in

Ammolitlab – ადგილი, სადაც შეგიძლია, მიმართულება მისცე შენს ხედვებს ხელოვნებაში


პანდემია ცალსახად ცუდი მოვლენაა, მაგრამ, ვინ იცის, მერამდენე სტატიას ვწერთ იმ ადამიანებზე, რომლებმაც სწორედ ამ პროცესში შექმნეს რაღაც ახალი.. კონკრეტულად ახლა კი ერთ საინტერესო ჯგუფზე “ამოლიტლაბზე” უნდა გიამბოთ, რომელმაც საქმიანობა 2021 წლის მარტში დიდი ენთუზიაზმით დაიწყო.

ჯგუფის საქმიანობა მრავალმხრივია – დღეს რომ რაჭაში ნახოთ, შეიძლება, ხვალ სვანეთში იპოვოთ, თუმცა, მათი რეალური მიზანი ხელოვანი ადამიანების მოძიება, მათი დაახლოება და კოლაბორაციაა. მათ სურთ, აითვისოთ ისეთი ადგილები, რომელთა ათვისებაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელი ჩანს. ამოლიტლაბს სურს, ფოტოხელოვანმა მხატვრის ხატვის პროცესს ადევნოს თვალი, გრაფიკოსმა ფოტოხელოვანის მუშაობას და ა.შ მოკლედ, მისი მიზანია, ხელოვანები ერთმანეთთან მუშაობის საფუძველზე გაიზარდონ და, ამასობაში, დიდი პროექტების შემოქმედებიც გახდნენ.

უფრო დეტალურად, ამოლიტლაბის თანადამფუძნებელს, სალომე გვარამიას ვესაუბრეთ:

M: პირველ რიგში, დეტალურად გვიამბეთ, როდის ჩამოყალიბდა, რის საფუძველზე და ვის მიერ ამოლიტლაბი და საიდან გაჩნდა საერთოდ იდეა შექმნილიყო ეს ჯგუფი/მოძრაობა?

პანდემიის პერიოდში, ორმა მეგობარმა, რომლებმაც ერთმანეთი ნაკანი-მამასახლისის ფოტოსკოლაში გავიცანით – Sallien-მა (სალომე გვარამია) და Mejiqo-მ (სალომე ჯიქური) გადავწყვიტეთ, ყოველდღიური რუტინა გაგვემრავალფეროვნებინა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ცხოვრება უმეტესად დისტანციურ რეჟიმზე, ინტერნეტ პლათფორმებზე გადაეწყო, სურვილი გაგვიჩნდა, ჩვენი იდეები სოციალური ქსელით მიგვეწვდინა იმ სეგმენტისთვის, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა ხელოვნებით. მეგობრებმა შევქმენით ინსტაგრამზე გვერდი, სადაც ვეძებდით და ვაგროვებდით ნიჭიერ ფოტოგრაფებს, გრაფიკოსებს, მხატვრებს და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. ჩვენი ერთ-ერთი აღმოჩენაა ფოტოგრაფი და მუსიკოსი მარიამ ბიწაძე (Bitsudzi), რომელიც გახდა ჩვენი გუნდის წევრი და ახლა უკვე Bitsudzi-სთან ერთად ვართ სამნი, ვინც უშუალოდ ვაორგანიზებთ საერთო პროექტებს.

ჩვენი გვერდი შეიქმნა კოლაბორაციული მიზნებისათვის და ჩვენი სურვილი იყო, რომ ხელოვან ადამიანებს გაეცნოთ ერთმანეთი, აღმოეჩინათ ახალი ინსპირაციები, გაეცვალათ ერთმანეთისთვის გამოცდილება, გაეზიარებინათ საკუთარი სტილი, სამყარო და შემდეგ უკვე შეექმნათ საერთო პროექტები.

M: ივლისში უკვე გადადგით პირველი ნაბიჯები – გვიამბეთ, რითი დაიწყეთ, როგორ დაიწყეთ და რა დაიწყეთ..

