in

ადგილი, სადაც დასვენებასთან ერთად, ოჯახური ურთიერთობების ჰარმონიზებაცაა შესაძლებელი – ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრი

მეექვსე წელია, რაც თელავიდან 10 კილომეტრში, სოფელ ბუშეტში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრი ფუნქციონირებს – ადგილი, სადაც ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ დასვენებასთან ერთად, ოჯახური ურთიერთობების ჰარმონიზებაცაა შესაძლებელი. მისი შემქმნელები მამა-შვილი – შალვა და პაატა ამონაშვილები არიან. ფსიქოლოგ შალვა ამონაშვილის სახელს უკავშირდება პირველი ექსპერიმენტული სკოლის არსებობა, მრავალი რეფორმა განათლების სისტემაში და რაც მთავარია, პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში ახალი მიმდინარეობის – ჰუმანური პედაგოგიკის შექმნა. აკადემიკოსის საქმიანობა 18 წელია სცდება საქართველოს საზღვრებს, მას შემდეგ, რაც ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრები შეიქმნა, აღნიშნული მიდგომის დანერგვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გახდა შესაძლებელი. რა არის ჰუმანური პედაგოგიკა?

ჰუმანური პედაგოგიკა არის მიმდინარეობა პედაგოგიკურ და ფსიქოლოგიურ სფეროში, რომელიც ჩამოაყალიბა შალვა ამონაშვილმა და საკმაოდ ფართო გამოხმაურება და განვითარება ჰპოვა ამ მიდგომამ მრავალ ქვეყანაში. აღნიშნული მიმდინარეობა ეფუძნება პედაგოგიკის კლასიკოსების ნაშრომებს და ასევე, თანამედროვე ფსიქოლოგიურ კვლევებს, ბავშვთან მიმართებაში. ამ მიდგომის არსი მდგომარეობს შემდეგში – პირველ რიგში, ვაყალიბებთ ჰუმანური პედაგოგიკის მტკიცე საფუძველს, ფუნდამენტს, რაც არის უპირობო სიყვარული ბავშვის მიმართ. რაც ნიშნავს, რომ ბავშვს აქვს განცდა, რომ ის უყვართ, მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა დააშავოს. ამის შემდეგ, ვითვალისწინებთ, რომ ბავშვს აქვს შინაგანი, ფსიქოლოგიური და გადაულახავი ლტოლვები, მისწრაფებები. ეს არის, მაგალითად, მისწრაფება ვითარდებოდეს ბავშვი, განიცადოს დიდობის შეგრძნება, ან ლტოლვა – განიცადოს თავისუფლება. ბავშვის შინაგან მისწრაფებებს ვეფუძნებით და ვცდილობთ, ისინი გამოვიყენოთ, როგორც მისი მოტივაცია“, – გვიყვება პაატა ამონაშვილი.

მწერალი, ფსიქოლოგი და მსოფლიოში 100-ობით სკოლის პროგრამის შემქმნელი პაატა ამონაშვილი, რამდენიმე წელია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მშობლებისა თუ მასწავლებლებისთვის, მამასთან ერთად, სპეციალურ პროგრამებს ატარებს. ქართველი მშობლებისთვის, მსგავსი სემინარები 2018 წლის 21-23 სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. სწორედ ამ დროიდან დაიწყება ჰუმანური პედაგოგიკისა და ქართველი მშობლების ურთიერთობის ისტორია.

ველოდებით ქართველ მშობლებს, რომ ერთად უკეთ ვიფიქროთ, თუ როგორ უნდა ვითარდებოდნენ ჩვენი შვილები. რა შეიძლება ჩვენ, როგორც მშობლებმა გავაკეთოთ ჩვენი ბავშვებისათვის, იმისათვის, რომ ოჯახური ცხოვრება იყოს ჰარმონიული, ბედნიერი და ამასთან, ბავშვები ვითარდებოდნენ კარგად“.

M: რაც შეეხება 9 დღიან პროგრამას უცხოელი მშობლებისთვის..
ეს არის სპეციალური პროგრამა ჰუმანური პედაგოგიკის გასააზრებლად. ამ 9 დღის განმავლობაში, არის საუბრები სტუმრებთან, პრაქტიკული დავალებები. წელს 34 ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსულები. ხშირად, ისინი ჩამოდიან შვილებთან ერთად და მათთვის ცალკე აღმზრდელები გვყავს, რომლებიც მუშაობენ ბავშვებთან, სანამ მშობლები სწავლობენ ჰუმანურ პედაგოგიკას. ამ ზაფხულის განმავლობაში უკვე გვყავდა 7 ჯგუფი და ახლა გვყავს მერვე ჯგუფი, რომლის სემინარებიც 13 სექტემბრამდე გაგრძელდება. თითო ჯგუფში, დაახლოებით, 150-მდე მონაწილეა ხოლმე.

