in

American Express – ფურცელზე დაბეჭდილი პირველი ბარათიდან წამყვან ბრენდამდე

American Express გლობალური სახელია, რომელსაც ყველანი ვიცნობთ. ფინანსების სამყაროში ის დომინანტურ როლს თამაშობს და დაახლოებით 133 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. 

istoriebi
istoriebi

თავად ბრენდის ისტორია თითქმის ორ საუკუნეს მოიცავს, ის მუდმივად წინ მიდის, ვითარდება და სამიზნე აუდიტორიის ინტერესების გათვალისწინებით, უახლეს ტექნოლოგიებს აინტეგრირებს თავის სერვისებსა თუ პროდუქტებში. ადაპტაციისა და, საჭიროების შემთხვევაში, ბიზნესმოდელის შეცვლის უნარმა American Express-ს საშუალება მისცა, მრავალი დაბრკოლება გადაელახა და არა უბრალოდ გადარჩენილიყო, არამედ დარჩენილიყო ერთ-ერთ პირველ მოთამაშედ. 

კომპანიის დაარსება

American Express-ს თავმდაბალი სტარტი ჰქონდა – მან დაიწყო საქმიანობა, როგორც ექსპრესფოსტის ბიზნესმა ნიუ-იორკში. თავდაპირველი კომპანია დაარსდა 1850 წლის 18 მარტს, სამი კომპანიის გაერთიანებით, რომლებიც მუშაობდნენ საქონლისა და ძვირფასი ნივთების მიმართულებით. მას სათავეში ედგნენ ჰენრი უელსი და უილიამ ფარგო. 1873 წლისთვის გაერთიანებულ ბიზნესს ერქვა Express Company და მისი საქმეები წარმატებულად მიმდინარეობდა. მან დაიწყო გაფართოება რკინიგზის კომპანიებთან თანამშრომლობითა და პირველი ფულადი გზავნილების ბიზნესის დაარსებით.

1881 წელს, ფარგოს გარდაცვალების შემდეგ, მისი უმცროსი ძმა, ჯეიმს კონგდელ ფარგო გახდა კომპანიის პრეზიდენტი და მომდევნო 33 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კომპანიას. მან შემოიტანა ისეთი ინოვაციები, როგორებიცაა American Express Money Order და American Express Travelers Check. ასევე, მის დროს გაიხსნა პირველი ევროპული ოფისი პარიზში. საერთაშორისო გაფართოება გაგრძელდა ოფისების გახსნით ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის ინგლისსა (1896) და გერმანიაში (1898), ხოლო 1900-იანი წლების დასაწყისში კომპანიამ დაიწყო მომსახურების შეთავაზება არგენტინაში, ბრაზილიაში, ჩინეთში, იაპონიაში, ეგვიპტეში და ინდოეთში.

მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა 1918 წელს, როდესაც აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ ყველა ექსპრესკომპანია American Railway Express Company-ში გააერთიანა. American Express-მა მთელი თავისი გეზი საბანკო მიმართულებისკენ აიღო და იმ დროისთვის ახალ ტურისტულ სერვისებზეც გადავიდა.

პირველი ბარათი – კლასიკა

American Express-ის პირველი ბარათი 1958 წელს გამოჩნდა. ის გამოვიდა, როგორც პრემიუმპროდუქტი და წლიური გადასახადი $6-ს შეადგენდა. თავდაპირველად 250 000 ერთეული გამოუშვეს. ეს იყო ფურცელზე დაბეჭდილი ანგარიშის ნომერი და ბარათის მფლობელის სახელი, თუმცა ერთი წლის შემდეგ კომპანია პლასტიკური ბარათების გამოშვებაზეც გადავიდა.

1960-დან 80-იან წლებამდე American Express-მა დივერსიფიკაცია მოახდინა კომპანიების შეძენით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საინვესტიციო ბანკი, დაზღვევა და გამომცემლობა.

„ოქროს ბარათები” და გაფართოება

1966 წელს American Express-მა ახალი პაკეტი შეიმუშავა, რომელსაც „ოქროს ბარათები” დაარქვა. ის იყო სამომხმარებლო პროდუქტი, რომლითაც ის ადამიანები სარგებლობდნენ, ვისაც ბევრი ხარჯი და დიდი შემოსავალ-გასავალი ჰქონდათ. 

1979 წელს American Express-მა შეიძინა Warner Communications-ის საკაბელო შვილობილი კომპანიის 50%, შექმნა Warner-Amex Satellite Entertainment და მის შემადგენლობაში შედიოდა MTV, Nickelodeon და The Movie Channel, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს საქმე შეიძლება მისთვის წამგებიანი ყოფილიყო, ამიტომ თავისი წილი Viacom-ს მიჰყიდა 450 მილიონ დოლარად.

80-იანი წლები

1980-იან წლებში American Express-მა წამოიწყო მცდელობა გამხდარიყო ფინანსური სერვისების ჰოლდინგული კომპანია და შექმნა საინვესტიციო საბანკო ჯგუფი. 

1987 წელი დრამატული და რთული იყო ფინანსური კომპანიების უმეტესობისთვის და არც American Express იყო გამონაკლისი. საფონდო ბირჟაზე ქაოსი იყო, ბევრი კომპანიის აქციები შერყეული, თუმცა კომპანიამ ამ დროს გამოუშვა ახალი პროდუქტი – Optima Card, American Express-ის პირველი საკრედიტო ბარათი, რომელმაც ორ წელიწადში 2,5 მილიონი წევრი მოიპოვა. 

90-იანები

1990-იანი წლების ბოლოს, ახალი პროდუქტებისა და სერვისების ფართო ხაზის გაჩენით, American Express ლიდერ პოზიციებზე იყო ინდუსტრიის მასშტაბით. 2000 წელს კომპანია შეუერთდა მსოფლიო ელექტრონული კომერციის თაღლითობის დაცვის ქსელს, კოალიციას, რომელიც ეძღვნებოდა ონლაინტრანზაქციების უსაფრთხოების გარანტიას და შემდგომში მომხმარებელთა ნდობის ჩამოყალიბებას ინტერნეტში. 

დღესღეობით American Express არის პირადი, მცირე ბიზნესისა და კორპორაციული საკრედიტო ბარათების წამყვანი კომპანია. ის მომხმარებელს ასევე სთავაზობს სამოგზაურო სერვისებს. ბევრმა არ იცის, რომ ბრენდს თავისი საგამომცემლო ბიზნესიც ჰქონდა, რომელიც აერთიანებს ჟურნალებს: Travel & Leisure და Food & Wine. თუმცა 2023 წელს ის Time Inc.-მა შეიძინა. 

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Missed Calls გარდაცვლილი ადამიანების ხმოვან შეტყობინებებს სამუდამოდ ინახავს

[მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება] „იმის გამო, რომ რაღაც ახალი და განსხვავებულია, უკან არ უნდა დაიხიო“ – თეო ლეჟავა