულისხმოა, რომ ფრანგი ეგვიპტოლოგი გასტონ მასპეროს ხელმძღვანელობით, ჯგუფმა ამენჰოტეპის მუმია ჯერ კიდევ 1881 წელს აღმოაჩინა… იგი რამდენიმე სხვა მუმიასთან ერთად თებეს დასავლეთ სანაპიროზე (დღევანდელი ლუქსორი) მდებარე სამარხში იყო განთავსებული. სამწუხაროდ, 21-ე დინასტიის დროს მძარცველებმა ფარაონის სხეული დააზიანეს. “CT სკანირება ამენჰოტეპ I-ის მუმიის დაზიანების ხარისხს გვიჩვენებს, რომელიც მოიცავდა კისრის მოტეხილობებს და თავის მოკვეთას, მუცლის წინა კედლის დიდ დეფექტს და კიდურების დისოციაციას” — წერენ მკვლევრები ზაჰი ჰავასი და საჰარ სალიმი.
გარდა ამისა, მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ამენჰოტეპ I-ის მუმიის აქამდე შეუსწავლელობამ მათ უნიკალური შესაძლებლობა მისცა. “შევისწავლეთ არა მხოლოდ ის, თუ როგორ იყო იგი თავდაპირველად მუმიფიცირებული და დაკრძალული, არამედ ისიც, თუ რა დაზიანებები მიიღო სხეულმა დროთა განმავლობაში”.
როგორც ყოველთვის, არსებობს მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც სკეპტიკურად უყურებს რაიმე მოვლენას. ამ შემთხვევაში ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მაგრამ არა — გასაოცარი. “მუმიები მთლიანად გაძარცვეს… ასე რომ ახლა არ აქვს ამ ყველაფერს მნიშვნელობა. შესაძლოა, სხვა ფარაონთა მუმიებსაც ჰქონოდათ მსგავსი ქამრები, რომლებიც შემდგომ მოიპარეს” — განმარტავს ეიდან დოდსონი, ეგვიპტოლოგიის პროფესორი.
მართლაც, რთულია იმის გადაჭრის თქმა, რომ ამენჰოტეპ I-ის ოქროს ქამარი უნიკალური და ერთადერთია… თუმცა ფაქტია — ჯერჯერობით ერთადერთია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია ან რომლის მიგნებაც ამ დრომდე შევძელით. ალბათ, ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მის უნიკალურობას, არამედ მთავარი აქცენტი იმაზე უნდა გავაკეთოთ, რომ იგი ჩვენს წარმოდგენებსა და ცოდნებს კიდევ უფრო ამდიდრებს.