8
ნოე
2018

„ამოჭამე“ წიწაკისა და ხახვის მურაბა

8 ნოე 2018

Startauperi
Startauperi


გსმენიათ წიწაკის ან ხახვის მურაბის შესახებ? როდესმე თუ გიფიქრიათ, რომ მსგავსი პროდუქტებისგან ტკბილეულის მომზადებაა შესაძლებელი? თამარ კიკნაძემ, თინა ვაშაკიძემ და ია ძაგანიამ იფიქრეს ამაზე, მას შემდეგ, რაც კულინარიულ აკადემიაში გაიცნეს ერთმანეთი და „გასტრონომიული აფეთქების“ მოწყობა გადაწყვიტეს. ასე, ბევრი ექსპერიმენტის შემდეგ შეიქმნა „ამოჭამე“, მურაბებისა და ერთი შეხედვით, უცნაური ტკბილეულის კომპანია. ეს იყო 2018 წლის აგვისტოში.

გვინდოდა, განსხვავებული და უნივერსალური პროდუქტის შექმნა. ასე გაჩნდა წიწაკის მურაბის იდეა, რომელმაც ერთ-ერთ კულინარიულ ფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა“, – გვიყვება „ამოჭამეს“ თანადამფუძნებელი, ია ძაგანია.

M: როგორია „ამოჭამეს“ კონცეფცია და რას გამოხატავთ მისი სახელდებით?
„ამოჭამეს“ კონცეფციაა ხელმისაწვდომი, ადგილობრივი და ნაცნობი პროდუქტისგან დელიკატესის შექმნა. გვინდა, მომხმარებელში გასტრონომიული აფეთქების და ბედნიერების განცდის გამოწვევა. გვსურს, რომ ყველამ სიამოვნებით ამოჭამოს ჩვენი პროდუტქი.

M: როგორ, რა ტექნოლოგიის გამოყენებით იქმნება „ამოჭამეს“ პროდუქცია და რა გამოარჩევს მას ქართულ ბაზარზე?
ამოჭამეს მურაბებში გემოები ისეა დაბალანსებული, რომ მოუხდეს და დახვეწოს ყველა კერძი. მაგალითად, წიწაკის მურაბა შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც მთავარ კერძთან, ასევე შოკოლადის ტორტთან, ვანილის ნაყინთან, ან ჩაისთან ერთად. ცალკეული პროდუქტი იქმნება განსხვავებული და ჩვენ მიერ შემუშავებული ტექნოლოგიით.

M: სად შეგვიძლია თქვენი პროდუქციის შეძენა და ამოჭმა?
ჩვენი პროდუქცია შეგიძლიათ ამოჭამოთ მაღაზიებში: „ყველის სახლი“, „მარლეტა“, „მხოლოდ ქართული“ და „ითის“ საკონდიტრო ქსელი. ასევე, რამდენიმე რესტორნის მენიუში შეხვდებით „ამოჭამეს“ მურაბით დამზადებულ კერძებს.
M: რა სახის პროდუქცია გაქვთ ამჟამად და თუ გეგმავთ არჩევანის გამრავალფეროვნებას?
ამ ეტაპზე, გაყიდვაშია წიწაკის მურაბა და ხახვის მურაბა, მალე დაემატება კივის და წიწაკის მურაბა და ასევე, სხვადასხვა ტკბილეული. საახალწლოდ, ვაპირებთ ყველა არსებული პროდუქტის გაერთიანებას, ჯადოსნურ სასაჩუქრე შეფუთვაში.
M: რა გეგმები აქვს „ამოჭამეს“ სამომავლოდ?
ვგეგმავთ, ჩვენი პროდუქციის დიდ ქსელურ მაღაზიებში შეტანას, „ამოჭამეს“ მურაბების ესქპორტზე გატანას და ქართული ნაწარმის პოპულარიზაციას.

განხილვა