პროდუქტიულობის ახალი აპლიკაცია Amie უჩვეულო კითხვით „დაიბადა“: როგორი იქნებოდა Google Maps, თუკი მას მუსიკის მასწავლებლად შექმნიდნენ? შეიძლება სულელურად ჟღერდეს, მაგრამ სწორედ ამაზე ფიქრით მიაგნო დენის მიულერმა არსებულ პროდუქტიულობის აპლიკაციებში ხარვეზს. მან ბაზარზე უამრავი კალენდარი, სამუშაოების სია და დასაგეგმი პროგრამა ნახა — უბრალოდ, ძალიან ცოტა აერთიანებს ყველა ფუნქციას ერთად. ამის ფონზე, Amie-ის შექმნას ოთხი წელი მოანდომა, რათა „ცხოვრების ციფრული დიზაინი“ შემოეთავაზებინა.
მარტივად რომ აღვწეროთ, Amie აერთიანებს სრულ კალენდარს, სამუშაოების სიას და ელ.ფოსტის სერვერს. ამ ძირითადი ფუნქციების გარდა, აპლიკაციაში ინტეგრირებულია ისეთი სერვისები, როგორებიცაა Notion, Zoom და Spotify. მაგალითად, შეგიძლიათ ნახოთ, რას უსმენდით ნებისმიერი დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ცხადია, ეს საქმიანი კუთხით რაღაც დატვირთვას არ ამსუბუქებს, უბრალოდ მორიგ სასიამოვნო ასპექტს სძენს ყოველდღიურობას.
ამავდროულად, სფოთიფაის წარმატებული ინტეგრაციის შემდეგ, მიულერმა Apple Health-თანაც დაიწყო თანამშრომლობა. შედეგად, Apple Watch-ის მფლობელებს საშუალება ეძლევათ, ყოველდღიური ჩანაწერები შეინახონ ძილისა და ვარჯიშის რუტინის შესახებ; ასევე, დააკვირდნენ, როგორ იცვლება მათი გულისცემა დღის განმავლობაში (თუნდაც სტრესული შეხვედრების დროს).
მიუხედავად ხშირი განახლებებისა და გაფართოებისა, მიულერი აღნიშნავს, რომ მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის მარტივი, მეგობრული დიზაინის შენარჩუნებაა. თანაც თითოეულ ინდივიდს შეუძლია Amie-ზე საკუთარი გამოცდილების პერსონალიზება იმ ფუნქციების მაქსიმალურად გაზრდით, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ.
ამჟამად Amie-ის გუნდი მორიგ განახლებებზე მუშაობს — უამრავი ახალი პროტოტიპის დამატებაზე; მათ შორის ინსტრუმენტების, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, საკუთარი ყოველდღიური ჩვევები მეტად აკონტროლონ. „გეგმების კალენდარში გადატანა მათ გარდაუვალ შესრულებას არ ნიშნავს, მაგრამ მჯერა, რომ გეგმის შედგენას დიდი ძალა აქვს“, — აღნიშნავს დენის მიულერი.