16
May
2019

#ამოეწერე ნიშნავს – ამოეწეროთ დაწუნებული პროექტების ავტორების რიგებიდან

16 May 2019

ხანდახან ასეც ხდება: ბევრს წვალობ, შრომობ, ქმნი რაღაც შენთვის განსაკუთრებულს, თუმცა, რატომღაც იგი სხვისთვის განსაკუთრებული არ აღმოჩნდება ხოლმე.. წყალში ჩაყრილი შრომის ამბავი ისაა, რაც ალბათ ყველას განგვიცდია. ყველაფერი ეს კი ხშირად ჩვენში მოტივაციის შესუსტებას იწვევს. ნაშრომები, რომლებიც ვერ ნახულობენ დღის სინათლეს, არ შეიძლება, რომ დაკარგულად მივიჩნიოთ – ასე ფიქრობს ლიკა კეშელავა, გოგონა, რომელიც ახალი წამოწყების #ამოეწერე-ს ავტორია.

#ამოეწერე ნიშნავს – ამოეწეროთ დაწუნებული პროექტების ავტორების რიგებიდან. კიდევ ერთხელ გამოამზეუროთ თქვენი ნამუშევრები და აღმოაჩინოთ ის, ვისაც ისინი მოეწონება. მინიმუმ კი – თქვენ იყოთ კმაყოფილი იმით, რომ თქვენ მიღმა არ დატოვეთ ეს ნამუშევრები. 

თუ რა გახდა ლიკა კეშელავასთვის #ამოეწერეს შექმნის ინსპირაცია, ამ კითხვაზე მან ამგვარი პასუხი გაგვცა:

“იყო ერთი პროექტი, რომელზეც სამმა დიზაინერმა იმუშავა. თუმცა, შემდეგ ერთი მათგანის ნამუშევრები არ გამოიყენეს. ერთი შეხედვით, ლაითად ჟღერს, თუმცა კი, ძალიან დიდი შრომა იდო ამ ნამუშევრებში და დასანანია, რომ ეს შრომა წყალში ჩაეყარა ჩემს მეგობარსა და კოლეგას. სწორედ ამიტომ, გამიჩნდა პროტესტის გრძნობა და გადავწყვიტე, რომ რაღაც უნდა მექნა. ჩემი უმთავრესი მიზანი ირაკლის ნამუშევრების ჩვენება იყო, იმიტომ, რომ მგონია, ბევრი იშრომა და თან კარგად, საინტერესოდ იშრომა..”

შემდეგ უკვე სხვებზეც დაფიქრდა.. დაფიქრდა, რომ სხვებსაც ექნებოდათ მსგავსი მომენტები, როცა უკვე გაკეთებულ საქმეს გიწუნებენ და მანამდე გამუშავებენ.. სწორედ ამიტომ, ყველაფერ ამას გამოწვევის სახე მისცა.

“მოკლედ რომ ვთქვათ, მინდოდა ირაკლის ნამუშევრების ჩვენებით სტარტი მიგვეცა გამოწვევისთვის “ამოეწერე”, რომლის ფარგლებშიც სხვებიც გვაჩვენებდნენ თავიანთ ნამუშევრებს, რომლებზეც გული სწყდებათ, მოსწონთ, ბევრი იშრომეს და მერე უბრალოდ სანაგვეში გადაგდება მოუწიათ..”

ჰეშთეგი #ამოეწერე ის სიტყვაა, რომლის ქვეშაც ნებისმიერი “დაწუნებული ავტორი” შეიძლება გაერთიანდეს. და სანამ ეს ავტორები ამ სიტყვას მიაგნებენ, მანამდე გთავაზობთ ირაკლი ანთიძის დაწუნებულ ნამუშევრებს:

განხილვა