მეგობრები უქმეებზე ჩამოვედით რაჭაში, ონში, კერძოდ სასტუმრო “ორიონში”, სადაც შევთავაზეთ სასტუმროს გარე ფასადის განახლება და მისი რაჭულ მოტივებზე მოხატვა. ამ საქმეში ჩავრთეთ ამოლიტის მთავარი მხატვარი jokonda (თორნიკე მელიქიძე). პირველმა პროექტმა ჩაიარა წარმატებით, რასაც მოჰყვა დიდი გამოხმაურება ჩვენი ლაბის მიმართ. ეს იყო ჩვენთვის დიდი გამოცდილება – ბევრი დაბრკოლება გადავლახეთ, მოკლე დროში ძალიან სწრაფად გავიზარდეთ და გუნდის წევრებმა ერთმანეთი უკვე სამუშაო გარემოში გავიცანით, რამაც უფრო მეტი სტიმული მოგვცა, ერთად გვეკეთებინა სხვა პროექტებიც. ონის შემდეგ გადავინაცვლეთ Magnetic Fest-ზე, შოვში. ორი ძველი სახლი განვაახლეთ, გადავაქციეთ ArtHouse-ად, რომელთა ექსტერიერის ვიზუალურ მხარეზეც იზრუნა Jokonda-მ (თორნიკე მელიქიშვილი) და Wise-მა (ილია ძაძამია). ამ პროექტში ჩავრთეთ უკვე ამოლიტლაბში გაერთიანებული მხატვრები (ანა მაჩაიძე, სანდრო ფაჩუაშვილი, ნიკა ჯიბლაძე, ნიკა კვაჭანტირაძე, დათუნა ბარნაბიშვილი) და ერთ-ერთ სივრცეში შევთავაზეთ ფესტივალის სტუმრებს ამ ადამიანების ნამუშევრები გამოფენის სახით. გამოფენასთან ერთად, წარმოდგენილი იყო სპეციალურად Magnetic-სთვის დამზადებული ნეონ ინსტალაციებიც. ნეონ ინსტალაციებთან ერთად, ვიზუალისთვის იყო გამოყენებული სტენსილის ტექნოლიგიებიც. ფესტივალის ფოტო და ვიდეო მასალაზე იზრუნა ამოლიტ ლაბის გუნდის წევრმა Bitsudzi-მ (მარიამ ბიწაძე).

ჩვენს გუნდში ასევე არიან ზურა აბზიანიძე და დემეტრე დარჩია, რომელებიც უზრუნველყოფენ ჩვენი დიდი პროექტების ვიზუალურ მხარეს განათებიის კონტექსტში, რაც ხელს გვიწყობს, გავხადოთ ჩვენი ხმაურიანი ამბები ბევრად კოსმოსური და მისტიური.

M: რატომ “ამოლიტლაბი”?

ხელოვნებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ოქროს კვეთა, რომელიც ხელოვანს ეხმარება, შექმნას ზუსტი კომპოზიცია. ოქროს კვეთის ანალოგიური ვიზუალი გააჩნია ამოლიტს, რომელიც, როგორც მინერალი, ააქტიურებს შემოქმედებითობას, აძლიერებს თვითგადარჩენის ინსტინქტს და ნებისყოფას. ამოლიტის ქვა კარგია ისეთი ადამინებისთვის, ვინც ცხოვრებაში მუდმივად ეძებს და შეისწავლის. ამოლიტის ფორმა არის სპირალური, რომელიც ასევე სიმბოლურია – ის მუდმივად განვითარებასთან და ძიებასთან ასოცირდება; სწორედ ეს ამოძრავებს ჩვენს გაერთიანებას.

ძალიან საინტერესო დამთხვევაა ჩვენი პირველი რეგიონალური პროექტი რაჭაში, რადგან საქართველოს მასშტაბით მხოლოდ აქ მოიპოვება ეს მინერალი.

M: რა ბერკეტი გაქვთ საიმისოდ, რომ რეგიონში არსებული არტისტები იპოვოთ და წარმოაჩინოთ – ანუ, როგორ პოულობთ და როგორ წარმოაჩენთ მათ საქმიანობას?