M: სემინარების მიმდინარეობისას რა ტექნიკებს იყენებთ? რა ფორმატში ტარდება შეხვედრები?
სემინარები ტარდება უფროსებთან. მათთან არის როგორც სალექციო საუბრების მსგავსი ფორმატი, ასევე, უფრო დიალოგის ხასიათის. არის ღია კონსულტაციები, რომლის ფარგლებშიც, ვიღებთ კონკრეტულ სიტუაციას, ვსაუბრობთ, როგორ შეიძლებოდა გადაჭრილიყო ესა თუ ის სირთულე. ასევე, გვაქვს როლური თამაშები, რომლებშიც მშობლები გრძნობენ სხვანაირ მიდგომას თავისი შვილებისა და ოჯახის წევრების მიმართ.

M: როგორ მოაწყეთ სივრცე ბუშეტში, სადაც შეხვედრები ტარდება?
სივრცის განვითარება დავიწყეთ საკუთარი ძალებით. მეც და მამაჩემი შალვაც, მთელი ძალებით, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, დაწყებული ოქტომბრიდან და მაისის ბოლომდე, ძალიან ბევრს ვმოგზაურობთ და სხვადასხვა ქვეყანაში ვატარებთ ტრენინგებს ჰუმანურ პედაგოგიკაში. რა თქმა უნდა, გვაქვს ჰონორარები, რასაც ვიყენებთ ჩვენი ცენტრის განვითარებისთვის. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ ეყოფოდა ყველაფერს. გამოჩნდნენ კეთილისმსურველები, რომლებმაც გაგვიწიეს სპონსორული დახმარება და გვიწევენ კიდევაც. ახლა ბუშეტის ცენტრი არის საცხოვრებელი და დასასვენებელი ადგილი საკონფერენციო დარბაზებით, აუზებით. საერთო ჯამში კი, სივრცე 3 ჰექტარ ტერიტორიაზე. აქ არის ყველა პირობა ადამიანების განვითარებისა და დასვენებისთვის.

M: რომელ ქვეყნებშია ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრები განთავსებული?
ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრები არის ათეულობით ქვეყანაში, მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, უკრაინაში, ყაზახეთში, ამიერკავკასიასა და რუსეთში. ეს ცენტრები აერთიანებს რამდენიმე ათეულ ათას მასწავლებელს, რომლებიც ცდილობენ, განვითარდნენ ჰუმანური პედაგოგიკის მიმართულებით და ბოლო დროს, 7-8 წელია, რაც იგრძნობა დიდი ინტერესი მშობლების მხრიდანაც, რომ ისწავლონ აღზრდის ხელოვნება და ჰუმანური პედაგოგიკა გამოიყენონ ყოველდღიურობაში.

M: მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში ყოფილხართ, გისაუბრიათ, როგორც მშობლებთან, ასევე მასწავლებლებთან. როგორც ვიცით, არის აღზრდის 4 ძირითადი სტილი: ავტორიტარული, ავტორიტეტული, ლიბერალური და ინდიფერენტული. რომელია ყველაზე ხშირად გავრცელებული აღზრდის სტილი და თქვენი დაკვირვებით, როგორია კონტრასტი, ამ მხრივ, საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის?
ავტორიტარული არის დომინანტური აღზრდის სტილი, როგორც უცხოეთში, ასევე, საქართველოში. ეს არის ის ფორმა, რომლითაც ჩვენი უმეტესობა გაიზარდა და ასეთი სახის ურთიერთობა გვაქვს ჩვენ ათვისებული, ბუნებრივია, ეს ვიცით ჩვენს შვილებთან მიმართებაშიც და ამიტომ, ძირითადად, გვაქვს მოთხოვნები შვილების მიმართ – გაჩერდი, არ ქნა, იქ არ წახვიდე, ეს არ გააკეთო და ა.შ. ეს არის მითითებები, ხანდახან, მკაცრი სახით, ხანდახან, ალერსიან ფორმას იღებს, მაგრამ მაინც, ეს არის ავტორიტარული მიდგომა. ჩვენი მიზანია, თვითონ გავხდეთ ჰუმანურები ჩვენს შვილებთან და ოჯახის წევრებთან მიმართებაში და ვისაც მოსწონს ჩვენი გამოცდილება, მათთან ერთად ვიფიქრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა განვვითარდეთ.

M: განათლების სამინისტროსთან თუ თანამშრომლობთ, ან თუ არის მათგან თანამშრომლობის სურვილი?
განათლების სამინისტროსთან გვქონდა ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა. გარკვეული ურთიერთგაგება ყოველთვის არსებობდა, თუმცა, მჭიდრო თანამშრომლობაზე ლაპარაკი არასდროს ყოფილა, რომ ვთქვათ, ჩვენი პროექტები განხორციელებულიყო საქართველოში. თუმცა, იმედს არ ვკარგავთ. იქ, სადაც უკრაინაში, ბალტიისპირეთსა თუ ყაზახეთში ასე აქტიურად ვითარდება და პირდაპირ სკოლებში ინერგება ჰუმანური პედაგოგიკის იდეები, იმედს არ ვკარგავთ. იქნებ, მომავალში საქართველოშიც მოხდეს მსგავსი რამ.

“თეგეტა კომფორტი” დროის დასაზოგად! – “თეგეტა მოტორსის” ახალი სერვისი

ვარჯიში, რომელიც გონებას აახალგაზრდავებს