„Amoranza“ ესპანურად სიყვარულს ნიშნავს და სწორედ ამ სიმბოლური დატვირთვით იქცა ღვინის ბრენდის სახელად. ცხადია, ამან ბოთლის ბრენდინგზეც იქონია გავლენა და ერთგვარ „შემოქმედებით“ თამაშს ჩაუყარა საფუძველი.
„გვსურდა, შეგვექმნა დიზაინი, რომელიც ესპანური ცხოვრების სტილის სითბოს და ემოციურ ექსპრესიულობას გამოხატავდა. მუშაობის პროცესში სხვადასხვა გზას დავადექით, რათა თავისუფლების ეს გულწრფელი გრძნობა წინა პლანზე წამოგვეწია. ამავდროულად, აქცენტს ვინარჩუნებდით ღვინის არომატზე“, — განმარტავენ სააგენტო Buddy Creative Ltd-ში.

აქედან გამომდინარე, ერთი იყო ქვეყნის ხასიათზე ფოკუსირება და მეორე — ტკბილი, რბილი ქლიავის, წითელი კენკრისა და თამბაქოს არომატების ბრენდინგში წამოწევა. ასე მიიღეს ვნებასა და ერთგვარ პროვოკაციაზე დაფუძნებული ვიზუალური იდენტობა. „ფუნჯის სქელი მონასმები წყვილს შორის არსებული მძაფრი კავშირის გამოსახატად გამოვიყენეთ. დახეული ეტიკეტი კი ფეთქებადობასა და მოცემულობის ჩახლართულობაზე მიანიშნებს. მჯერა, რომ დიზაინის ეს ელემენტები მძლავრ ვიზუალს ქმნის ღვინის ვნებიანი, რთული ხასიათის გადმოსაცემად“.

გარდა ამისა, ბოთლის ზედა ნაწილსა და თავსახურზეც ვხედავთ გრაფიკულ ნიშნებს, რაც კომპოზიციის სრულყოფას ემსახურება. ხოლო დეგუსტაციასთან დაკავშირებული შენიშვნები უკანა მხარესაა მოცემული, რათა მომხმარებელს გარკვეული წარმოდგენა შეექმნას არომატთან დაკავშირებით. „გვჯერა, რომ მთელი ბრენდინგი სასმლის პიროვნებასთან შერწყმის ზღაპარს გვიამბობს“.













