in

აშშ-ში გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოები გაუშვეს!

ექსპერიმენტს ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს!

ბრიტანულმა კომპანიამ Oxitec,  გარემოსდაცვით სააგენტოსთან (EPA) და ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობით, ფლორიდა-კისზე ნახევარი მილიონი გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღო გაუშვა, რაც ადგილობრივი სისხლისმწოველი და დაავადების გადამტანი კოღოების პოპულაციის განადგურებას ემსახურება.

კოღო Aedes aegypti, რომლის გამოყენებასაც ექსპერიმენტში აპირებენ, ფლორიდა-კისის კოღოების პოპულაციის სულ რაღაც 2-4%-ს შეადგენს, თუმცა კოღოს ნაკბენით გადამდები დაავადებების უმეტესობა სწორედ მას უკავშირდება.

საგულისხმოა, რომ კომპანიამ უწინ ბრაზილიაში, კაიმანის კუნძულებზე, პანამასა და მალაიზიაში მოდიფიცირებული Aedes aegypti გაუშვა, რამაც 90%-ით შეამცირა ადგილობრივი A.aegypti-ს პოპულაცია. თავის მხრივ, ამან ისეთი დაავადებების გავრცელების პრევენციაზე იქონია გავლენა, როგორებიცაა ზიკა, დენგე, ჩიკუნგუნია და ყვითელი ცხელება…

Oxitec-ის წარმომადგენლების თქმით, ლეტალური OX5034 გენის მატარებელი მამალი კოღოები, რომლებიც ადამიანებს არ კბენენ, დედალ კოღოებთან შეწყვილდებიან და შთამომავლობას ამ გენს გადასცემენ. ეს უკანასკნელი კი, მათ დედალ ნაშიერებს სრულწლოვნების ასაკამდე მიღწევის საშუალებას არ მისცემს. კომპანიას თუ დავუჯერებთ გენმოდიფიცირებული კოღოების გამრავლების პარალელურად, საგრძნობლად შემცირდება დაავადებების გადამტანი მდედრი კოღოების პოპულაცია, საბოლოოდ კი – განადგურდება.

მოდიფიცირებული კოღო OX5034 გენის ორ ასლს შეიცავს, რომლისგანაც შთამომავლობას მხოლოდ ერთს გადასცემს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე სულ უფრო მცირე რაოდენობის გენის მატარებელი კოღო იქნება, ვიდრე სრულიად არ გაქრება ის.

საბჭომ დაასკვნა, რომ ასობით მილიონი გენმოდიფიცირებული კოღოს გაშვება, შესაძლოა, ნაკლებ ხარჯიანი და ეფექტური ვარიანტი იყოს, რადგან კოღოების პოპულაციები დროთა განმავლობაში მდგრადი ხდება პესტიციდების მიმართ.  მიუხედავად იმისა, რომ Oxitec-მა ეს ექსპერიმენტი დაახასიათა როგორც გარემოში ქიმიური პესტიდიცების შემცირების გზა, ფლორიდა-კისის კოღოების კონტროლის საბჭო პესტიციდების გამოყენების შემცირებას არ გეგმავს… მაშინაც კი, თუ ეს ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა, სხვა კოღოების პოპულაციების გასაკონტროლებლად იმავე რაოდენობის პესტიციდების გაშვება იქნება საჭირო.

ექსპერიმენტს გარემოსდაცვითი აქტივისტებისა და ფლორიდა-კისის ადგილობრივი მაცხოვრებლების სახით დიდი მოწინააღმდეგეები ჰყავს. პროტესტის მთავარ მიზეზს ის წარმოადგენს, რომ მოსახლეობას ექსპერიმენტში მონაწილეობაზე უარის თქმის უფლება არ აქვს.
ასევე, ბევრი კითხვა არსებობს იმის შესახებ, ექნება თუ არა გენმოდიფიცირებულ კოღოებს არასასურველი ზეგავლენა ადგილობრივ კოღოებზე, ცხოველებსა თუ ეკოსისტემაზე.
მაგალითად, 2013-15 წლებში ბრაზილიაში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა, რომლის ფარგლებშიც ჯერ OX513A გენის, შემდეგ კი, OX5034 გენის მატარებელი კოღოები გაუშვეს, აჩვენა, რომ კოღოების ნაწილი შეჯვარდა და გენეტიკური ჰიბრიდების ახალი პოპულაცია შექმნა, რომლებიც ველურ პირობებშიც თავისუფლად არსებობდნენ.
მართალია, ამ ჰიბრიდულ შთამომავლებს არ გააჩნდათ მომაკვდინებელი გენი, მაგრამ მათ ჰქონდათ კუბური და მექსიკური კოღოების პოპულაციის გენები, რომლებიც გენმოდიფიცირებული კოღოების შესაქმნელად გამოიყენეს. იმისათვის, რომ საზოგადოებას იმავე ინციდენტის განმეორების შიში არ ჰქონდეს, მეცნიერების თქმით, შესაბამისი ცხადი კვლევების გამოქვეყნებაა საჭირო.

უბრალოდ, ჩაკი დამიძახე – ჩაკ რულო! [ვიდეო]

„ფოლადის სახლი“ – ევროპული სტანდარტების სამშენებლო მასალების ქართული საწარმო