„ამოსა” თანამედროვე ღვინის ბრენდია. კომპანია 2019 წელს დაარსდა. ბრენდმა თავდაპირველად ოპერირება საექსპორტო ბაზრებისთვის დაიწყო. მას შემდეგ ის ბალტიის ქვეყნებს ქართულ ღვინოს აცნობს. წელს „ამოსა” უკვე ქართულ ბაზარზეც გამოჩნდა და უკვე ბევრ რესტორანსა თუ კაფეშია შესაძლებელი მისი ნახვა. კომპანია თამარ მარკოზაშვილმა დააარსა, მანვე მიიღო ქართულ ბაზარზე შემოსვლის გადაწყვეტილება.
„2021 წელს „ამოსა” 8000 მოსავალში შემოვიდა. ქართულმა ბაზარმა ჩვენი ღვინოები ორგანულად მიიღო, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ მსუბუქი, ავთენტური ღვინოების ხაზი ქართული ღვინის განვითარების ბუნებრივი მიმართულებაა. თანამედროვე მომხმარებლები ღვინის სმის კულტურას ცვლიან და საკუთარ ცხოვრებას არგებენ, რაც დიდი შესაძლებლობაა ჩვენი ტიპის კომპანიისთვის, რომელიც ამ ნიშას ავითარებს. ჩვენი ღვინოები შექმნილია იმისათვის, რომ მარტივად აღქმადი გემოები შევთავაზოთ ყველა ტიპის ღვინის მოყვარულს. არა მხოლოდ მათ, ვისაც ღვინო ესმის და გაწაფულია დაგემოვნებისას სხვადასხვა არომატის იდენტიფიცირებაში, არამედ მათ, ვისთვისაც ღვინის დალევა სიამოვნებაა. ჩვენი ღვინოებით გვინდა ვაჩვენოთ, რომ არ არის საჭირო ღვინის დალევა იცოდე, ღვინო უნდა იგრძნო“, – ამბობს თამარ მარკოზაშვილი, „ამოსას” დამფუძნებელი.

ღვინის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე ძველია მსოფლიოში, თუმცა სიძველისდა მიუხედავად, აქტუალობა არასოდეს დაუკარგავს. თავდაპირველად ღვინო თანაბრად ხელმისაწვდომი იყო ყველა სოციალური კლასისთვის, თუმცა შემდგომში წარმოების ხარჯების გამო, უფრო არისტოკრატიულ სასმელად გადაიქცა. ღვინო ყოველთვის ასოცირდებოდა ტრადიციებთან და მეღვინეობაც ყოველთვის დაფასებული და საპატიო მიმართულება იყო. თავადები მუდმივად იწონებდნენ თავს თავიანთი საგვარეულო ღვინით. თანამედროვე ინდუსტრიულმა წარმოებამ, რა თქმა უნდა, ეს მოცემულობა შეცვალა და დღეს ხარისხიანი ღვინო ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მომხმარებლისთვის.

„ქართული ღვინის განვითარებაზე ინდუსტრიულმა წარმოებამ დიდი გავლენა მოახდინა, თუმცა საბჭოთა კავშირის გამო მისი განვითარება ბუნებრივად არ მომხდარა. აქცენტი კეთდებოდა რაოდენობაზე, მინიმალურ დანახარჯზე და არა მომხმარებლის პრეფერენციებზე, როგორც თავისუფალ ბაზარზე. შედეგად მივიღეთ, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ქართული ღვინის ცნობადობა მაღალია, თუმცა პერცეფცია არასწორი. ქართული ღვინო აუცილებლად იაფიან და ტკბილ ღვინოსთან ასოცირდება. მსოფლიო ღვინის განვითარების ტენდენცია კი სხვაგანაა – მსუბუქი, არომატული ღვინოები ახალგაზრდებში სულ უფრო პოპულარულია და ბაზარზე ასეთი ტიპის ღვინოების წილიც მზარდი. ქართულ ღვინოს კი ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ მსოფლიოს ბაზარზე ეს ნიშა დაიკავოს. სწორედ ესაა ჩვენი განვითარების ხედვაც. ამაზე დავაფუძნეთ ჩვენი ღვინოების კონცეფცია – ვამზადებთ მსუბუქ, გემრიელ ღვინოებს, რომლებიც უხდება ყველა სიტუაციას, უფრო სწორად რომ ვთქვათ, თანამედროვე ცხოვრების სტილს, სადაც ჭიქა ღვინო ჩვეულებრივ, ყოველდღიურ სიტუაციებში ისმევა – საუზმისას, კაფეში მეგობართან, ვახშმობისას, ან თუნდაც მარტო, აბაზანაში ნებივრობისას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი ღვინო ხელმისაწვდომიც იყოს, ამიტომ მალე ამოსას სპეციალურ ხაზს მარკეტებშიც ნახავთ. მე პირადად მიხარია, რომ დროის ცვლილებასთან ერთად ღვინო, რომელიც ქართველებისთვის განსაკუთრებით ფასეულია აქტუალობას არ კარგავს, არამედ პირიქით, ინტერესი მუდმივად იზრდება. ღვინო თანამედროვეობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ყოველდღიურობას უფრო ლამაზს ხდის”, – თამარ მარკოზაშვილი, „ამოსას” დამფუძნებელი.
[პარტნიორის კონტენტი]










