ახალი წელი ახლოვდება და უკვე იმ რეკლამების ყურებასაც ვიწყებთ, რომლებიც სადღესასწაულო განწყობით გვავსებს. თუმცა უნდა ვაღიაროთ, კამპანიების თბილი და სიყვარულით სავსე სიუჟეტების წინასწარმეტყველება ძალიან მარტივია, რასაც ამჯერად ვერ ვიტყვით ამერიკულ „წითელ ჯვარზე”. მიუხედავად იმისა, რომ აქაც კამპანია ბავშვსა და მისი ოცნებების ირგვლივ ტრიალებს, იგი სულაც არ მთავრდება ისე, როგორც სხვა ახალი წლის რეკლამები…
„პატარა გოგონა თოვლში“ BBDO-ს სარეკლამო სააგენტომ მარტინ სტერლინგის რეჟისორობით შექმნა იმ გოგონაზე, რომელიც თოვლზე ოცნებობს… ალბათ, ფიქრობთ, რომ მან ოცნება აისრულა, რაზეც ჰაერში მბრუნავი ფანტელებიც მოწმობს, მაგრამ როგორც კი იგი ამ ფანტელს ხელის გულზე დაიდებს, მიხვდება, რომ ეს რაღაც ძალიან შორს არის მისი ოცნებისგან — თოვლი კი არა, მეზობლის სახლის ფერფლია, რომელიც ცეცხლშია გახვეული…
რობერტ დანინოს, BBDO New York-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელის თქმით კი, სააგენტოს სეზონური რეკლამებისთვის ახალი სახის მიცემა სურდა, რათა ხალხის მოლოდინებისთვის გაესწრო და შეეხსენებინა, რომ „ყველა სადღესასწაულო ამბავი ერთნაირი არ არის“.
სწორედ ამიტომ, ამბობენ: „კატასტროფები არ ისვენებს დღესასწაულის დროს“. ამერიკული წითელი ჯვრის შეფასებით, ათიათასობით ოჯახს შეეხება მსგავსი რამ, ის კი ყოველთვის მზად იქნება, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად…აქვე, უნდა აღვნიშნოთ, რომ კამპანიას საერთაშორისო ორგანიზაცია შემოწირულობების გასაზრდელადაც იყენებს, რათა საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობების განხორციელება კვლავ შეძლოს.