იმისათვის, რომ აღმოვაჩინოთ სხვადასხვა არტისტი, მივმართავთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, რათა წარმოვაჩინოთ კონკრეტული რაიონის შემოქმედები. გარდა ამისა, ჩვენი სოციალური მედია აქტიურად მუშაობს ამ ადამიანების მოძიება-დაინტერესებაზე. ამ მომენტში, მოცემული რესურსით, არსებულ სეგმენტს თავიანთი შემოქმედებების რეალიზებასა და პოპულარიზაციას ვთავაზობთ მხოლოდ სოციალური მედიის დახმარებით, თუმცა, ჩვენს სამომავლო გეგმებში მთავარ პრიორიტეტად გვესახება მათი როგორც პერსონალურ, ისე კოლაბორაციულ გამოფენებსა და ღონისძიებებში ჩართვა. მათში ვგულისხმობთ: მხატვრებს, ფოტოგრაფებს, გრაფიკოსებს, მუსიკუსებს, მსახიობებს, მოქანდაკეებს, კინემატოგრაფებსა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს.

ილია ძაძამია (Wise)

M: თქვენი საქმიანობა, მგონი რომ, ბევრ სირთულეს მოიცავს – გვიამბეთ უკვე გადახდენილ და სავარაუდო სირთულეებზე მომავალში..

გამომდინარე იქიდან, რომ თავიდანვე დიდ პროექტებს შევეჭიდეთ, უამრავ სირთულეს წავაწყდით. არ ვიცოდით, საიდან დაგვეწყო. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ბოლომდე ირწმუნა ჩვენი იდეის და დაგვეხმარა მის საფეხურებრივად დაყოფაში. რეალურად, ის ყველა პროექტის თამდევ სირთულეებთან ერთად იდგა ჩვენ გვერდით. ეს ადამიანი არის ჩვენი დიდი მეგობარი, კურატორი, მედია ხელოვნების პლატფორმის in between conditions-ის ( inbetween.media) თანადამფუძნებელი, ვატო ურუშაძე.

1. ნიკა კვაჭანტირაძე, 2. სანდრო ფაჩუაშვილ, 3. ნიკა ჯიბლაძე, 4. დათუნა ბარნაბიშვილი, 5. ანა მაჩაიძე

მიუხედავად იმისა რომ გვაქვს უძილო ღამეები, სტრესული სიტუაციები, ფორსმაჟორები, ჩვენი გუნდი ძალიან მობილიზებულად ართმევს თავს ყველა სირთულეს, ვფიქრობთ, რომ მთელი კოსმოსი და ყველა იმ ადამიანის ძალა გვეხმარება, მივაღწიოთ იმ მიზანს და დავდოთ ის შედეგი, რაც ჩვენს ძირითად იდეას გაამართლებს.

აქვე გვინდა, ამოლიტლაბის სახელით, მადლობა მოვუხადოთ “კაპაროლს” და მის წარმომადგენელს, ზურა ჭუმბურიძეს, რომელიც ჩვენი საქმიანობის დასაწყისშივე საღებავებით დაგვეხმარა.

თორნიკე მელიქიძე (Jokonda)

M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სამომავლოდ ვგეგმავთ საქართველოს ყველა რეგიონის ათვისებას. თუმცა, ჩვენთვის პრიორიტეტული საზრუნავი ამ მომენტში არის შტაბ-ბინა დედაქალაქში – სივრცე, სადაც ხელი შეგვეწყობა, ვიმუშაოთ სტაბილურ გარემოში, მოვაწყოთ შეხვედრები, ფორუმები, ბრეინშტორმინგები, ვორქშოპები, სადაც მოვიწვევთ წამყვან არტისტებს და ვიმუშავებთ სამომამვლო თუ მიმდინარე გეგემებზე.

უკვე დამტკიცებულ პროექტებს რაც შეეხება, ავითვისეთ ზემო რაჭის, მანგლისის, საგურამოს, ნატახტარისა და თბილისის ლოკაციები.

ჩვენი გუნდის წევრები:

სალომე გვარამია
სალომე ჯიქური
მარიამ ბიწაძე
ილია ძაძამია
თორნიკე მელიქიძე
ვატო ურუშაძე
გიორგი ბარბაქაძე


დუბაიში მეცნიერებს ხელოვნურად გამოწვეული წვიმის სანაცვლოდ აფინანსებენ

Twitter Space მალე ხმის მანიპულაციების გაკეთების საშუალებას მოგცემთ!