6
Sep
2018

„ბორბალი თავიდან არ უნდა გამოვიგონოთ“, ანუ როგორ შეიქმნა Dunkin Donuts, რომელმაც ამერიკელებს ყავის სმის კულტურა შეაცვლევინა

6 Sep 2018

„ბორბალი თავიდან არ უნდა გამოვიგონოთ. პრობლემა, რომელსაც წავაწყდით, ჩვენამდე ვიღაცას აუცილებლად ექნებოდა. ამიტომ, ჯობია, უკვე მიგნებული გამოსავლებიდან საუკეთესო ავარჩიოთ და მოგვარება იქიდან გავაგრძელოთ, სადაც სხვები გაჩერდნენ“, – ამბობდა უილიამ როზენბერგი. ადამიანი, რომელმაც Dunkin Donuts შექმნა და მიაღწია იმას, რომ დღეს America Runs on Dunkin ( ბრენდის ერთ-ერთი კამპანიის სლოგანი).

თუმცა, მან ჯერ „დიდი დეპრესია“ გაიარა. ეს 10 წლიანი პერიოდია ინდუსტრიული ქვეყნების ისტორიაში, როდესაც დაიწყო გლობალური, მასიური ეკონომიკური ვარდნა წარმოებასა და პროდუქტიულობაში. შედეგად, უამრავი ბანკი გაკოტრდა, უმუშევრობამ რეკორდულ ზღვარს მიაღწია, დაიწყო მთლიანი ეროვნული პროდუქტის, ინდუსტრიული წარმოების, ბაზარზე აქციათა ფასების და ზოგადად, ეკონომიკის ზრდის ყველა პარამეტრის ვარდნა. „დიდმა დეპრესიამ“ პიკს 1933 წელს მიაღწია, თუმცა, მისგან, ინდუსტრიული ქვეყნები და მათ შორის ამერიკაც, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გათავისუფლდნენ. სწორედ 1940-იანების მეორე ნახევარში ახალგაზრდა უილიამ როზენბერგმა „Industrial Luncheon Services“-ის გახსნა გადაწყვიტა. კომპანია ბოსტონის გარეუბნებში ქარხნის მუშებს, ყავის შესვენებისთვის, საუზმით ამარაგებდა. თუმცა, ამ საქმეში დამწყები არ ყოფილა. მისი „თინეიჯერობა“ ხომ „დიდი დეპრესიის“ პერიოდს დაემთხვა – მანამდე მამამისს სურსათის მაღაზია ჰქონდა, მაგრამ იმ წლებში დახურვა მოუწია. მაშინ უილიამი მე-8 კლასში იყო, სწავლას თავი დაანება, ჯერ კურიერად დაიწყო  Western Union-ში მუშაობა,  შემდეგ ნაყინის მომმარაგებელ კომპანიაში გადავიდა და 21 წლის ასაკში უკვე გაყიდვების მენეჯერი გახდა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, Industrial Luncheon Services-ის ანგარიშებიდან დაასკვნა, რომ შემოსავლების დიდი ნაწილი ყავისა და დონატების გაყიდვებიდან მოდიოდა. ამიტომ გახსნა მაღაზია „Open Kettle“, სადაც მხოლოდ ამ პროდუქტებს ჰყიდდა. მოგვიანებით, ბრენდისთვის სახელის შეცვლა გადაწყვიტა. კომპანიაში სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავდნენ. ერთ-ერთ შეხვედრაზე, როზენბერგის მრჩეველმა იკითხა: What do you do with the donut? და თავადვე უპასუხა: You Dunk (ჩაწება) the donut into the coffee. ასე გახდა კომპანია Dunkin’ Donuts.

1955 წელს, Dunkin Donuts-ის მე-6 მაღაზიის გახსნის შემდეგ, როზენბერგი მიხვდა, რომ გაფართოების დრო იყო  და ბიზნესის „ფრანჩაიზად“ ქცევა მოინდომა. მან ეს გადაწყვეტილება პირველმა მიიღო. McDonald’s და KFC ჯერ კიდევ არ ფიქრობდნენ ამაზე, რადგან, მაშინ, „ფრენჩაიზინგის“ ხსენება რეპუტაციის შელახვას ნიშნავდა. დაახლოებით, ხუთი წლის შემდეგ, როზენბერგმა საერთაშორისო „ფრანჩაიზის“ ასოციაცია დააარსა.

უილიამ როზენბერგი ხშირად ამბობდა, „ზედმეტად სულელი ვარ იმისთვის, რომ საქმე გავართულო.“ არასოდეს ცდებოდა თანამშრომლების შერჩევისას  და მათი მოსმენაც შეეძლო. „Times“ წერს, რომ როზენბერგი თავისი ავტობიოგრაფიის გამოქვეყნებას დანკინის 1970-იანების სლოგანით, Worth the Trip-ით აპირებდა, მაგრამ რედაქტორმა უფრო თანამედროვე სახელი – „Time to Make the Donuts“ – ურჩია. მოგვიანებით, ეს ფრაზა ბრენდის საკომუნიკაციო კამპანიის ძირითადი მესიჯი, მთავარი პერსონაჟი კი Fred the Baker (მცხობელი ფრედი) გახდა.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=1AA1XDqK8tY[/embedyt]

 

როზენბერგს, 1971 წელს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. კომპანია შვილს გადააბარა, თვითონ ნიუ – ჰემპშირში გადავიდა, ფერმა იყიდა და ცხენების გამრავლება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება არ ჰქონდა, საქმე კარგად ააწყო და, იმ მხარეში, ერთ-ერთი უმსხვილესი მომშენებელი გახდა.

როზენბერგი თვლიდა, რომ ბორბალი თავიდან არ უნდა გამოვიგონოთ. პრობლემა, რომელსაც წავაწყდით, ჩვენამდე, ვიღაცას აუცილებლად ექნებოდა, ამიტომ, ჯობია, უკვე მიგნებული გამოსავლებიდან საუკეთესო ავარჩიოთ და მოგვარება იქიდან გავაგრძელოთ, სადაც სხვები გაჩერდნენ. თუ მის განვლილ ცხოვრებას გადავხედავთ, ნამდვილად ასე შექმნა ბრენდი, რომელსაც  დღეს უკვე მსოფლიოს 36 ქვეყანაში 12 000-ზე მეტი რესტორანი აქვს.

სიცოცხლის ბოლო წლებში როზენბერგმა თავისი ფერმა ნიუ – ჰემპშირის უნივერსიტეტს გადასცა, თვითონ კი ქველმოქმედებას მიჰყო ხელი და, ძირითადად, საავადმყოფოებს ეხმარებოდა.

რიტორიკულ და, ალბათ, ძალიან ბანალურ კითხვაზე, როგორ მიაღწია ასეთ წარმატებას ჩვეულებრივმა ბოსტონელმა ბიჭმა, რომელმაც სკოლა 14 წლის ასაკში მიატოვა, პასუხობდა, რომ ეს შრომისმოყვარეობის, გამბედაობის, სიჯიუტის, რისკისა და საქმის მიმართ სიყვარულის შედეგი იყო: „როცა რაღაცას გულით ვაკეთებ, ვერაფერი შემაჩერებს“.

 

განხილვა